ია აბულაშვილი
19.08.2017

 "მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია, და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მე ყველა როლი ერთანირად მიყვარს", - იტყვის სერგო ზაქარიაძე, კაცი, რომელსაც "ჯარისკაცის მამის" გარდა სხვა როლები რომ არ ეთამაშა, მხოლოდ ამ ფილმით შევიდოდა ისტორიაში.

არადა, როგორც რეჟისორი რეზო ჩხეიძე ამბობდა, სერგო ზაქარიაძეს არ შეეძლო როლის "თამაში", ის მთელი არსებით განიცდიდა თავისი გმირის სიხარულს თუ მწუხარებას და ასე იყო "ჯარისკაცის მამის" გადაღების დროსაც.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფილმში მიღებულ განცდებზე და იმაზე, თუ როგორ "შევიდა" სერგო ზაქარიაძე ამ როლში, რამდენიმე მოგონება, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს. ამაში კი ფილმის რეჟისორ რეზო ჩხეიძის მოგონებები დაგვეხმარება.

რეზო ჩხეიძე: "სულიკო ჟღენტმა სცენარი მომიტანა. მთელი სცენარი ტროლეიბუსში გადავიკითხე. ისე გამიტაცა, უკვე წარმოვიდგინე, ვინ ითამაშებდა მთავარ როლს.

მეორე დღეს მივედი კინოსტუდიაში. სერგო ზაქარიაძე საგრიმიოროში იყო, "ზღვის შვილებში" მთავარ როლს ასრულებდა.

- ბატონო სერგო, ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ, სულიკო ჟღენტმა პატარა სცენარი მომიტანა, ძალიან საინტერესო რამეა, - დავჯექი, დავიწყე ნელ-ნელა სცენარის მოყოლა. ვუყვები სიუჟეტს, იქამდე მივედი, გიორგი მახარაშვილი ჰოსპიტალში რომ მიაკითხავს შვილს.

- მერე, ნახა შვილი? - მეკითხება უინტერესოდ, - მერე ესაა საინტერესო?!

- სცენარი ახლა იწყება - გავაგრძელე, - მამამ გადაწყვიტა, ფრონტზე წასულიყო და მოეძებნა შვილი.

- ყოჩაღი კაცი ყოფილა, - ჩაილაპარაკა და განაგრძო გრიმის კეთება.

ახლა უკვე მთელი ემოციით ვყვები, როგორ ჩაეწერება ჯარში გიორგი მახარაშვილი, როგორ იბრძვის ფრონტზე, როგორ მივიდა ბერლინამდე, ერთ დანგრეულ შენობაში როგორ შემოესმა ქართული სიმღერა...

- ვინ იყო, ვინ მღეროდა? - მეკითხება უკვე ინტერესით.

- თურმე მისი შვილია, გოდერძი. მისი ხმა ამოიცნო-მეთქი.

უცებ დაიძაბა:

- მერე ნახა შვილი? მერე რა ხდება? მითხარი, - უკვე ფეხზე წამოდგა.

- გერმანელები არღვევენ პირობას, იწყება სასტიკი ბრძოლა, ყოველი სროლის შეწყვეტის შემდეგ "შვილო" - ეძახის მამა, შვილიც პასუხობს... ბოლო დაძახებაზე ხმას არ გასცემს, სიჩუმეა, მხოლოდ სროლა ისმის. მამა გრძნობს, რომ რაღაც ხდება. მერე ზემოთ გარბის.

- ე, ბოშო, მითხარი, ნახა შვილი თუ არა, - მითხრა თვალზე ცრემლმორეულმა.

- ნახა, ოღონდ დაჭრილი და ხელში ჩააკვდა, მამამ იქვე დაიტირა შვილი.

- როგორ, კაცო, რას ამბობ, მოკვდა? - და დაიწყო ტირილი... იმ წუთში სერგომ რეალურად გადაიტანა შვილის სიკვდილი", - იხსენებდა წლების შემდეგ რეზო ჩხეიძე.

მთელმა გადამღებმა ჯგუფმა იცოდა, რომ სერგო ზაქარიაძე ამ როლით ცხოვრობდა მთელი გადაღების პერიოდში, ელოლიავებოდა თავის გმირს და ყველაფერს ზედმიწევნით და გულმოდგინედ აკეთებდა.

"გიორგი მახარაშვილი მისი ნაწილი გახდა. ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებდა. ქალამნები შევუკერეთ, მისი ნაბიჯი უფრო მყარი რომ ყოფილიყო. მეწაღეს ფეხსაცმლის ფორმის სქელ ძირს ვაკერინებდით. უჭირდა ასეთი უხეში ფეხსაცმლით სიარული, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ისედაც მყარად დადიოდა, ამ ქალამნებით უფრო მყარად დადიოდა - არ თქვან, მართლაც მოხუცია და დაღოღავსო.

ისე შევიდა როლში, იმდენად იყო ატანილი "შვილთან" შეხვედრის სურვილით, რომ ლამის ქვეშ უვარდებოდა უზარმაზარ ტანკებს. რამდენჯერ შევაჩერეთ გადაღება, სამხედროებს ეშინოდათ, მსახიობი არ გაესრისათ. ტანკები კორიანტელს აყენებდნენ, ბატონი სერგო ამ კორიანტელში დარბოდა და შვილს ეძახდა.

რამდენიმე რეპეტიცია გავიარეთ, ცოტა დავისვენეთ. გადაღებას სანამ დავიწყებდით, სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემთან ერთ-ერთი სამხედრო, ტანკების მეთაური, ლეიტენანტი და მეუბნება:

- მომისმინეთ, უთხარით თქვენს მოხუცს, ასე ახლოს ტანკთან ნუ მოდის. პირდაპირ მუხლუხას უვარდება ქვეშ. გადავუვლი და მერე პასუხისგებაში მიმცემთ. გააფრთხილეთ თქვენი მოხუცი.

მოკლედ, გავაფრთხილე ბატონი სერგო.

- უჰ, კაცო, ეგ რა მიქნია, აღარ ვიზამ ასეო, - შემპირდა.

დავიწყეთ გადაღება და რას არ იზამს? თავით უხტებოდა ტანკებს "გუსინიცაში". მადლობა ღმერთს, რომ კარგად დამთავრდა ყველაფერი.

ერთი სცენაა, მებრძოლებთან ერთად მიწაზე მიხოხავს გიორგი მახარაშვილი. კარგა მანძილი აქვთ დასაფარი. სერგომ ისე სწრაფად, ერთი თვალის დახამხამებაში გაიარა ეს გზა ხოხვით, არადა, 55 წლის იყო მაშინ, ყველაზე ადრე მივიდა ფინიშთან და პირდაპირ კამერაში ჩასძახა "ურაა".

ფილმის დასრულება ძალიან განიცადა, გაუჭირდა საყვარელ გმირთან განშორება.

ფილმი ეკრანზე რომ გამოვიდა, სევასტოპოლიდან წერილი მივიღე: "ჩვენთან პოლიციაში პირი საკუთარი ნებით მოვიდა და დანაშაული აღიარაო. გაკვირვებულებმა ვკითხეთ, შენი ფეხით როგორ მოხვედი, რა არის მიზეზი, გვითხარიო. - "ჯარისკაცის მამა" ვნახე და მივხვდი, რომ ამის მერე პატიოსნად უნდა ვიცხოვროო, - გვითხრა საკუთარი ფეხით მოსულმა დამნაშავემ", - ასე იხსენებდა რეზო ჩხეიძე "ჯარისკაცის მამის" გადაღების ამბებს.

სერგო ზაქარიაძეს "ჯარისკაცის მამამდეც" არ აკლდა პოპულარობა, მაგრამ ამ ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ მისი სახელი მსოფლიომ გაიგო. ყველა ტელევიზია და მასმედია ცდილობდა მასთან ინტერვიუს ჩაწერას, მას კი ძალიან არ უყვარდა, ინტერვიუს რომ ართმევდნენ, ეს იცოდა ყველამ შინ თუ გარეთ.

ჟურნალ "ოგონიოკს" ძალიან უნდოდა, რომ ცნობილ მსახიობთან ინტერვიუ ჩაეწერა და კორესპონდენტ ვადიმ სერგეევს დაავალეს ეს საქმე. რედაქტორს უთქვამს, სასწრაფოდ თბილისში უნდა გაფრინდე და ხელცარიელი ვერ დაბრუნდებიო.

შეწუხდა ჟურნალისტი, იცოდა, რა სირთულეებიც შეხვდებოდა, მაგრამ ინფორმაციის მოძიება პოპულარულ მსახიობზე მაინც დაუწყია. სანდო წყაროს უთქვამს, ფეხბურთი უყვარს, თბილისის "დინამოს" დიდი გულშემატკივარია და არც ერთ თამაშს არ აცდენსო.

სწორედ ამ დროს თბილისის "დინამოს" თამაში აქვს მოსკოვის "ტორპედოსთან". "ოგონიოკის" ჟურნალისტი "ტორპედოს" ფანია. რა ქნას, ინტერვიუ რომ ჩაწეროს, თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი უნდა გახდეს. სერგო ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. ნახა, სად მიდიოდა, გაჰყვა და ორივენი თბილისის "დინამოს" სალაროებთან აღმოჩნდნენ. სტადიონზეც გვერდიგვერდ მოხვდნენ.

დაიწყო მატჩი. სტადიონი გუგუნებს. რამდენი თბილისის "დინამო" შეტევაზე გადავა, წამოხტება სერგეევი და მთელი ხმით ყვირის "მიდი, "დინამო", მიდი, "დინამო". სერგო ზაქარიაძე გაკვირვებული უყურებს თბილისის "დინამოს" რუს გაულშემატკივარს, ბოლოს უთქვამს:

- რა ხდება, კაცო, რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?

აქ კი გაილექსა რუსი ჟურნალისტი:

- რას ბრძანებთ, ვგიჟდები, ისე მიყვარს საქართველო და თბილისის "დინამოო"...

- წამოდი ჩემთან, საქართველოზე შეყვარებულ კაცს უპატივცემულოდ როგორ გაგიშვებო, - სახლში დაუპატიჟია.

გაიშალა სუფრა, სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა, გაიხსნა სერგო ზაქარიაძე და ყვება თეატრზე, ფეხბურთზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. გაგიჟდა ვადიმ სერგეევი, ინტერვიუს კი არა, პოემას დაწერს, იმდენი მასალა დაუგროვდა. ბოლო ყანწი რომ აჯახა სერგო ზაქარიაძემ, მაშინ უთხრა სტუმარმა:

- ბატონო სერგო, არ მიწყენთ, თუ დღევანდელი დღის რეპორტაჟს ჟურნალ "ოგონიოკში" ნახავთ?

სერგო ზაქარიაძეს ყანწი ხელში გაუშეშდა, მერე შეკრული წარბები გაშალა და მაგრად გადაიხარხარა. მოსკოვში დაბრუნებულმა ვადიმ სერგეევმა კი ამ ინტერვიუსთვის პრემია დაიმსახურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×