ია აბულაშვილი
17.08.2017

 "სასწაული - მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს და განა თეატრი კი არ არის სასწაული? როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები იბადებიან?! თეატრი - სასწაულია" - იტყვის დიდი მაესტრო მიშა თუმანიშვილი, რომელმაც ამ სასწაულში მარცხი და ტრიუმფი ერთად იგემა, თუმცა მაინც ბედნიერი იყო, შექმნა თეატრი, პატარა, მაგრამ თავისი თეატრი.

ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ უვლია, ოპერას ეტანებოდა, შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერიდან. ბიძამ მუყაოსგან თეატრი გამოუჭრა და სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. 13 წლის იყო, რუსთაველის თეატრში ახმეტელის "ყაჩაღები" რომ ნახა და ეზოს ყველა კუნჭული "ყაჩაღების" მიზანსცენებით მოხატა. მეზობელი ქალი ბრაზობდა და ნახატებს შლიდა, მეორე დღეს ისევ ხატავდა. ახმეტელი იყო ჩემი თეატრის აღმომჩენიო - ამბობდა. მერვე კლასში შექმნა ახალი თეატრის დიდი მაკეტი, მისეული ხედვით, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი დრამატული თეატრი, ოპერა და ცირკი. ცირკი უყვარდა. მეზობელს დაჰყავდა, ცირკის ორკესტრში რომ უკრავდა.

მერე იყო თეატრალური ინსტიტუტი, ტოვსტონოგოვის კლასი, სტუდენტობის დროს დადგმული სპექტაკლით განცდილი მარცხი; მეგობრებთან ერთად დადებული ფიცი, რომ ახალ ხელოვნებას შექმნიდნენ. "ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინ გასალაშქრებლად, შტამპებისა და ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებზე და საშუალებებზე"- ამ შემართებით შეუდგა გზას ახალი ხელოვნების დასაპყრობად კოტე მახარაძესთან, ბადრი კობახიძესთან, გოგი გეგეჭკორთან, ეროსი მანჯგალაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ელენე ყიფშიძესთან და სხვებთან ერთად.

მერე იყო რეპეტიციები დერეფნებში, ფოიეში, სახლში გვიან ღამემდე, პირველი სპექტაკლით - "ადამიანებო, იყავით ფრთხილად" განცდილი სიხარული; მერე "ესპანელი მღვდელი", "ამბავი სიყვარულისა", "ჭინჭრაქა", "ანტიგონე", "სანამ ურემი გადაბრუნდება"... სცენაზე გასვლა არ უყვარდა, პრემიერის წინ ამბობდა, ეს სამი დღე გადამატანინა, მეტი არაფერი მინდაო. უყვარდა ძველი თბილისი, ვერაზე თითქმის ყველა სახლი, ყველა აივანი იცოდა, სეირნობის დროს აკვირდებოდა, ეძებდა ტიპაჟებს, ხასიათს და სცენაზე გადაჰქოდა. მერე თეატრიდან წავიდა, თუმცა მისი ოცნება მაინც ახდა, გახსნა თეატრი, თეატრი- სახელოსნო.

 "ამ წელიწადს, მთავარია, სტუდია - სახელოსნო თეატრი უნდა შევქმნა! "ახალი ტაძარი, ახალ წესს ითხოვს" - წერს პიტერ ბრუკი, ძალიან ზუსტია! როგორი წესი ექნება ჩვენს სტუდიას? თეატრი რიტუალებიდან უნდა აღმოცენდეს. ჯერ რიტუალი იშვა და მხოლოდ ამის შემდეგ ააგეს მისთვის ტაძარი (თეატრი). როგორი რიტუალი გვჭირდება ჩვენ" - ჩაწერს თუმანიშვილი თავის დღიურში 1976 წლის პირველ იანვარს.

1977 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული ახალი ჩანაწერი და აღფრთოვანება "ვაშა-ა-ა-ა! ჩვენ თეატრი გვაქვს, მალე, სულ მალე გაიხსნება ჩემი თეატრი, როგორი იქნება, ნეტავ?"

მთელ განცდებს ახალ თეატრზე დღიურებში გადმოსცემდა, როგორც ხლოვნებათმცოდნე ლელა ანჯაფარიძე ამბობს, ეს საოცრად დახვეწილი, სანთელივით თხელი, ბუხარივით თბილი და თეატრის ფარდასავით ელეგანტური კაცი.

1978 წელი, 6 თებერვალი. "57 წლისა გავხდი. რატომღაც მილოცავენ, იმის მაგივრად, რომ ერთი დაკარგული წელი მომისამძიმრონ. თუმცა ეს წელი მაინცდამაინც დაკარგული არ იყო - თეატრი შევქმენი! პატარა, მაგრამ ჩემი თეატრი!"

"სიკეთე უნდა ქმნა. ასე მგონია, სტუდიის შექმნით კეთილი საქმე გავაკეთე და რაღაც კარგის შეგრძნება მეუფლება. ვინმემ რომ ნახოს, სპექტაკლისთვის როგორ ემზადებიან ჩემი სტუდიელები, როგორ უყურებენ სანთლის ალს, როგორ ურთიერთობენ მასთან, როგორ განაწყობენ ერთმანეთს სპექტაკლისათვის, როგორ განეშორებიან ყოველივე იმას, რაც ყოველდღიურია, დანალექია, ქუჩისაა, წარმავალი... ცდილობენ, მარადიულს ემსახურონ, რა ლამაზია ეს! ბედნიერი ვარ, როდესაც იქვე, სიბნელეში ვდგავარ და მათ ვუთვალთვალებ".

 "მხოლოდ სცენიური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძალება და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში - აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე".

ეს თამაში სცენაზე 75 წლის ასაკში დასრულდა, თბილისმა ტაშით გააცილა, როგორც რომმა - ანა მანიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×