მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარი დიდი გამოცდაა საქართველოს ისტორიისთვის, მაჰმადიანურ გარემოცვაში მყოფი ქართული სამეფო-სამთავროები ოსმალეთისა და ირანის მარწუხებში აღმოჩნდნენ. კავკასიური გამბიტი მაჰმადიანთა საყვარელი სტრატეგიული თამაშია. და ამ თამაშში ქართველთათვის არსებობის შენარჩუნება იყო მთავარი. ეს არ იყო იოლი საქმე, უმძიმესი პოლიტიკური რეალობისას მხოლოდ ფილიგრანულ დიპლომატიურ სვლებს უნდა მოეტანა რეალური შედეგი.
სწორედ ასე შეუნარჩუნეს მშვიდობა კახეთის სამეფოს ლევანმა და მისმა შვილმა ალექსანდრე მეორემ. მათ თავიანთი მოქნილი პოლიტიკით მოახერხეს არამარტო უცხოელთა შემოსევების თავიდან არიდება, არამედ სამეფოს მოძლიერება.
რა მოუტანა კახეთს უნიკალურმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ
მშვიდობამ თავისი შედეგიც გამოიღო - აღორძინდა მეურნეობა, მევენახეობასთან ერთად განვითარებული იყო მეაბრეშუმეობა და ხელოსნობა. ალექსანდრე მეორის დროს გაგზავნილ ვაჭრებს კახური საქონელი აზიასა და ევროპაში გაჰქონდათ. ეკონომიკურად მოძლიერებული მეფე იერუსალიმისა და ათონის წმიდა ადგილებისთვის შესაწირავსაც ხვავრიელად იმეტებდა. არის ცნობა, რომ სწორედ ალექსანდრე მეორეს განუახლებია ათონის ივერთა მონასტერში "სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი".
კახეთის სიძლიერეს საკმაოდ გამოკვეთილი ადმინისტრაციული წანამძღვარიც ჰქონდა - ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნეში გიორგი მერვემ იზრუნა, რომ სამეფო ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ დაეყო და სადროშოები ეპისკოპოსებისათვის ჩაებარებინა.
ეს ქართლის სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობისაგან სრულიად განსხვავებული მოდელია, თან საკმაოდ ეფექტური, რამდენადაც ეპისკოპოსებს არც ქონებრივი ინტერესი და არც მეფის წინააღმდეგ გამოსვლის საფუძველი არ ჰქონდათ, შესაბამისად, საქმესაც ერთგულად ასრულებდნენ.
მიუხედავად ამისა, სამეფო კარის კულუარებში საკმაოდ დუღდა ვნებები. ბაგრატიონები იმ ვნებებს ვერ მოერივნენ, სამეფო გვირგვინის დაკავებას რომ ახლდა თან - აქ ნებისმიერი რეფორმა უძლური იყო - მეფის შთამომავალთა პრეტენზიებს ზღვარი არ ჰქონდა, მეფის გვირგვინი ერთი იყო - თავად ისინი კი საკმაოდ ბევრნი.
ამბავი ალექსანდრეს საგარეო პოლიტიკური გათვლებისა
საცნაურია ისიც, რომ უფლისწულებს არ გააჩნდათ მენტალურად შემაკავებელი არტახები - კახეთის სამეფო სულ რამდენიმე საუკუნეს ითვლიდა და სამეფო კარი თავად ქმნიდა ტრადიციას, შიდა დაპირისპირება და ოჯახური არეულობაც, სამწუხაროდ, ამ პერიოდის კახეთის სამეფოს ტრადიცია და სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა ჯერ კიდევ ცხრა ათეული წლის წინ, 1511 წელს, როცა ავგიორგიმ მამამისი, მეფე ალექსანდრე მეორე მოკლა, ძმას - დიმიტრის კი თვალები დასთხარა.
თავად ალექსანდრე მეორემაც სისხლიანი გზა გაიარა აღსაყდრებამდე. საქმე ისაა, რომ მამამის ლევანს მეორე ცოლად ჰყავდა შამხალის ქალი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. სწორედ ისინი, ალექსანდრეს ნახევარძმები - ელიმირზონი და ხოსრო მირზა ეცილებიან ალექსანდრეს კახეთის ტახტს ლევანის გარდაცვალების შემდეგ. "იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო მირზა ორივენი ძმანი", - ეს ამონარიდია ბერი ეგნატაშვილის თხზულებიდან.
ირან-ოსმალეთის მუდმივი დაპირისპირების პირობებში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას სძენს ალექსანდრეს, ის ცდილობს, ორივე მაჰმდიანურ მონსტრთან მშვიდობიანი ურთიერთობა შეინარჩუნოს. თან ცდილობს, საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს მაჰმადიანურ სახელმწიფოთა შორის დაპირისპირება.
კონკრეტული წინადადებითაც მიმართა ოსმალეთის ხონთქარს - კახეთის სამეფო კარი მზადაა, გააფორმოს ოსმალეთთან პოლიტიკური მეკავშირეობა, თუმცა ამისთვის ითხოვს ქართლს თბილისის ჩათვლით. ამაზე ოსმალეთი თანახმა არაა - მისთვის, ისევე როგორც ირანისთვის, უფრო ხელსაყრელია დაქუცმაცებული, ერთმანეთს დაპირისპირებული სამეფო-სამთავროები.
ეს უარი პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ აშკარად დაენახა ალექსანდრეს, თუ რა დიდი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა ოსმალეთს კავკასიასთან მიმართებით, სადაც სრულიად ზედმეტ რგოლად რჩებოდა ნებისმიერი ქართული პოლიტიკური ერთეული.
და ამ რეალობაში ალექსანდრემ მაინც შეძლო, გაწონასწორებული პოლიტიკის მეშვეობით, ყოველწლიური მცირედი ხარკის საფასურად შეეჩერებინა კახეთზე ოსმალთა აგრესია.
როგორ ვერ მოერია ალექსანდრე საკუთარი შვილების პოლიტიკურ ვნებებს
მაგრამ ის, რაც საგარეო პოლიტიკაში მოახერხა კახეთის მეფემ, ვერ შეძლო საშინაო არენაზე. შვილებს შორის ვერ ჩამოაგდო მშვიდობა, არადა, სწორედ ეს არეულობის შედეგები დააჩნდება საქართველოს ისტორიას შავ ლაქად.
ალექსანდრეს ოთხი ვაჟი ჰყავს: დავითი, გიორგი, ერეკლე, კონსტანტინე და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი - საქართველოს ისტორიაში ყველაზე ოდიოზური პიროვნების - ლევან მეორე დადიანის დედა.
ძმები თავიდანვე დაერევიან ერთმანეთს, ერეკლე ბატონიშვილს დავითთან კონფლიქტი ჰქონია და ამას გარიდებია თურქეთში, სულთანთან. ეს უნებლიე სვლა საკმაოდ სერიოზულად მიიღო სეფიანმა შაჰ-თამაზმა, რომელმაც იფიქრა, რომ ეს ალექსანდრეს განდგომის ნიშანი იყო, ამიტომაც კახეთზე წამოსულა სალაშქროდ. ალექსანდრემ თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე, მიაგება თამაზს და თან დიდი ძღვენიც აახლა. რაც შეეხება ერეკლე ბატონიშვილის ნაბიჯს, ურჩობით ახსნა და ირანის მბრძანებელს განუცხადა - შენ წინაშე ცოდვა არ მიმიძღვისო.
უკან გაბრუნდა შაჰ-თამაზი, თან ყრმა კონსტანტინე წაიყვანა ირანში. სწორედ კონსტანტინე შეასრულებს რამდენიმე წლის შემდეგ ტროას ცხენის ფუნქციას ძეგამში, 1605 წელს, 12 მარტს.
მანამდე კი ორი ვაჟი შერჩა ალექსანდრეს სიახლოვეს - დავითი და გიორგი. ერთი ბოროტი, მეორე - კეთილი. ამას ბერი ეგნატაშვილი ამბობს. ანალოგიურად ახასიათებს ძმებს ვახუშტი ბატონიშვილი: "ესე დავით იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და სძულობდნენ კახნი, არამედ გიორგი იყო შუენიერ-ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი და ტკბილი ყრმათათვის."
ალექსანდრეც, ბუნებრივია, უკეთეს შვილს ამზადებს სამეფოდ, უკეთესი კი უმცროსი გიორგია, არადა, წესით, ტახტი უფროსს, დავით უფლისწულს ეკუთვნის. ალბათ კონკრეტული მიზეზი ჰქონდა ალექსანდრეს შვილების გამორჩევისა და სწორედ აქ იკვრება ჯაჭვი - მამამისის უნდობლობამაც დაუმატა მრისხანების მარცვალი ისედაც მრისხანე დავითს.
როგორ ავიდა ტახტზე ქეთევან დედოფლის მეუღლე
ეს დავითი ქეთევან დედოფლის მეუღლეა - საოცარი სილამაზისა და სიკეთით შემკული ქალბატონისა. ქეთევანი შვილიშვილია ბაგრატ ბაგრატიონისა, რომლითაც იწყება ბაგრატიონთა მუხრანული შტო; შვილია აშოთან მუხრან-ბატონისა, რომელსაც ათონის წმინდა მთაზე, ივერონის კარიბჭესთან ახლოს მცირე ტაძარი აუგია, შეუმკია და მოუხატვინებია.
სამწუხაროდ, ვერ ანეიტრალებს მომავალი წმინდანი საკუთარი ქმრის პოლიტიკურ ვნებებსა და მრისხანებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც გიორგია მამა აბრამის ბატკანი, ისიც ჩასაფრებულია და შესაფერის დროს უცდის, საკუთარი ძმა ჩამოიცილოს გზიდან.
სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცა თბილისში, სადაც ძმები ერთად სტუმრობენ მამიდაშვილს - ქართლის მეფე გიორგი მეათეს. სტუმრებს ნადიმით დახვდნენ, ქეიფმა რამდენიმე დღეს გასტანა. ერთ დღესაც გიორგიმ იუარა - ვერ წამოვალ საქეიფოდ, წუხელ ღვინომ მაწყინაო. მასპინძლებმა პატიჟით თავი არ გამოიდეს და მარტო დატოვეს, არადა, გიორგის სხვა გათვლები ჰქონია - დავითი დათვრება და მთვრალს იოლად შევიპყრობო. მომხრეებიც დარაზმულან, თუმცა, როგორც ჩანს, არ ყოფილა დავითი ღვთის ანაბარა მიტოვებული, გიორგის განზრახვა ამცნეს მას, როგორც მეფობის კანონიერ მემკვიდრეს.
დავითმა გიორგის დაასწრო, ტყვედ ჩაიგდო და თორღვას ციხეში გამოკეტა, ამას არ დასჯერდა და საკუთარ მამას, ალექსანდრესაც გაუსწორა ძველი ანგარიში - ალავერდის მონასტერში გამოამწყვდია და ძალით ბერად აღკვეცა.
რა მოუტანა კახეთს დავითის ერთწლიანმა მეფობამ
სულ ერთი წელი იმეფა დავითმა, მის მეფობაზე ქართულ წყაროებში საკმაოდ მწირი ცნობებია დაცული. ბერი ეგნატაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ "მოევლინა რისხვა ღმერთისა მამისა უსამართლობითა და მოკვდა." მაგრამ რა იყო ეს რისხვა, არაფერია ნათქვამი.
ამ ამბებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ცნობებია დაცული რუსეთის "პასოლსკი პრიკაზის" ჩანაწერებში. მოვლენების თვითმხილველი რუსი ელჩი, ბერძენი ბერი კირილი დაწვრილებით გამოუკითხავთ მოსკოვში და შესაბამისი ჩანაწერიც გაუკეთებიათ.
ბერძენი ბერის ცნობით, დავითის ერთწლიან მმართველობას კიდევ უფრო დაუმძიმებია სამეფო. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ყოფილან მეფე ალექსანდრესა და უფლისწულ გიორგის მომხრეები, სამაგიეროს გადახდა განუზრახავს დავითს მათთვის და რეპრესიებსაც არ მორიდებია.
ეს ანგარიშსწორების ჩვეული ფორმაა, მსოფლიო ისტორიაში მრავლად შევხვდებით ასეთ განწყობას, თუმცა ერთ კონკრეტულ შემთხვევას განსაკუთრებული რისხვა გამოუწვევია კახეთის სამეფოში. საქმე ეხება ვინმე დიდებულს, ბერძენი ბერი მის სახელსაც უთითებს - "სტოროზანი", სავარაუდოდ, დამახინჯებული ფორმაა კახელი ფეოდალის სახელისა. სწორედ ეს სტოროზანი ამოუღია სამიზნეში დავითს და მისი მოკვლა გადაუწყვეტია. ფეოდალს ხერხი უხმარია და თავი ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუფარებია, წესითა და რიგით, აქ მისთვის ხელი არავის უნდა ეხლო.
ამბავი სტოროზანის ეკლესიაში მკვლელობისა
ეკლესია ის ადგილია, ადამიანს გარკვეულ იმუნიტეტს რომ ანიჭებს. ეკლესიაში ანგარისშწორება, ჩხუბი, მით უმეტეს ადამიანის მოკვლა კატეგორიულად აკრძალულია - ეს წესი ქართულ რეალობაში ათადან და ბაბადან იყო დამკვიდრებული. სწორედ ამ წესის იმედი ჰქონდა სტოროზანსაც.
არად ჩაუგდია მეფე დავითს არც წესი და არც რიგი, საქვეყნოდ ეკლესიაში მოუკლავს ფეოდალი. შეძრწუნებული ხალხი შემთხვევის ადგილას შეკრებილა. ამ ამბავს მალე მიუღწევია ბერად აღკვეცილი ალექსანდრეს ყურამდე, არც კი აღკაზმულა სათანადოდ, ისე მისულა ღვთისმშობლის ტაძართან და უნახავს ის საშინელება, მისმა შვილმა რომ ჩაიდინა. განრისხებულს ქუდი მიწაზე დაუხეთქებია და წყევლით შეუჩვენებია უფროსი შვილი დავითი.
ამ ამბიდან ორიოდე დღე გასულა - ამასაც ბერძენი ბერი კირილე მოგვითხრობს, დავითი ჯერ კბილს შეუწუხებია, მეშვიდე დღეს კი მუცელი გახლეჩია და შიგნეული გადმოსცვენია. ეს 1602 წლის 21 ოქტომბერს მომხდარა.
როგორც შემდგომში ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ასეთი სიმპტომები მიოკარდიუმის ინფარქტს ახასიათებს, ბერი კირილე კი ამბობს - მამის წყევლამ უწია უკეთურ მეფესო.
ალექსანდრემ ბერის კაბა გაიხადა და სამეფო ტახტი ჩაიბარა, თორღვას ციხიდან გაათავისუფლეს უფლისწული გიორგი.
გავა ორიოდე წელი და რუსეთის ელჩები შეიტყობენ აბასის განზრახვას - სეფიანთა მბრძანებელს ალექსანდრე მეფის მკვლელობა აქვს ჩაფიქრებულიო. ეს ამბავი მაშინ მთელ კახეთს მოედო.
მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდება ის, რასაც ყველა ელის. 1605 წლის 12 მარტს ძეგამში გათამაშდება ტროას ცხენის კახურ-ირანული ვარიაციები, შავ ლაქად რომ შემორჩა დღემდე ჩვენი ქვეყნის ისტორიას.