ია აბულაშვილი
05.08.2017

 "საშინლად აღმაშფოთებლი იყო 1924 წლის დამარცხება, მაგრამ საჭირო იყო მოვალეობის მოხდა ისტორიის წინაშე, მტერმაც მოგვცა ამის საბაბი. საქართველოს დაკავების დღიდანვე შეუდგნენ რუსები საუკეთესო მამულიშვილების დევნას, გადასახლებას, დახვრეტას და ქვეყნის დაწიოკებას. ქართველ ერშიც იმავე დღეს დაიწყო ძალების შემოკრება, დარაზმვა და ბრძოლისკენ მზადება.

"ერთ-ერთი ასეთი საშუალებათაგანი იყო პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება. არევ-დარევის შეტანა მტრის ბანაკში. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. მე, როგორც ამ რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, გადავწყვიტე, ზოგიერთი ცნობები მიმეწოდებინა მომავალი თაობისათვის. ჩემი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე, ყველაფერი, რაც მე მინახავს, რისი მომსწრეც ვიყავი პირველივე დღიდან ბოლომდე", - წერს თავის მოგონებებში ალექსანდრე სულხანიშვილი, რომელმაც ლტოლვილობაში ექვს ათეულ წელზე მეტი გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ატარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროშა, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდებოდა.

დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე ამონარიდი, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებიდან, მანამდე კი ერთი ამბავიც გვინდა გავიხსენოთ.

ცნობილი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი გურამ შარაძე ალექსანდრე სულხანიშვილს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სან-ფრანცისკოში ესტუმრა. ბატონ ალქსანდრეს უთქვამს, თუ ვცოცხლობ, მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე ეს დროშა კვლავ ჩემს სამშობლოში ჩავიტანო და თავისუფალი საქართველოს პარლამენტში ავაფრიალოო. ნაღვლიანი ღიმილით კი დაუყოლებია - "ოღონდ ეს დროშა ჩემი დასაფლავებისას ერთი დღით უნდა მათხოვოთ. გულზე გადამაფარეთ და მერე კახეთის მიწას, ჩემს საგვარულო საძვლეს მიმაბარეთ".

ალექსანდრე სულხანიშვილის ეს სურვილი ასრულდა. იგი 94 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ქაქუცას დროშა პარლამენტში ვერ ააფრიალა, მაგრამ კახეთში, აწყურის თეთრი გიორგის საგვარეულო ეკლესიაში, დიდ მამულიშვილს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროშა გულზე ეფარა.

"მოგონებები შეფიცულთა რაზმზე"

"როცა ხმა გავარდა, ქაქუცა პარტიზანულ რაზმს აყალიბებსო, სადაც კი შეუთვალა დახმარებისთვის, ყველა ერთ კვირაში დადგა ფეხზედ. სიხარულით გვეხმარებოდნენ და არ ზოგავდნენ, თუკი სადმე რამე გააჩნდათ.

"დალოცვილმა კახეთმა, თუმცა ომიანობით შეჭირვებულმა, მაინც ძველებურად გაგვიღო სული და გული. ხალხი დიდი სიხარულით გვაძლევდა ყველაფერს და შემოგვხაროდა. იმდენად იყო აღფრთოვანებული, სულაც არ გვესაჭიროებოდა ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ყოველ სოფელში იყვნენ დანიშნული ათისთავები და ასისთავები.

"ამ ბრძოლის დროს ჩვენ ვალში არ დავრჩენილვართ სამშობლოს წინაშე. გავაკეთეთ რაც მძიმე პირობებში იყო შესაძლებელი, შევწირეთ არა მარტო ჩვენი პირადი ცხოვრება, არამედ ჩვენი ოჯახებიც", - წერდა ალექსანდრე სულხანიშვილი.

ქაქუჩა ჩოლოყაშვილმა საქართველო 1924 წლის სექტემბერში დატოვა შეფიცულთა რაზმის ნაწილთან ერთად და თურქეთში გადავიდა.

"თურქეთის სასაზღვრო სოფელ ზურზურში გადავედით, გავაკეთეთ თეთრი ბაირაღი. შეფიცულები ზურზურიდან პირდაპირ ართვინში ჩავედით, ფული ყველას ერთად მხოლოდ 5 ჩერვონეცი გვქონდა. იძულებული გავხდით, ცხენები გაგვეყიდა.

"იქვე ადგილობრივი ქართველის სასტუმროში გავჩერდით, სადაც ორი კვირა დავყავით. ორი კვირის განმავლობაში რაზმელებმა კარგად დაისვენეს. მეორე თუ მესამე დღეს ხოფაში წასასვლელად მოვემზადეთ. ქაქუცამ ყველას თანაბრად გაგვიყო ჩვენი ნავაჭრიდან გამორჩენილი ფული და ახლა ერთნაირად გამდიდრებულნი დავიძარით ხოფისკენ. აქედან ჯერ რიზეში, შემდეგ ტრაპზონში, ბოლოს კი სტამბოლში, რათა იქიდან გემით საფრანგეთში, მარსელში, გავმგზავრებულიყავით", - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი.

სტამბოლში შეფიცულებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი დახვდათ, რომელსაც უნდოდა "შეფიცულების" ერთმანეთისგან გაყოფა.

"სოციალ-დემოკრატები ბევრს ეცადნენ, რომ შეფიცულები არ შეეშვათ საფრანგეთში, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ძალიან უნდოდათ ქაქუცას მარტო წაყვანა პარიჟში, ეგონათ, უფრო ადვილად დაიმორჩილებდნენ".

ქაქუცა ჩოლოყაშვილი შეფიცულების ნაწილთან ერთად სტამბოლიდან მარსელში ბერძნული გემით - "პროპონტოსით" გაემგზავრა. მგზავრობას 5-6 დღე დასჭირდა. მარსელის ნავსადგურში ლტოლვილებს პარიზში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ქაქუცას უახლოესი მეგობარი თენგიზ დადეშქელიანი დახვდნენ. პარიზში ჩასვლის შემდეგ შეფიცულები ლა მანშის სრუტის მახლობლად მდებარე "დიორის" სასუქის დამამზადებელ ქარხანაში სამუშაოდ გაემგზავრნენ.

"საშინელი ცუდი სამუშაო იყო. ტომრები უნდა გადმოგვეტვირთა. ტომრები მთლიანად ზეთიანები იყო. აქა ვმუშაობდით 20 კაცზე მეტი, ვცხოვრობდით ყველანი ერთ პანსიონში, ჭამა-სმით ვიხდიდით სულზე რვა ფრანკს. ჩვენი ხელფასი იყო თორმეტი ფრანკი დღეში. ვმუშაობდით 6 დღე კვირაში. ცოტა ხანში ქაქუცამ გაიცნო პოლკოვნიკი კოკე, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა და სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის შეფიცულებისთვის სამსახურის მოძიების საქმეში", - წერს ალექსანდრე სულხანიშვილი.

პოლკოვნიკმა კოკემ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თხოვნა გულთან ახლოს მიიტანა და მას თავისი მეგობარი, საავტომობილო ქარხნის მეპატრონე პეჟო გააცნო. პეჟომ ქაქუცა დიდი პატივით მიიღო და დაჰპირდა შეფიცულების მოწყობას თავის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ოდენფურში მდებარეობდა.

პეჟოს წინაშე წარსადგენი მუშების სიას პირადად ქაქუცა ადგენდა. დაახლოებით 50-მა ქართველმა საკმაოდ კარგ სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობა დაიწყო. რადგან ქაქუცას არ უნდოდა თავის შეფიცულების დაფანტვა, მან პარიზის მახლობლად, ვეროფლეში, იქირავა სახლი, ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა. ამ სახლში ცხოვრობდნენ ყველანი ერთად.

"საფრანგეთში ჩასვლისას რაზმი ჯერ კიდევ ერთსულოვანი იყო. ამიტომ მოისურვა ქაქუცამ, რომ საერთო ბინა გვქონოდა. ამ თვალსაზრისით ამოვირჩიეთ პარიზის ახლოს ვიროფლე და იქ, დიდი პარკის გვერდით, დავიქირავეთ მშვენიერი სახლი კარგა მოზრდილი ეზოთი.

"თითქმის ყველა შაბათ-კვირას მოდიოდნენ ჩვენთან ახალგაზრდობა პარიზიდან. იყო სიმღერა, ცეკვა და ამბის თხრობა ჩვენი ცხოვრებიდან", - წერდა თავის მოგონებებში ალექსანდრე სულხანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×