ია აბულაშვილი
04.08.2017

 "სად არის მხატვარი, ის გენიოსია", - ყვიროდა ნიუ-იორკში სუხიშვილების ანსამბლის კონცერტზე მისული, ქართული ცეკვის სამოსით გაოცებული სალვადორ დალი. ხელოვანი, რომელმაც არა მხოლოდ სალვადორ დალი, არამედ მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე იყო.

ბავშვობაში სახლში სცენის მაკეტი ჰქონდათ და სპექტაკლებს დგამდნენ, რეკვიზიტების გაკეთებას რამდენიმე წუთს ანდომებდა. 10 წლის იყო, ქართული ბალეტის ფუძემდებლად აღიარებულ იტალიელ ქორეოგრაფ მარია პერინის სტუდიაში რომ მივიდა კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკიანის სახლში. აქ გაიცნო ამავე სტუდიის მოწაფეები ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილი.

მალე ცეკვას ხატვის სიყვარულმა სძლია და მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მერე კი მოსკოვისა და ლენინგრადის სამხატვრო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, თუმცა ბალეტს მაინც ვერ შეელია.

პირველი ქორეოგრაფი, ვისთანაც სოლიკო ვირსალაძემ იმუშავა, დიდი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. 1932-1936 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარმა მხატვარმა თბილისის ოპერის სცენაზე გააფორმა სპექტაკლები - ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "გედის ტბა", ფალიაშვილის "დაისი".

შემდეგ იყო ლენინგრადის დღევანდელი მარინის თეატრი, სადაც 1945 წლიდან 1962 წლამდე მთავარი მხატვარი იყო, შემდეგ მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი მხატვარი, მისი "მოძრავი დეკორაციები" კი ახალი სიტყვა იყო მე-20 საუკუნის ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში.

თავისი შემოქმედების საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა ევგენი მიქელაძესთან მუშაობის წლებს; მეორე ეტაპად - ვახტანგ ჭაბუკიანთან მუშაობას. ხშირად ამბობდა გულისტკივილით, "ჟენია (ევგენი მიქელაძე) რომ არ დაეხვრიტათ, მე, ვახტანგ ჭაბუკიანი და ჟენია თბილისში მსოფლიო დონის თეატრს გავაკეთებდითო;" მესამე ეტაპად - იური გრიგაროვიჩთან მუშაობას, რომელთან ერთადაც ნამდვილი შედევრები შექმნა.

შეეძლო, წელიწადში ათი გაფორმება გაეკეთებინა, მაგრამ ერთზე მეტს არასდროს აკეთებდა, ის ერთი კი გენიალური იყო. დიდი თეატრის სახელოსნოებში ყველას აიძულებდა, თითოული დეტალისთვის ყურადღება მიექციათ. ამბობდნენ - გვაწამებს, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ პროფესიულად ვიზრდებითო.

ქსოვილის ფერს განსაკუთრებულად არჩევდა, სამოსს კი თავისი ხელით კერავდა.

რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ამ ლეგენდარული მხატვრის შემოქმედებას მთლიანად ვერ ჩავტევთ, მაგრამ რა წვლილი მიუძღვის სოლიკო ვირსალაძეს ქართულ ქორეგრაფიულ ხელოვნებაში, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მოგონებას შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

1931 წლიდან სოლიკო ვირსალაძე ნინო რამიშვილისთვის და ილიკო სუხიშვილისთვის ქმნიდა სასცენო კოსტიუმებს, შემდეგ სუხიშვილების ანსამბლის უცვლელი დიზაინერი იყო. "აჭარულის", "სამაიას", "აფხაზურის", "ჯეირანის", "ხორუმის", "სიმდის" კოსტიუმები მისი შექმნილია. როგორც თავად დიდი ხელოვანი იხსენებდა, "როცა ანსამბლისთვის კოსტიუმებზე დავიწყეთ მუშაობა, ფული არ გვქონდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდი."

"სოლიკო ბებიას და ბაბუას 60 წელი გვერდით ედგა და ის მათთვის ოჯახის წევრიც იყო. მისნაირ მოკავშირეს საკუთარი იდეის განხორციელებაში ნინო და ილიკო ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურად მონაწილეობდა და პირველი კოსტიუმებიც ანსამბლისათვის საკუთარი ხელით გააკეთა - უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით.

"მეორე მსოფლიო ომის დროს, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგან შორიდან აბრეშუმის და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა," - იხსენებს ნინო სუხიშვილი.

სოლიკო ვირსალაძის ერთ-ერთი შედევრის შექმნის ისტორიას კი სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე თენგიზ ურთმელიძე ასე იხსენებს:

"1966 წელს სრულიად საქართველომ დიდი ზეიმით აღნიშნა გენიალური პოეტის - შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე. მოვლენას მსოფლიო რეზონანსი მიეცა. საქართველოს მთავრობის საგანგებო დადგენილებით, რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებებისათვის მზადებაში აქტიურად ჩაერთნენ კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, წამყვანი ფოლკლორული კოლექტივები.

"სუხიშვილების ანსამბლს მთავრობამ საგანგებო მისია დააკისრა. მას საიუბილეოდ უნდა მოემზადებინა ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. გადაწყდა, რომ საიუბილეოდ ანსამბლი მოამზადებდა ქორეოგრაფიულ კომპოზიციას "ქაჯეთის ციხის აღება."

"რუსთაველის უკვდავ თემაზე რაიმეს შექმნა ეროვნული ქორეოგრაფიის ენაზე პირველი მცდელობა იყო. კოსტიუმების მომზადება და სასცენო დეკორაციების შექმნა ითავა გამოჩენილმა თეატრალურმა მხატვარმა, ანსამლის უცვლელმა დიზაინერმა და ერთგულმა მეგობარმა სოლიკო ვირსალაძემ, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია; მისთვის ჩვეული რუდუნებითა და მაღალი პროფესიონალიზმით მოკლე დროში შექმნა რუსთაველის ეპოქის შესაბამისი უნიკალური კოსტიუმები და შთამბეჭდავი სასცენო დეკორაციები.

"სცენა გაფორმებული იყო, როგორც სოლიკო ამბობდა, "ჩამქრალი ოქროსფერი" ფარდებით, რაც ძალზე მდიდრულად გამოიყურებოდა. სცენაზე ჩამოშვებული იყო თასის ფორმის ვერცხლისფერი რამდენიმე კანდელი, რომლებშიც ცეცხლი გიზგიზებდა. უკანა ფარდის ფონზე შუქ-ჩრდილებით მიუვალი ციხე-სიმაგრის სილუეტი იკვეთებოდა.

"სცენის სიღრმეში, ამაღლებულ კვარცხლბეკზე, დგანან გრძელ მოსასხამებში, თავზე ვერცხლისფრად ბზინავ ჩაჩქანებში, შეაბჯრული და ფარხმლიანი "ვეფხისტყაოსნის" გმირები ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი და "ქაჯეთის ციხეს" გაჰყურებენ. სცენაზე შემოდიან საუცხოო კოსტიუმებში შემოსილი ნესტანი და თინათინი.

"ამ სპექტაკლს შემდეგ ინგლისში ოქსფორდის თეატრის 2 500- მაყურებლიან დარბაზში აღფრთოვანებული შეხვედრა. "ეს ტაში სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს ეკუთვნის," თქვა ნინო რამიშვილმა," - იხსენებს თავის მოგონებებში თენგიზ ურთმელიძე.

სოლიკო ვირსალაძე ძალიან შეუვალი ადამიანი ყოფილა. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლენინის ორდენი მეორედ მისცეს.

"მაშინ ცეკას პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე. საღამოს ტელევიზიიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე მოვიდა და ჰკითხა:

- ბატონო სოლიკო, მადლობას როგორ იტყვით?

- ერთი წუთით მოიცადეთ, - უთხრა სოლიკომ, გამოიტანა ის ორდენი და უთხრა - აჰა, წაიღეთ.

უზბეკეთის ცეკა-ს პირველი მდივანი ეუბნებოდა - დაასახელე, რამდენი მილიონი გინდა და უზბეკეთის დეკადა გააკეთეო. სოლიკო იცინოდა, ამაზე დრო როგორ დავკარგოო.

სცენაზე თავის დასაკრავად ძალით გამოჰყავდათ, ერთხელ ვახტანგ ჭაბუკიანმა სცენაზე ხელში აყვანილი გამოიყვანა" - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში სოლიკო ვირსალაძის დისშვილი მანანა ხიდაშელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×