(რეზონანსი) შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.რ. და 1974 წელს დაბადებული ტ.მ. თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული დ.მ. რუსთავში დააკავეს.
როგორც შსს-ს აცხადებენ დაკავებულებმა „ქურდული სამყაროს" წევრობა აღიარეს.
„ისინი, „ქურდულ სამყაროში" დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში" და უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს" წევრებთან აქტიური კავშირი ჰქონდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის" დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს",- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს.