ია აბულაშვილი
31.07.2017

 "იმპროვიზაციის დიდოსტატი", "ქართველი ლევიტანი," "დიდი ბავშვი" - ასე ეძახდნენ მეგობრები ეროსი მანჯგალაძეს, კაცს, რომელსაც არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ მაყურებლის სიყვარული არ მოჰკლებია. ბაზარში სანოვაგეს უფასოდ სთავაზობდნენ, მილიცია მის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ დიდ მსახიობს გასაუბრებოდა. მისი სევდიანი ბარიტონი კი ყველა ოჯახში ჟღერდა მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების მიწურულს რადიოში დაიწყო მუშაობა ფეხბურთის კომენტატორად.

პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სკოლაში დაიდგა, კურდღელს თამაშობდა. თეთრ კოსტიუმში გამოწყობილს თავზე დიდი ყურები ეკეთა და ასე დახტოდა სცენაზეო, იხსენებდა ეროსი მანჯგალაძის და. მსახიობობაზე არასდროს უფიქრია, ჯერ - მათემატიკოსობაზე, შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა იმიტომ, რომ ოფიცრის ფორმა მოსწონდა. მე-10 კლასში იყო, როცა სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობებს სპექტაკლი დაუდგამთ. ისე უთამაშია, რომ ყველა გაუოცებია. მსახიობებს უთქვამთ, ეს მსახიობი უნდა გამოვიდესო. ჰოდა, ეროსიმაც უარი თქვა სამხედრო კარიერაზე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. სულ ახალგაზრდა იყო, რადიოკომიტეტში რომ დაიწყო მუშაობა, 27 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

სამსახიობო კარიერა კი ასე დაიწყო. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გიორგი ტოვსტონოგოვმა სპექტაკლ "ღრმა ფესვებში" მიიწვია. იმ დროს ყველა სპექტაკლს ცეკა ამოწმებდა, აფიშასაც კი. როდესაც ცეკას იდეოლოგიური განყოფილების უფროს შადურისთვის გამზადებული აფიშა მიუტანიათ, მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოსწონებია. სახელი ეროსი ბერძნული ღმერთის სახელია და საბჭოთა მსახიობს არ შეეფერებაო - უთქვამს, მოდი, ერასტი დავწეროთო, რაზედაც ეროსი მანჯგალაძე გაბრაზებულა და საერთოდ უარი უთქვამს როლზე. ბოლოს ცეკას კომპრომისული ვარიანტი მოუძებნია - აფიშაზე სახელი ეროსი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.

 ეროსი მანჯგალაძე ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა, იმ ცნობილ სახლში, სადაც ქართველი მსახიობების მთელი პლეადა ცხოვრობდა - მიხეილ თუმანიშვილი, სესილია თაყაიშვილი, გოგი გეგეჭკორი და სხვები. მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მეგობრებისთვის. თავად ამბობდა, ჩემი სახლი 7-დან 9 საათამდე ჩემი მეგობრებისთვის ღიაა, პაროლი კარზე ერთი მოკლე ზარი და ორი გრძელი ზარიაო.

როცა სპექტაკლი არ ჰქონდა, გართობა სწორედ მეგობრებთან ბანქოს და ნარდის თამაში იყო. თამაში აუცილებლად მას უნდა მოეგო, თუ არადა, ცუდ ხასიათზე დგებოდა. ეს იცოდნენ მისმა მეგობრებმა და ისე აკეთებდნენ, რომ სულ ეროსი იგებდა. მერე იყო ტრადიციული სუფრა. თამადა ყოველთვის თვითონ იყო. სადღეგრძელოს თქმის თავისი ფილოსოფია ჰქონდა. ამბობდა, შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდე არის მოფიქრებულიო. მაგრამ ერთი უცნაურობაც სჭირდა, 11 საათის შემდეგ სტუმარს არ გააჩერებდა, რადგან ღამე რეპეტიციებს გადიოდა.

მარტოობას, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ერთი უჯიშო, ყრუ და კოჭლი ძაღლი ატანინებდა, რომელიც ქვეყანას ერჩია. ეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს, იაპონური ჯიშის იყო და სახელი ტანგო ეროსიმ დაარქვა, ბავშვობაში სოფელში ძროხა ჰყავდა ტანგო და იმის საპატივცემულოდ.

ტანგოს იცნობდა მთელი ვაკე, რადგან ხშირად იკარგებოდა და ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თავგამოდებით ეძებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეროსის სიხარული ეს ძაღლი იყო. მართლაც ისე უყვარდა, რომ როდესაც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლების დროს რუმინეთში ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს, ბუქარესტში გამგზავრებაზე უარი თქვა, სანამ პირობა არ მიიღო, რომ ძაღლს კინოლოგი მოუვლიდა.

ერთი ამბავიც მომხდარა. გასტროლების დასრულების შემდეგ საბჭოთა საელჩოში ქართველ მსახიობებს ბანკეტი გაუმართეს. ელჩმა ეროსის სთხოვა, სადღეგრძელო ეთქვა. ტანგოს გაუმარჯოსო, უთქვამს. რა თქმა უნდა, არც ელჩმა და არც იქ დამსწრე საზოგადოებამ, ქართველების გარდა, ეროსის ძაღლზე არაფერი იცოდნენ. იფიქრეს, მსახიობმა ეს სადღეგრძელო არგენტინული ტანგოს საპატივცემულოდ შესვა და ორკესტრმაც მაშინვე ტანგო დაუკრა.

ტანგოს გარდაცვალება ძალიან განიცადა თურმე ეროსიმ და დიდი პატივით დაასაფლავა კუს ტბაზე. სესილია თაყაიშვილს და დოდო აბაშიძეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნიათ - "ქელეხი არ გამოგვაპაროთ, თქვენი კეთილისმსურველები." გაიგო ეროსიმ, ვინ გაუგზავნა დეპეშა და დიდხანს არ ელაპარაკებოდა არც სესილიას და არც დოდოს.

 "ჩემი ქორწილის სტუმრები რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იყვნენ. პირველ დღეს ახალგაზრდობას ეროსი თამადობდა, მეორე დღეს "ძველგაზრდებს" - ბატონი აკაკი ხორავა. ქორწილის დამთავრებისას ეროსიმ სადღეგრძელო ითხოვა და ასეთი დასკვნა გააკეთა - "ორი ტაიმისაგან შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა, ამისთვის, როგორც წესი, აუცილებლად უნდა დაინიშნოს დამატებითი ქორწილი. შესვლა თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ." ეროსის ხათრითა და მისი ასეთი განცხადების წყალობით, მესამე დღეს "დამატებითი" ქორწილი დაინიშნა" - ასე იხსენებს თავის ქორწილს თამაზ ქვარიანი.

ვასილ კიკნაძე: "ეროსი ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დახმარება უყვარდა. სულ უბრალო საქმეზეც კი შეიწუხებდა თავს. ამას ისე აკეთებდა, რომ არც იგრძნობოდა, თუ შეწუხდა... ტელეფონით მირეკავს.

- ვასია, შენ დღეს გამოცდა გაქვს?

- მაქვს, ეროსი!

- შენთან ერთი კარგი ბიჭი აბარებს, საგანი კი იცის, მაგრამ დროზე გამოუშვი, საქმეზეა წასასვლელი.

- პირველს გამოვცდი, ეროსი.

- რა გამოცდა უნდა, ქართული თეატრი გამოუცდელადაც იცის ოთხზე და მეტი მაგას არ უნდა. ასე სასხვათაშორისოდ დამიკვეთა ოთხიანი."

ძველი თაობის ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, ეროსი მანჯგალაძე ფეხბურთის რეპორტაჟების წაყვანისას თბილისის "დინამოს" გატანილ გოლებს თამაშის დასრულებისთვის რომ ინახავდა. ერთ ასეთ ამბავს თავად ასე იხსენებს:

"1946 წელს მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს მოსკოვში თბილისის "დინამოს" და ერთი იქაური გუნდის მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა. დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიში გახსნეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული - მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო.

აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჯდა. მოდი, ამ ერთ ბურთს "შავი დღისთვის" შევინახავ-მეთქი და მსმენელს არაფერი ვაუწყე. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში, იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დასრულდა, "ამხანაგო რადიომსმენელებო, ამით ვამთავრებ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან, ანგარიში 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ.

დაიწყო მეორე ტაიმი, მალე მოსკოველებს გააქვთ ერთი გოლი. აქ ოლიმპიური სიმშვიდე გამოვიჩინე და განვაცხადე ანგარიში 1:1. ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ეგონათ, რომ "დინამო" აგებდა! შემეცოდა და "გამოვიყენე" კიდეც 40 წუთის წინ "შენახული" ბურთი. გულწრფელად განვაცხადე - არა, თბილისელები არ აგებენ, ანგარიში თანაბარია 2:2. "დინამოელებმა" მალე მესამე ბურთი გაიტანეს, ეს უკვე გამარჯვება იყო. 3:2. მატჩიც სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა."

ერთ-ერთი შეხვედრის დროს თბილისის "დინამო" დიდი ანგარიშით მარცხდება. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა "ცოცხალი კედელი" აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც "დინამოს" თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობის შესაფერისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა - აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელიო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×