კულუარები, სადაც ქართულ მენტალურ ფასეულობებზე უპრეცედენტო შეტევა მზადდებოდა
მამუკა ნაცვალაძე
31.07.2017

 1614 წელი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მძიმე თარიღია - შაჰ აბასის შემოსევებმა სათავე დაუდო ქართველთა ცნობიერებაში ახალ ეტაპს, ხანას, საიდანაც იწყება ეროვნულ ფასეულობებზე თვისობრივად განსხვავებული შეტევა.

სამხედრო ოპერაციის პოლიტიკური სარჩული აშკარაა - სადავო არაა ის ფაქტი, რომ კახეთის დასჯა კავკასიაში მესამე პოლიტიკური ძალის, რუსეთის, გამოჩენას მოჰყვა, თუმცა უცხოური წყაროები მიანიშნებენ, რომ სეფიანთა აგრესიის მიზიზი ისპაჰანის სასახლის მბრძანებლის ახირება იყო - თეიმურაზისათვის ცოლი წაერთმია.

როგორ ააფორიაქეს ქალებმა მსოფლიო

მსოფლიო ისტორიაში ქალი არაერთხელ გამხდარა ქვეყნებსა თუ ტომებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ყველაზე გავრცელებული ამბავი - ტროას განადგურება ქალს, მშვენიერ ელენეს, უკავშირდება. მსგავსი მაგალითები მსოფლიო ისტორიაში მრავლადაა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ამბავს გაგაცნობთ მოკლედ.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მსოფლიოს ბედი, თემუჩინისთვის (ეს ჩინგის ყაენის ადრინდელი სახელია) 1180 წელს მერკიტების მცირერიცხოვან ტომს ცოლი რომ არ წაერთმია. მანამდე მწყემსავდა პატიოსნად მონღოლთა იმპერიის მომავალი მბრძანებელი აქლემებს და ალბათ აქლემების მწყემსად დარჩებოდა მთელი ცხოვრება.

ამ შემთხვევაში ელენას როლი ბორტემ იკისრა. შეურაცხყოფილმა თემუჩინმა შეკრიბა ლაშქარი, გაანადგურა მტერი, დაიხსნა ცოლი. თითქოს აქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ ნამეტანი მოეწონა ლაშქრობა მონღოლთა მომავალ მბრძანებელს და აქლემის მწყემსობასაც უცხო ქვეყნების დაპყრობით გართობა არჩია.

ძნელია იმის თქმა, იცოდა თუ არა ელენეს ან ბორტეს ისტორიები შაჰ-აბასმა, თუმცა მისი თანამედროვე ინგლისისა და ესპანეთის დაპირისპირების სუბიექტური მიზეზები რომ ექნებოდა გაცნობიერებული, უდავოა. მიზეზი 1587 წელს დაწყებული კონფლიქტისა, რომელიც 1604 წლამდე გაგრძელდა, იყო ის, რომ ინგლისის დედოფალმა ელიზავეტა პირველმა უარი განუცხადა, ცოლად გაჰყოლოდა ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეს.

აშკარაა, თავის მზაკვრულ გეგმებში მრისხანე აბასმა ქალი უნდა ჩართოს. სწორედ აქედან უნდა იღებდეს სათავეს ის გეგმა, რომელმაც პოლიტიკურად მომწიფებული ვითარება უნდა გადაფაროს.

შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის პოლიტიკური მიზეზები

ეს მეორე ცდაა ირანელთათვის. პირველ ჯერზე ისინი აქემენიდებისა და სასანიდების ხანაში უტევენ ეროვნულ ფასეულობებს, როცა მაზდეანობის, ქართველთათვის სრულიად მიუღებელი რწმენის, დამკვიდრებას ცდილობენ.

ამჯერადაც მენტალურ და კულტურულ-ზნეობრივ პოსტულატებზე იგეგმება შეტევა, მაგრამ ამის პარალელურად სეფიანებისათვის არსებობს საკმაოდ გამაღიზიანებელი პოლიტიკური ფაქტორი - აშკარად მომზადებულია საფუძველი, რომ ირანმა საქართველოს განადგურებაზე იფიქროს - გამაღიზიანებელი ფაქტორი კახეთის სამეფოს რუსეთისადმი ლტოლვაა. საქმე ისაა, რომ ჩრდილო კავკასიიდან მუდმივი შემოსევები ანგრევს სახელმწიფოს ეკონომიკას და გაუსაძლის რეჟიმში აიძულებს ცხოვრებას ხალხს.

სწორედ ამ დაუგეგმავი, არაპროგნოზირებადი შემოსევების ასალაგმად სჭირდება რუსეთი კახეთს. დაღესტნელებს ზურგს ოსმალეთი უმაგრებს. ოსმალები, რომელთაც სამ კონტინენტზე გადაჭიმული უდიდესი იმპერია შექმნეს, ზრუნავენ, კავკასიური კოზირი გაანეიტრალონ.

ამ გეგმის ნაწილია ქართულ კულტურულ-ზნეობრივ პოსტულატებსა და ფასეულობებზე შეტევაც.

რა მიზანს ისახავდა შაჰ-აბასის ინსპირირებული ძეგამის ტრაგედია

1605 წლის 12 მარტს ძეგამში კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის და უფლისწულ გიორგის მკვლელობა ხდება. მკვლელი - გამაჰმადიანებული კონსტანტინე მირზა ალექსანდრე მეორის შვილია. ეს შემზარავი ფაქტი რუსეთის ელჩების თვალწინ აღესრულა - ესეც გაფრთხილების ნიშანია.

აიჯაგრა კახეთი, მაგრამ განსაკუთრებულად გაამძაფრა ვითარება ერთმა ამბავმა - ალექსანდრეს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, დავითი, კონსტანტინეს ძმა. სწორედ დავითის ქვრივ ქეთევან დედოფალს სთავაზობს კონსტანტინე მირზა ცოლობას.

გამაჰმადიანებული უფლისწულის თვალსაწიერიდან საკუთარი რძლის ცოლად მოყვანის სურვილი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მიუღებელი და უცხოა ქრისტიანული ყოფისა და მენტალიტეტისთვის. პიროვნულად შეიძლება ის ვერც აცნობიერებს, რატომ გამოიწვია რისხვა მისმა ამ წინადადებამ, მაგრამ ვფიქრობთ, აქ სწორედაც რომ წინასწარაა გათვლილი სკრუპულოზურად ვითარება, მამა-შვილის მკვლელობაზე მეტად ირანელთათვის ეს წინადადებაა გამორჩეულად ფასეული.

ერთია ფიზიკური მკვლელობა და მეორეა მენტალური განადგურება, სწორედ ამას ესწრაფვიან სეფიანები. ყოველდღიურობაში უნდა დამკვიდრდეს ცხოვრების ის ნორმები, მანამდე უჩვეულო და მიუღებელი რომ იყო ქრისტიანული და ქართული რეალობისთვის.

ბუნებრივია, ეს ამბავი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო - კახელებმა მოკლეს მამისა და ძმის მკვლელი უკეთური კონსტანტინე. ალბათ წინასწარ ჰქონდა გათვლილი აბასს მოვლენათა ასეთი განვითარება, გაწირა კონსტანტინე მირზა, რადგანაც მთავარი იყო, შექმნილიყო პრეცედენტი - იმას, რაც ქრისტიანული მენტალობით, წესითა და ტრადიციით იკრძალებოდა და დასაშვები იყო მაჰმადიანთათვის, ქართველობა თანდათან შეგუებოდა.

1605 წლის კახეთის აჯანყება აიძულებს შაჰს, დათმობაზე წავიდეს. ის 1606 წელს კახეთის ტახტზე ქრისტიან თეიმურაზს ამტკიცებს, ცოტა მოგვიანებით ქართლის მეფის ტახტს 14 წლის ლუარსაბს აძლევს.

აბასს იმედი აქვს, რომ თეიმურაზი, რომელსაც სპარსული განათლება აქვს, მისი იდეების გამტარებელი იქნება, თუმცა მწარედ ცდება.

1607 წელს ქეთევან დედოფლის ინიციატივით თეიმურაზი ქორწინდება მამია გურიელის ასულ ანაზე. შეეძინათ ორი უფლისწული - ლევანი და ალექსანდრე. სულ მალე დედოფალი გარდაიცვალა.

ეს 1612 წელია, მგლოვიარე თეიმურაზი აბასის კარზე ჩადის სეფიანთა მბრძანებლის მოთხოვნით. თვალთმაქცია აბასი, უთანაგრძნობს თეიმურაზს და სთავაზობს, რომ ქართლის მეფე ლუარსაბის და ხორეშანი მოიყვანოს ცოლად. ხორეშანის ერთი და ლელა აბასის ცოლია.

ეს ამბავი ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებებშია აღწერილი. დაჟინებით ითხოვს შაჰ-აბასი, შედგეს ქორწინება. თითქოს არაფერი უნდა იყოს უჩვეულო, თუმცა საქმე ეხება იმას, რომ ეს ქორწინება ქართული, ქრისტიანული ტრადიციით, წესითა და რიგით, არ შეიძლება, რადგანაც ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპა ალექსანდრეს და იყო. და-ძმის შვილიშვილებს შორის ქორწინებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქრისტიანული ადათი.

არც თეიმურაზს და არც ხორეშანს არ სურთ ქორწინება. გასაგებია მათი განწყობაც, მაგრამ აბასი კატეგორიულად ითხოვს საკუთარი ნების აღსრულებას, მის წინააღმდეგ წასვლის ძალა კი ამ დროს არც ქართლს აქვს და არც კახეთს. ჰოდა, მოინახა გამოსავალი, რომელსაც არა ზნეობრივი, არამედ აშკარად პოლიტიკური სარჩული დაედო. ამაზე "პარიზული ქრონიკა" მოგვითხრობს: "პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო."

ბუნებრივია, იცის აბასმა, რას ნიშნავს სამეფო ოჯახის მაგალითი საზოგადოებისათვის, ამიტომაც მას ახლად დაქვრივებული თეიმურაზი კი არ აღელვებს, არამედ სურს, რომ მანამდე გაუგონარი პრეცედენტი შექმნას ქრისტიანულ რეალობაში და ხალხმაც გადაიღოს და დაამკვიდოს ქორწინება ახლო ნათესავებში წესად. ეს ის გზაა, რითაც საქართველოს დაპყრობა, დამორჩილება საკმაოდ გაუადვილდებათ მაჰმადიანებს.

ამბავი ხორეშან დედოფალზე შეყვარებული შაჰ-აბასისა

თავის მიზანს მიაღწია აბასმა, მაგრამ საცნაურია, რომ აქ არ მთავრდება მისი მზაკვრული ჩანაფიქრი. ახლა შეაბრუნა ფირფიტა და იქით საყვედურობს თეიმურაზს - ხორეშანი რატომ შეირთე ცოლად, ეგ ქალი ჩემთვის მინდოდაო.

აქ მორიგ სიურპრიზს ამზადებს აბასი. მიუხედავად იმისა, რომ დაირღვა ქრისტიანული წესი ახლო ნათესავების დაქორწინების აკრძალვისა, ამ კავშირმა პოლიტიკურად სარგებელი მოიტანა - დამოყვრება ახალი დასაყრდენი იყო ქართლისა და კახეთის მეფეებისთვის, ერთად ეკეთებინათ ქართული საქმე და სეფიანთა თავნებობასაც ერთად აღდგომოდნენ წინ.

ეს უკვე აბასს არ აძლევს ხელს. სავარაუდოდ, ქართველთა სასარგებლო პოლიტიკური ფაქტორები გათვალა ისპაჰანის სასახლის მბრძანებელმა და ამიტომაც შარის ძებნა დაიწყო - ხორეშანი ინდომა გულის გასაქარვებლად.

რას წერენ იტალიელი მისიონერები შაჰ-აბასისა და ხორეშანის ურთიერთობაზე

იტალიელი მისიონერი ბართოლომეო ფერო ირანსა და საქართველოში მყოფ კათოლიკეთა რელაციების მიხედვით აღწერს ამ ამბავს. სწორედ ის გადმოგვცემს - თითქოს კატეგორიულად გაუფრთხილებია შაჰ-აბასს თეიმურაზი, თუ ჩემს ნათქვამს არ გაიგებ და ხორეშანს ცოლად შეირთავ, ცუდი დღე გაგითენდებაო.

მიზეზი კი ის ყოფილა, რომ აბასს კარისკაცები მუდმივად ჩასჩიჩინებდნენ - ხორეშანზე ლამაზი ქალი მთელ დედამიწაზე არ დაიარებაო. ჰოდა, ეს ულამაზესი ქალი აბასმაც თავისად ჩათვალა, როგორც მსოფლიოს დაპყრობაზე მეოცნებე ხელისუფალმა.

საგულისხმოა, რომ მარტო ბართოლომეო ფერო არ აღწერს ამ ამბავს, ამასვე გადმოგვცემენ სომეხი არაქელ თავრიზელი, პიეტრო დელა ვალე, შარდენი.

პიეტრო დელა ვალეს გადმოცემით, თეიმურაზს თავშეკავებულად უარი უთქვამს აბასისთვის, ეს ჩემს ღირსებას ეხება და არ გეკადრებათ ასეთი ქცევაო. ამან უფრო გააგულისა აბასი.

სანამ ხვაშიადის დასაკმაყოფილებლად საქართველოზე წამოვა, სამიჯნურო განწყობამ პოეზიაში ამოხეთქა, შემორჩა შაჰ-აბასის რამდენიმე სასიყვარულო ლექსი. არის მოსაზრება, რომ ეს ლექსები სწორედ ხორეშანს ეძღვნება.

ისიც საცნაურია, რომ ამ ამბიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, როცა ირანში იმოგზაურა შარდენმა, მისი ინფორმაციით, ხორეშანის სილამაზისა და შაჰთან გამიჯნურების ამბავს მრავლად უმღეროდნენ მგოსნები.

როგორ გაუცრუა განგებამ აბასს იმედი

პიეტრო დელა ვალე ეჭვის თვალით უყურებს შეყვარებული შაჰის განცდებს - განსაკუთრებით იმ ამბავს, რომ სასიყვარულო წერილებს შაჰს თავად ხორეშანი სწერდა და რომ ეს წერილები აბასს თავად ჰქონდა. პიეტრო დელა ვალე, რომელიც პირადად იცნობდა შაჰს, ცხადად მიანიშნებს: თეიმურაზსა და აბასს შორის მანამდე არ ყოფილა დაძაბული ურთიერთობა და შაჰი შარს ეძებდა იმისათვის, რომ კახეთზე წამოსულიყო და ამაზე უკეთესი მიზეზი რაღა უნდა ყოფილიყოო.

როგორც ჩანს, თანამედროვეთა შორის გარკვეულ წრეებში იმ აზრს იზიარებდნენ, თითქოს აბასი კახეთს ხორეშანის გამო დაესხა. ეს მოტივი იგრძნობა არჩილის პოემაშიც "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა", სადაც თეიმურაზი თავის მართლებას იწყებს და კახეთზე სეფიანთა ლაშქრობას მის მიმართ აბასის პირადი წყენით კი არა, კახეთის დამორჩილების სურვილით ხსნის.

მაშ, ასე, 1613 წლის 16 ნოემბერს ხორეშანის "სიყვარულით" დაბრმავებული აბასის უზარმაზარი ჯარი დაძრულა კახეთისაკენ, ისევე როგორც 29 საუკუნით ადრე სპარტას მეფე მენელაოსი სპარტისკენ ელენეს დასახსნელად.

სეფიანთაგან მიყენებული ტკივილი - ვაება ვაებათა დიდხანს დააჩნდება ქართულ სულს. გაივლის სულ რამდენიმე წელი და ვნახავთ - სპარტელებისგან განსხვავებით, ვერაფერი გააწყო აბასმა ქართველებთან, მისი არც ერთი სურვლის ახდენა არ ინება განგებამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×