ძველი თბილისური სადარბაზოების შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ თბილისური სადარბაზოების ისტორიიდან.
როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ინტერიერის მოხატვის ტრადიციას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1776 წელს მხატვარ აბელ კალატოზიშვილს გივი ამილახვრის სასახლე მოუხატავს: "სასახლის სამხრეთით, ანჩისხატის მხარეს, დიდი დარბაზი ჰქონია. თამარ ბატონიშვილმა დარბაზს ახალი კარი გაუჭრა, ანჩისხატის მხარეს, მანვე ეს დარბაზი მოახატვინა მაშინდელ მხატვარს - აბელ კალატოზიშვილს. ამავე აბელმა ახლად გაჭრილი კარის თავზე თამარის და გივის პორტრეტები დაამატა" - ვკითხულობთ ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში.
თბილისში მე-17 საუკუნეში აგებული როსტომ მეფის სასახლის დარბაზი, ფრანგი მოგზაურის - ჟან შარდენის აღწერით, სპარსული კულტურის ზეგავლენით, მოზაიკით, მხატვრობით და ხალიჩებით ყოფილა მოხატული. მე-18 საუკუნის ბოლოს კი თბილისში შპალერსაც იყენებდნენ სახლებისა და სადარბაზოების გასალამაზებლად; მაგალითად, 1800 წელს სოლომონ ტერ-შმონოვის წერილში მანუჩარ თუმანიშვილისადმი ნახსენებია "შპალერი თუმცა დიად კარგები და ძვირფასი არის."
თავად სადარბაზო, როგორც არქიტექტურული ელემენტი, მე-19 საუკუნის ბოლოს, 50-60-იან წლების შემდეგ, ახალი ტიპის "ფეშენებელურ" სახლებთან ერთად ჩნდება, რომლებიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. ევროპულ სტილში საზოგადოებრივი შენობებისა და სახლების აშენება თბილისში მე-19 საუკუნეში დაიწყო და ამ პერიოდის სახლებს ისეთივე დეკორი, გაფორმება და მოხატულობა ჰქონდა, როგორიც ევროპაში. მაშინ ასეთი სახლის აშენება მოდური იყო და შეძლებული ადამიანები ცდილობდნენ, მათი საცხოვრებელი სახლი ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო.
ამ სახლების შესასვლელი კარები ძირითადად მორთული იყო ჩუქურთმებით, მისი შემინული ნაწილი კი - ლითონის ჭედური ან მაქმანისებური გამჭვირვალე ორნამენტით. სადარბაზოების ჰოლის სიღრმეში, სადაც ჭაღი იყო ჩამოშვებული, კიბის პირველ საფეხურთან მაღალ კანდელაბრს დგამდნენ, რომელსაც ნათურა ამშვენებდა. მრავალი სადარბაზო მაშინ კედლის დიდი ღუმელით თბებოდა, რომლის კერამიკის ფილები იტალიიდან ან საფრანგეთიდან ჩამოჰქონდათ. სადარბაზოს იატაკი ორნამენტებით, ვარსკვლავებით და ყვავილების ნახატით იყო მოპირკეთებული, რაც ხალიჩის ეფექტს ქმნიდა. კიბის საფეხურებზე კი ნამდვილი ხალიჩები იყო გაფენილი.
თბილისში ამგვარი ფუფუნებით მოწყობილი სადარბაზოები ძირითადად სოლოლაკში, მთაწმინდაზე და ვერის უბნებში იყო. შემდგომში ამ ფუფუნებას მიემატა განსხვავებული ინტერიერით გაფორმებული სახლები, რომელთა მდიდარ ჰოლს უკვე ამშვენებდა მარმარილოს ფართო კიბე, მარმარილოსავე იატაკი, პლაფონები, ქანდაკებები, ვიტრაჟები. როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა კილაძე თავის ნაშრომში აღნიშნავს, ამჟამად თბილისში სულ რამდენიმე ათეული დეკორატიული სადარბაზოა შემორჩენილი და სწორედ ეს სადარბაზოები გვამცნობს სახლის ისტორიას და თავგადასავალს, მოგვითხრობს მის მშენებელსა თუ მესაკუთრეზე, სახლის აშენების დროსა და ატმოსფეროზე.
ამ სახლებიდან ჩვენც გავიხსენებთ რამდენიმეს. სოლოლაკში, შალვა დადიანის 18-ში, კედლებზე ალეგორიული შინაარსის ქალის ფიგურებია გამოხატული და ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს განასახიერებენ. ასევე, ლადო ასათიანის #13-ში და #58-ში. გალაკტიონ ტაბიძის #18-ში - ძმები სეილანოვების სახლი, რომელიც 1911 წელს ლაზარ სარქისიანს აუგია. ამ სახლის სადარბაზოს ვესტიბიულის კედლებზე ქვეყნები და კონტინენტები არის წარმოდგენილი - აზია, ევროპა, აფრიკა, ამერიკა. ასევე, ათონელის 31-ში ყოფილი სასტუმრო "ლონდონი". თამბაქოს მწარმოებლის, პირველი გილდიის ვაჭრის - ნიკოლოზ ბოზარჯიანის სახლი. პირველი გილდიის ვაჭრის, მეღვინე მაქსიმ ანანოვის სახლი, რომელიც 1903 წელს აშენდა.
რაც შეეხება მიხაილოვის ქუჩაზე (აღმაშენებლის გამზირი) მდებარე ცნობილი მეცენატის, ერასტი ჭიჭინაძის სახლს, რომელიც 1903 წელს აშენდა, ამ უნიკალური სახლის სადარბაზო მოუხატავთ ფლორენციელ მხატვრებს. სადარბაზოს ამშვენებდა პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედები. სადარბაზოს ჭერი მოხატული იყო ანგელოზებით. კიბის ქვედა ნაწილი მოჩუქურთმებული იყო ყვავილებით. ერთ-ერთ კედელზე კი "ვეფხისტყაოსნის" სცენა იყო გამოსახული, მხატვარ მიხაელ ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით შესრულებული. სადარბაზოს ერთ-ერთ კარზე მეტალის ფირფიტაზე სახლის ამშენებლის სახელი და გვარი იყო ამოტვიფრული. სადარბაზოში ასევე ყოფილა სპილენძის ზარი, რომელსაც შვეიცარი რეკავდა და მასპინძელს სტუმრის მოსვლას ატყობინებდა.
ძირითადად ამ სამუშაოებს, არქიტექტორებთან ერთად, სადარბაზოების მხატვარ-დეკორატორები ასრულებდნენ. მაშინ ეს ცალკე პროფესია იყო და მთავარ მხატვრებთან ერთად სადარბაზოების მოხატვაზე დაკვეთას იღებდნენ. ამქარს თავისი დროშა ჰქონდა, რომელზეც გამოხატული იყო მაცხოვარი, ანგელოზები, ფუნჯი და მხატვრის საჭირო ატრიბუტიკა.
თბილისური სადარბაზოების მოხატვა-გალამაზებაში დიდი წვლილი მიუძღვით თბილისში მოღვაწე უცხოელ არქიტექტორებს და მხატვრებს, მათ შორის დე მაციოს, ბენო ტელინგატერს, კერგერს, პოზნანს, გერმანელ მხატვარ გინს, რომელსაც, როგორც ამბობენ, ბაშინჯაღიანის სახლი მოუხატავს. ბენო ტელინგატერს, რომელიც თბილისის სახლების და ბაქოს თეატრის დეკორატორად მუშაობდა, მოუხატავს ძმები სეილანოვების სახლი. მასვე ეკუთვნის მოხატულობა "ჩინური დარბაზის" და "გერმანული ოთახისა" შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
სამხატვრო-საფირნიშო სახელოსნოები ჰქონიათ ზიგმანს, ტარანს და გურნშტეინს. ესკიზებისა და პროექტების შექმნაში დეკორატორ-მხატვრები სპეციალურ გამოცემებს, ალბომებს, ილუსტრირებულ ჟურნალებს იყენებდნენ, რომელთა დიდი არჩევანი იყო ევროპაში და, როგორც ჩანს, ჩვენშიც მრავლად შემოდიოდა. როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, სწორედ ამ უცხოელი მხატვრების მეშვეობით დამკვიდრდა თბილისური სადარბაზოების მოხატვის ევროპული სტილი, რაც ასე გავრცელებული იყო ევროპის დიდ ქალაქებში - პარიზში, ლონდონში, ვენასა და ბერლინში.
სამწუხარო ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის შენობებისა და სადარბაზოების, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, დაცვის შესახებ კანონი ძალაში 2007 წელს შევიდა, ამ უნიკალური შენობების ფასადები და სადარბაზოები დღეს ისევ ინგრევა და ნადგურდება.