ია აბულაშვილი
28.07.2017

 როგორც ქალაქის მესვეურები აცხადებენ, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში რეკრეაციული ტერიტორიები გაიზრდება, კერძოდ, ვაკის პარკს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია შეუერთდება, დიღმის ტყე-პარკიც საზოგადოებას დაუბრუნდება, ამ ზონების მოწყობის სამუშაოები კი გააქტიურდება. რაც მთავარია, მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ამ ინფორმაციის გაგება თბილისელებისთვის, განსაკუთრებით ვაკელებისთვის, ნამდვილად სასიხარულო ამბავი იყო, რადგან იმ ქაოტური მშენებლობის ფონზე, რასაც დასასრული არ უჩანს, ეს ცნობა მათ იმედს უსახავს, რომ თბილისის ეს ულამაზესი უბანი თავის იერსახეს დაიბრუნებს.

როგორ დაიწყო ვაკის განაშენიანება, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ამბავი, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

"ტფილისის გამგეობა შესაძლებლად სცნობს, ჩაურთოს ქალაქის საზღვართა შორის ვარაზის ხევის გაღმა მდებარე ადგილები წყნეთისკენ, სადაც აშენდა სემინარია და სათავადაზნაურო სკოლა. ხოლო იმ პირობით, რომ აქაურმა მამულის პატრონებმა შეატყობინონ ქალაქს, რა ვალდებულებას იკისრებენ ქალაქის წინაშე, გაიყვანენ თუ არა ქუჩებს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას იმ ხარჯში, რომელიც ქალაქმა უნდა მიიღოს, რომ საერთო გეგმა შესდგეს "ვაკეში," გააკეთებენ თუ არა ხიდს ხევზე და სხვა" - ეს იყო პირველი ცნობა ვაკის თბილისთან მიერთების შესახებ, რომელიც გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა.

ოფიციალურად ვაკის ტერიტორია თბილისის საზღვრებს 1906 წელს შეუერთდა და ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ახლა ვაკელები უყენებდნენ გარკვეულ პირობებს ქალაქის მაშინდელ მესვეურებს. ერთ-ერთ საგაზეთო წერილში გამოქვეყნდა ვაკელების მიმართვა მაშინდელი გუბერნატორის მიმართ, სადაც ეწერა, რომ რაც ვაკე დედაქალაქის ნაწილი გახდა, 4 წლის განმავლობაში ქალაქის მმართველობას არაფერი გაუკეთებია;

თბილისთან ვაკის მიერთების ამბავი კი, ამ წერილის მიხედვით, ასე ყოფილა: "მიდამო ვაკეს მცხოვრებლებმა თხოვნით მიმართეს თფილისის გუბერნატორს. ისინი აცხადებენ, რომ 1905 წელს ქალაქის გამგეობა შეეკითხა მათ, "სურთ თუ არა, რომ ვაკე შეერთებულ იქნას თფილისზედ." მათ თანხმობა გამოუცხადებიათ იმ პირობით, თუ ქალაქი ვაკელებს ისეთსავე ყურადღებას მიაქცევდა, როგორც ქალაქის სხვა ნაწილებს და ისინი მოკლებულნი არ იქნებოდნენ იმ გაუმჯობესებას, რითაც სხვები სარგებლობდნენ.

ქალაქის გამგეობა დასთანხმდა და ვაკე 1906 წლის იანვრიდან მიწერილ იქნა ქალაქზე. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ და ქალაქს სრულებით არაფერი არ გაუკეთებია, მიუხედავად მრავალი თხოვნისა. ამიტომ ისინი სთხოვენ გუბერნატორს, აიძულოს ქალაქის გამგეობა, რომ: 1) ვაკეში გაყვანილ იქნას წყალი, კანალიზაცია, დასდგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები. 2) განთავისუფლებულნი იქნან ისინი მეეზოვეების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი აიწეოდეს. 3) უფლება მიეცეს მათ, იყოლიონ თავის წარმომადგენელი ქალაქის საბჭოში და 4) თუ ყველა ამეებზე ქალაქი უარს იტყვის, იმ შემთხვევაში გამოყოფილი იქნას ვაკე ქალაქიდან" - წერდნენ ვაკელები მოთხოვნაში.

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქალაქგარე დასახლებული ვაკობის ათვისება ეკლესიის მსახურებმა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებისთვის ერთ ოჯახზე გათვალისწინებულ პატრ-პატარა, ერთსართულიან სახლებს დგამდნენ. 1902-1905 წლებში ვაკის ბოლოში ააგეს დიდი აგურის შენობა, სადაც მაშინდელი ერევნის მოედნიდან სასულიერო სემინარია გადაიტანეს.

მეორე დიდი შენობა, რომელიც ვაკეში აშენდა, იყო ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა), რომელიც არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემწეობით აშენდა. შენობის დაპროექტება საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკო ცხვედაძემ ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს მიანდო. როგორც ამბობენ, სწორედ უნივერსიტეტის მშენებლობამ შეასრულა დიდი როლი ამ უბნის განვითარების საქმეში.

ვაკის განაშენიანება გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. ქალაქის ამ უბანს აშენებდნენ ცნობილი არქიტექტორები სევეროვი, მეგელი, ლეონტიევი, ხიმშიაშვილი, ჯანდიერი და სხვები. ვარაზის ხევზე მაშინ დიდი ხიდი ყოფილა გადებული, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანთან აკავშირებდა. მთავარ ქუჩას ვაკეში ჯერ ერქვა წყნეთის ქუჩა, რომელიც დღევანდელი ფილარმონიიდან იწყებოდა წყნეთამდე გაგრძელებული. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მას უნივერსიტეტის ქუჩა უწოდეს, სწორედ ამ სახელით არის დატანებული იმ დროს შედგენილ თბილისის გეგმებსა და რუკაზე. 1935 წელს ვაკის მთავარ ქუჩას ნიკო მარის ქუჩა დაარქვეს, თუმცა 50-იან წლებში ისევ ძველი სახელი - უნივერსიტეტის ქუჩა დაუბრუნეს. 1957 წელს კი ვაკის მთავარ ქუჩას ილია ჭავჭავაძის სახელი ეწოდა მისი დაბადებიდან 129 წლისა და გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად.

ვარაზის ხევი, ეს უზარმაზარი ხევი, მთლიანად მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იქნა ამოვსებული. სწორედ ვარაზის ხევის ამოვსების შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი ქუჩა, რომელსაც 1960 წელს დიდი ქართველი მეცნიერის - კორნელი კეკელიძის სახელი ეწოდა. ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაც, გასული საუკუნის 20-იანი წლების პირმშოა. მას თავიდან ვაკის ქუჩა ერქვა, შემდეგ - ვაკის გამზირი, 30-იან წლებში კი ქართველი კომპოზიტორის - ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.

როგორც არქიტექტორები ამბობენ, პირველ ხანებში ვაკეში მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობდა, არ იყო განაშენიანების ერთიანი გეგმა. მშენებლობის სწრაფი ზრდა კი ვაკეში მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიწყო, გეგმაც შეადგინეს, რომლითაც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობა; პარკებისა და სკვერების მოწყობა, ახალი ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების აშენება.

რაც შეეხება ვაკის პარკს, იგი 1945 წლის შემოდგომაზე გაიხსნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების საპატივცემულოდ და მას თავდაპირველად "გამარჯვების პარკი" ერქვა. პარკის ფართობი 226 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.

სწორედ ამ ტერიტორიაზე 1923 წლის 20 მაისს, ამიერკავკასიის ჩეკას თავმჯდომარე მოგილევსკის ბრძანებით, გასამართლების გარეშე დახვრიტეს 15 რჩეული ქართველი გენერალი და ოფიცერი, "დამოუკიდებელი კომიტეტის" (დამკომის) დასახმარებლად შექმნილი "სამხედრო კომიტეტის" წევრები: ალექსნადრე ანდრონიკაშვილი, კოტე აფხაზი, გიორგი ხიმშიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე და სხვები. როგორც ამბობენ, დახვრეტის წინ იასონ კერესელიძეს საქართველოს ჰიმნი "დიდება" უმღერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×