რეზონანსი
25.07.2017

 (რეზონანსი) სტრასბურგის სასამართლოს მიერ მოსამართლეობის ქართველი კანდიდატების დაწუნებაზე კომენტარებს თავად დაწუნებული კანდიდატები აკეთებენ. ერთ-ერთი კანდიდატი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტთა პანელმა მისი ცოდნა და გამოცდილება დააფასა, თუმცა, ის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მათ ჩათვალეს, რომ ეს არ იყო საკმარისად ღრმა და ყოვლისმომცველი გამოცდილება. იქ იგულისხმება წლების რაოდენობა" , - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ კიდევ ერთი დაწუნებული კანდიდატი, შოთა გეწაძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურის დაწუნების შესახებ მან მედიით შეიტყო. ის აღნიშნავს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა 35 წლის ან უფრო პატარა ასაკის კანდიდატები აურჩევიათ მოსამართლეებად და ვარაუდობს, რომ წესები გამკაცრდა.

„რაღაც უარყოფითი შინაარსის წერილები არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ გააგზავნა, ოფიციალურად გაჟღერდა, მათ თვითონ თქვეს. თუმცა, ამ წერილებმა რა გავლენა მოახდინა, ჩემთვის დადასტურებულად ცნობილი არ არის" , - განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ.

უკვე მესამედ, სტრასბურგის სასამართლომ მოსამართლეობის ქართველი კანდიდატები დაიწუნა. წარდგენილი 3 კანდიდატიდან, ორის ასაკი და პროფესიული გამოცდილება სტრასბურგმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. იუსტიციის მინისტრმა ახალი კონკურსი უკვე დანიშნა, განაცხადების მიღება აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ კონკურსის ასაკობრივი ზღვარი აიწიოს.

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება უკვე მეოთხედ უწევს. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×