რეზო თაბუკაშვილი - საქართველოსთვის თავდადებული თბილისის კოლორიტი
ია აბულაშვილი
25.07.2017

 "მამა 3 აგვისტოს გარდაიცვალა - 2 აგვისტოს, თავის დაბადების დღეს კი მოისურვა, ყველა თავისი მეგობარი შეეკრიბა. მათთან ერთად რეზომ მოისურვა გამოთხოვებოდა იმათაც, ვინც ცხოვრებიდან შერისხული ჰყავდა მის მოწყალე გულს.

"მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყველანი მოვიდნენ და საშუალება მისცეს რეზოს, ისე წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ წყენა არ გაეყოლებინა", - ასე იხსენებს მამის გარდაცვალების წინა დღეს მწერალი და რეჟისორი ლაშა თაბუკაშვილი.

საქართველოსთვის ამ თავდადებულ კაცს, რომელიც თბილისის კოლორიტს ქმნიდა და მთელი თავისი ცხოვრება უცხოეთში სხვადასხვა დროს ბედის უკუღმართობის გამო გაბნეული ქართული უნიკალური საგანძურის მოძიებასა და დაბრუნებას მიუძღვნა, წელს, 2 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდებოდა და ჩვენც გვინდა, გავიხსენოთ რეზო თაბუკაშვილის შემოქდებისა და უდიდესი წარმატებების მომსწრე მისი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების რამდენიმე მოგონება.

ნიტა ტაბიძის მოგონება: "მახსოვს ბორის პასტერნაკის ბოლო ჩამოსვლა ჩემთან. ქართველ მწერლებს აკრძალული ჰქონდათ მასთან შეხვედრა. პასტერნაკი უკვე გარიცხული იყო საკავშირო მწერალთა კავშირიდან.

გაზეთებში მისი საწინააღმდეგო წერილები პანტაპუნტით იბეჭდებოდა... რეზო და მედიკო ყოველდღე, როგორც სამსახურში, მოდიოდნენ ჩემთან. მერე ბორის პასტერნაკი და რეზო სეირნობდნენ. ეს სეირნობა რამდენიმე საათს გრძელდებოდა.

ბოლოს, როცა დადგა გამგზავრების დრო, პასტერნაკის გასაცილებლად სულ რამდენიმე კაცი წავედით სადგურში. რეზო მისდევდა დაძრულ მატარებელს, პასტერნაკი კი კიბეზე იდგა და ხელს უქნევდა. რეზო არ მოეშვა და სდია ვაგონს. ბორისმა დაუძახა - "რეზო, მეძებეთ ნინასთან, მე იქ დავრჩი".

"კარგად მახსოვს მედეასა და რეზოს ქორწილის დღე. სტუმრები 4 საათისთვის იყვნენ დაპატიჟებული, მაგრამ რეზომ აიჩემა, დილაადრიან მოვაწეროთ ხელი, ხომ იცით ქალის ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო.

"მე და გოგი დოლიძე მეჯვარეები ვიყავით, მივედით "ზაგსში", ჩატარდა რიტუალი. გარეთ გამოვედით, რა ვქნათ ახლა, წინ უამრავი დროა. მე და მედიკომ საპარიკმახეროში გადავწყვიტეთ შესვლა. ბიჭებმა გაისეირნეს.

"გამოვედით საპარიკმახეროდან, მაგრამ წინ კიდევ 4 საათი გვქონდა. ამ დროს თქეში წამოვიდა. ჩვენ შევასწარით სადარბაზოში, მხოლოდ რეზო გაილუმპა. შარვალიც შედგა და დაუმოკლდა. რეზო დადგა წვიმაში და შესძახა - რა დროს ჩემი ცოლია, ჯერ კიდევ ვიზრდებიო.

"ბოლოს, დროის გასაყვანად კინოში შევედით. რაღაც მძიმე სურათი გადიოდა - ფილმი ომზე იყო და განსაკუთრებით პატარა ბავშვების უბედურებამ იმოქმედა ჩვენზე.

"გამოვედით ცრემლებისგან დასიებული თვალებით. მივდივართ შუა რუსთაველზე და ცრემლებს ძლივს ვიკავებთ მექორწილეები. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში, საწყალი რეზო და მედეა სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ მოთქვამდნენო", - ასე იხსენებს ნიტა აბაშიძე რეზო თაბუკაშვილისა და ულამაზესი მედეა ჯაფარიძის ქორწილის დღეს.

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე: "ერთ სახლში მოგვცეს ბინა. საერთოდ, სადარბაზოს კარი ბევრს ამბობს თავის პატრონზე. აი, როგორი კარი ჰქონდათ რეზოსა და მედეას. ჯერ გასაღებს ტილოს ქვეშ ინახავდნენ. მერე გასაღები დაკარგეს.

აიღეს და კარზე პატარა სარკმელი ამოჭრეს, რომელშიც ხელს შეჰყოფდნენ და გარედან შიგნით კეტავდნენ. სახლში რომ იყვნენ, კარს ღია ტოვებდნენ, რომ ვინმეს მოსვლის შემთხვევაში მის გასაღებად არ შეწუხებულიყვნენ".

"5-6 წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ტყვიით ფეხში დაჭრილი ბიჭი მამა და დედამ სახლში ამოიყვანეს.

ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა "პარადის" თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრის ქვეშ იდგა ხოლმე... მეძინა... რეზო მოვიდა გვიან... ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახადა. მთელ რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ.

მაშინ მამამ რუსულ ენაზე მათ გასაგონად მითხრა - "აი, შეხედე და დაიმახსოვრე. ესენი არიან შენი ერის ჯალათები". მერე დამსვა ძირს და აივნიდან ქუჩაში ჩახტა მთვრალი ჯარისკაცისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად... ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა.

ჯარისკაცები ხიშტზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გავარდა და გადაეფარა. არ ვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი, ან მეორე..." - იხსენებს მწერალი ლაშა თაბუკაშვილი.

ჯაბა იოსელიანი: "რეზო მოსკოვში გავიცანი, მაშინ ის დიპლომატიურზე სწავლობდა. მე მიმალვაში ვიყავი. სასტუმრო "მოსკოვის" მხრიდან მოვდივარ. ქუჩის მეორე მხარეს გორკის მხრიდან მომავალი, ძალიან ლამაზი ბიჭი შევამჩნიე.

იმანაც დამინახა, ზედ გადასასვლელზე ქუჩის შუაგულში შევხვდით ერთმანეთს და გადავკოცნეთ, თუმცა პირველად ვხედავდი. ერთმანეთი შორიდანვე მოგვეწონა. მერე თავისთან წამიყვანა, ერთი მოცუცქნული ოთახი ჰქონდა. მთელი ღამე ვილაპარაკეთ. აქედან დაიწყო ჩვენი ძმაკაცობა.

რეზომ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ბრწყინვალე ნიჭის პატრონი იყო, ბრწყინვალე კარიერა შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ სხვა გზა აირჩია, კარიერისტი არასდროს ყოფილა. რამდენჯერმე შესთავაზეს ხან კულტურის მინისტრობა, ხან რა და ხან რა.

აყოველთვის უარით ისტუმრებდა ყველას, მაშინაც, მოსკოვში, ინსტიტუტს რომ ამთავრებდა, ინგლისში სამუშაოდ წასვლას სთავაზობდნენ. არ წავიდა, არ შეეძლო კომუნისტური ბიუროკრატიის აბსურდში მონაწილეობის მიღება.

რეზო წავიდა ჩვენგან მაშინ, როცა ყველაზე უფრო საჭირო იყო საქართველოსთვის. რომ არ მომკვდარიყო, შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად წასულიყო", - იხსენებდა ჯაბა იოსელიანი.

ნაწყვეტი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა.

"მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გამხდარა ერთადერთი მავნე შედეგი.

არის მეორე შედეგიც - გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციალი, ეს არის საშინალება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს.

ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსული, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფელში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა.

პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოსწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესული შეუთავსებლობის გამო.

ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში, რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია, როცა ცურავს.

მაგრამ საკმარისია, მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა.

სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი - ქალაქად და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცნაური ტიპი ქართველი კაცისა - "აგრესიული პროვინციალი", ის მოდის და, შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას...). ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი.

დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი - აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინ ხარ, გეუბნება, პატრიოტიო. პატრიოტობა პროფესია არ არის - პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი, ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×