(რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაცია „ეტიკი" ნესვის, საზამთროს, ვაშლატამას და სხვა იმ პროდუქტების შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, კვლევის საგანგაშო შედეგებს აქვეყნებს. კახეთში, შიდა ქართლსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, პროდუქტში ნიტრატების რაოდენობა, დასაშვებს სამჯერ აღემატება.
ორგანიზაციამ ნიმუში თბილისის ერთ-ერთ საკოლმეურნეო ბაზარში აიღო. „ეტიკის" ხელმძღვანელის, ამირან შენგელაიას თქმით, ჭარბი რაოდენობით ნიტრატი ინტოქსიკაციას, კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის დაავადებებს იწვევს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.„ რეკომენდებულია,რომ მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ სანდო პროდუქტი,რომელსაც აქვს მარკირება ვარგისიანობის ვადაზე" , - განაცხადა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა.
აღნიშნულ კვლევას ეჭვქვეშ აყენებს სურსათის ეროვნული სააგენტო.გიორგი იაკობაშვილი ამბობს,რომ მსგავსი აპარატებით პროდუქციის შემოწმებისას ცდომილება დიდია.
„2012 წელს 112 ნიმუში გამოვიკვლიეთ, საიდანაც დარღვევა არც ერთში არ დაფიქსირდა. 2016 წლამდე კი 206 ნიმუშში ასევე არ იყო დარღვევები" , - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი იაკობაშვილმა.