რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ სანელებლებში ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუშიდან დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში კილოგრამში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია"); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ. „ელგუჯა ჯახაია"); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ. „გიგა შარანგია"); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ. „მადონა თოდუა"). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. პროდუქცია ბაზრიდან ამოღებულია და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მიაწოდებს.

2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება, საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის შესახებ. ამის შემდეგ შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.

შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ერთეული მილიონზე. მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარი 0,1-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×