(რეზონანსი)ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი ნინო კაცაძე გარდაიცვალა. საავადმყოფოს ეზოში 34 წლის ქალის გარდაცვალებას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აპროტესტებდენ. მათი თქმით, ნინო კაცაძე ექიმების პროფესიულ გულგრილობასა და უყურადღებობას ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეების თქმით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა და მას შემდეგ მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დააზიანეს და პაციენტს დრენაჟიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ჰოსპიტალური განვითარების ცენტრის დირექტორმა, ეკა ქავთარაძემ პაციენტ ნინო კაცაძის ახლობლების ბრალდებები უარყო. როგორც ქავთარაძემ განაცხადა, ექიმები პასუხისმგებლობას იღებენ როგორც წარსულში, ისე ახლა ჩატარებულ მკურნალობაზე.
ექიმის განმარტებით, პაციენტ კაცაძის მდგომარეობა იყო მძიმე და იმ დიაგნოზს შეესაბამებოდა, რომელი დიაგნოზითაც არის ოფიციალურად მოყვანილი - ეს არის ინსულტი.
მათივე თქმით, 34 წლის ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დიაგნოზის გარეშე ბოლო რამდენიმე დღეა საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ქალბატონის თბილისში გადაყვანა ორჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ, პაციენტთან არც მოწვეულ ექიმს უშვებდნენ.
აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებასა ქირურგის, ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.