(რეზონანსი) ახალსოფლიდან ბერშუეთის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს ლოზუნგით - „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია!" მსვლელობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.
„არა ოკუპაციას"-ამ სახელწოდების აქცია თბილისშიც გაიმართა. „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა აქტივისტები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.აქციის მონაწილეებმა ე.წ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
აქტივისტებმა სიმბოლურად პარლამენტთან მავთულხლართებიც აღმართეს. ისინი საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საფრთხე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე ყველა მოქალაქეს ემუქრება.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს. გორის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე.წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის მკვიდრის, გია ხოდელის ბაღში დაამონტაჟეს. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.