რეზონანსი
05.07.2017

 (რეზონანსი) უკრაინაში 11 უქმე დღის 9-მდე შემცირება იგეგმება. უქმდება 1-2 მაისი, 8 მარტის ნაცვლად, 9 მარტს შევჩენკოს დღე აღინიშნება, 9 მაისის ნაცვლად კი დაგემილია 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღის დაწესება. ასევე სულთმოფენობის შემდეგი ორშაბათის ნაცვლად, სექტემბერში „ოჯახის დღე" აღინიშნება.

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა „Bird in Flight"-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა თუ რამდენს ისვენებენ ევროპასა და მსოფლიოში. „IDFI" ამ სტატისტიკას საქართველოს შემთხვევაშიც დააკვირდა.

ევროპაში საშუალოდ, წელიწადში 11 უქმე დღე აქვთ, ყველაზე მეტი 15 უქმე დღე აქვს სლოვაკეთს, ხოლო ყველაზე ცოტა - 7 დღე ჰოლნდიას. მსოფლიოში ამ კუთხით ლიდერი კოლუმბიაა- 18 უქმე დღით, ხოლო მექსიკაში მხოლოდ 7 დღეს ისვენებენ.

1 იანვარი ყველა ევროპულ ქვეყანაში უქმე დღეა. ალბანეთში, მონტენეგროში, რუმინეთსა და სლოვენიაში 2-ში, ხოლო სერბეთში 2 და 3 იანვარსაც ისვენებენ. რუსეთში საახალწლო არდადეგები იანვრის მთელ პირველ კვირას გრძელდება. ისლანდიასა და ლატვიაში 31 დეკემბერიც უქმე დღეა. რუსეთი და ბელარუსი მხოლოდ ორი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არც წითელი პარასკევი და არც აღდგომის შემდეგი ორშაბათი უქმე დღეები არაა.

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, მხოლოდ რუსეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსშია გამოცხადებული დასვენების დღედ. 7 იანვარს, შობის დღესასწაული უქმეა რუსეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინასა და ბელარუსში. საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს. ესენია: 1 და 2 იანვარი, 7 იანვარი , 19 იანვარი, 3 მარტი , 8 მარტი, 9 აპრილი. უქმეა ასევე სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, ბრწყინვალე აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე, აღდგომის მეორე დღე - ორშაბათი. საქართველოში ოფიციალურად ისვენებენ ასევე 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად. უქმეა 12 მაისი -წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო - მარიამობა, 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა და 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.

ამ რიცხვით საქართველო ევროპის ლიდერი გამოდის სლოვაკეთთან ერთად. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს, მხარი დაუჭირა ინიციატივას,რომ 12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლის დღე - „საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადდეს და უქმედ დაწესდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×