(რეზონანსი) ფრანგული სატირული გამოცემა „შარლი ებდო" კარიკატურას აქვეყნებს,რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხება. შავ-თეთრი კარიკატურა 21 ივნისის ახალ ნომერში გამოვიდა,რომელიც დასათაურებულია,როგორც „ალ-ბაღდადი რუსებმა მოკლეს". სურათზე ჩანს შიშველი ცხედრების გორა, რომელთანაც ორი ჩაფხუტიანი ჯარისკაცი დგას. ერთ-ერთი მათგანი კი ამბობს: „ის იქ არის, შუაში, ამოვიცანი".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში რუსეთის ავიაციის შეტევის დროს მოკლეს.ამავე ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია შენობაში მყოფი 300 „ბოევიკი" და 30 საველე მეთაური.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ თავდაცვის სამინისტროს ცნობა, რომ მან სხვადასხვა წყაროს გზით შეამოწმა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი რაქის სამხრეთში, 28 მაისს მოწყობილი საჰაერო იერიშის დროს მოკლულთა შორის არის.
რუსული მხარის მტკიცებით, „სუ 34" და „სუ 35" ტიპის ავიაგამანადგურებლებმა რაქაში მდებარე შენობა დაბომბეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ შეკრებილნი. თავდაცვის უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ შეერთებული შტატები სპეცოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.