"იმაზე, რომ მოსკოვისთვის სანქციები მტკივნეულია, ისიც მეტყველებს, რომ კრემლი ყველანაირად ცდილობს, გააუქმოს ისინი"
გვანცა ღვედაშვილი
21.06.2017

 ევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციები 2018 წლის 23 ივნისამდე გაუხანგრძლივა - მათი განცხადებით, ევროსაბჭო კვლავ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და სრულად განახორციელებს არაღიარების პოლიტიკას.

ამასთან, რუსეთს სანციები გაუმკაცრა აშშ-მა, რომელიც აღნიშნულის მიზეზად ადამიანის უფლებების დარღვევას, უკრაინაში აგრესიას, სირიის რეჟიმის შეიარაღებასა და ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმებს ასახელებს.

ქართველი პოლოტოლოგების შეფასებით, რუსეთის მხრიდან იმის თქმა, რომ სანქციები უშედეგოა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რუსეთი გამუდმებით ცდილობს, მოხსნას მის მიმართ განხორციელებული შეზღუდვები, რომელიც მოსკოვს საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს და პოლიტიკურ იზოლაციაში ათავსებს.

"სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად, მსოფლიო პოლიტიკაზე კი პოზიტიურად აისახება, რადგან სანქციების გაგრძელება და შემდგომ გამკაცრება ხელს შეუწყობს რუსეთის იმპერატიული პოლიტიკის შემცირებას.

"სპეციალისტთა გათვლებით, რუსმა ეკონომისტებმა, ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთის მიმართ სანქციები პირველად ამოქმედდა, გამოთვალეს, რომ გატარებული ეკონომიკური სანქციებისა და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის შედეგად შესაძლოა, ნავთობის ფასი შემცირებულიყო, რუსეთის ეკონომიკა სამი წლის განმავლობაში დაახლოები 570 მილიარდი დოლარით დაზარალდებოდა.

"მინდა გითხრათ, დღევანდელ ეტაპზე ვიცით, რომ მას აქვს სავალუტო რეზერვები, რაც საშუალებას აძლევს დასავლეთს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ როდესაც ეს რეზერვი ამოიწურება, წინააღმდეგობის ხარისხი შედარებით შესუსტდება. ამიტომ რუსეთის მიმართ სანქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

"იმაზე, რომ რუსეთისთვის სანქციები მტკივნეულია, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის ყველანაირად ცდილობს, გააუქმოს სანქციები. დღე არ გავა, რომ რუსული პროპაგანდა სანქციების არაეფეტურობაზე არ ალაპარაკდეს. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთს ეს საკითხი აწუხებს. სანქციები რომ მართლაც არაეფექტური იყოს, ამაზე რუსეთში არავინ ილაპარაკებდა.

"კი, რუსეთს გააჩნია შიდა რესურსები და ეს სანქციები ვერ გამოიწვევს საყოველთაო შიმშილსა და კატასტროფას, რადგან ევროპის გარდა, რუსეთს უამრავი კონტაქტი გააჩნია - დაწყებული ჩინეთიდან, დამთავრებული ლათინური ამერიკის ქვეყნებით. მაგრამ ამ სანქციებს ეკონომიკურის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, მით უმეტეს ახლა, როცა ევროპაში მოსალოდნელია პოლიტიკური მატრიცის შეცვლა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ მაკრონმა სენსაციურ წარმატებას მიაღწია, ერთწლიანი პარტიის გათვალისწინებით. დე გოლის შემდეგ არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია ისეთი მტკიცე მხარდაჭერა პარლამენტის შიდა პალატაში, როგორიც მაკრონს აქვს და ეს რუსეთისთვის საჩუქარი არ არის.

"წმინდა დიპლომატიური კუთხით რომ განვიხილოთ, საფრანგეთში პუტინის ვიზიტი წარმატებული არ ყოფილა, ვინაიდან მაკრონთან შეხვედრისას მათ მილიარდიანი აუდიტორიის თვალწინ საყვედურებით აავსეს ერთმანეთი.

"ასეთ ვითარებაში რასაკვირველია, რუსეთისთვის პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც მტკივნეულია ასეთი სანქციები, მით უმეტეს, როცა ამ სანქციების ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა, გერმანიის კანცლერმა ყველასთვის მოულოდნელად, ეფექტური მხარდაჭერა მიიღო საფრანგეთის მხრიდან.

დასასრული

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა სანქციები, რომელსაც მუდამ თან სდევს პოლიტიკური იზოლაცია. რუსეთი კი, სადაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, ვერაფრით ახერხებს, თავი დააღწიოს ამ სანქციების მარყუჟს", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

"რეზონანსის" კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გავლენით, შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკა, პოლიტოლოგების მოსაზრებები განსხვავებულია.

სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ სანქციების შედეგად რუსეთი პოლიტიკურ მიდგომებს არ შეცვლის, ვინაიდან, პუტინის იმიჯი და რეიტინგი, რომელსაც ასე ძალიან უფრთხილდება რუსეთის პრეზიდენტი, პატარა დათმობის გამოც კი მკვეთრად შეილახება.

"რუსეთი არაფერს შეცვლის, ეს არ არის მისი სტილი. პუტინი სტალინის პოლიტიკის პირდაპირი გამგრძელებელია, მისი პოლიტიკა კი შემდეგი იყო: რაც უფრო მეტად უჭირდა საბჭოთა კავშირს, მით უფრო მკვეთრ პოლიტიკას ატარებდა სტალინი და ყველას აჩვენებდა, რომ მას არაფრის ეშინია, მაშინ, როცა რეალურად შეშინებული უნდა ყოფილიყო.

"ასეთია პუტინის მიდგომაც, მით უმეტეს, რომ მას მაღალი რეიტინგი გააჩნია და ის არანაირ დათმობაზე არ წავა, ვინაიდან უმნიშვნელო დათმობამაც კი შესაძლოა, მისი "მაჩოს" იმიჯი შეარყიოს. პუტინი კი ამ რეპუტაციას თვალის ჩინივით უფრთხილდება.

"მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენ ხანს ეყოფა დასავლეთს პოლიტიკური ნება და რესურსი, ვინაიდან ეს სანქციები არც დასავლეთისთვის არის მომგებიანი. კი ის იტანს და ითმენს, მაგრამ როდემდე?! პუტინიც ამას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით მისი იმედები არ მართლდება", - აღნიშნავს ცინცაძე.

განსხვავებულად ფიქრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, თუ ევროპა რუსეთს იძულებულს გახდის, ის თავის პოლიტიკურ მიდგომებს შეცვლის. ამისთვის დასავლეთმა, პირველ რიგში, რუსეთის ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

"ვფიქრობ, თანდათან მას მოუწევს პოლიტიკის შეცვლა, ჯერჯერობით მას გააჩნია სავალუტო რეზერვები და გარდა ამისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

"სანქციები კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია, გაგრძელდეს დასავლეთის პოლიტიკა, რომ ნავთობზე ფასები შემცირდეს. დასავლეთმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს, რომ რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება შეამციროს, რადგან რუსეთი ევროპაში ბუნებრივი აირის შეტანის შედეგად ყოველწლიურად 400 მილიარდი ევროს შემოსავალს იღებს.

"ამიტომ, თუ რადიკალური ზომები იქნება მიღებული და პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში, ევროპაში რუსეთისადმი დამოკიდებულება შემცირდება. ამით შესაძლებელია, რომ რუსეთის იმპერატიული პოლიტიკა შესუსტდეს.

"დასავლეთმა რუსეთს მთავარი დარტყმა სწორედ ენერგეტიკის სფეროში უნდა მიაყენოს. ასევე, უნდა დაიწიოს ნავთობის ფასი და ევროპა ნაკლებად იყოს რუსეთის ბუნებვრივ აირზე დამოკიდებული. ასეთი პოლიტიკის შედეგად, მგონია, რომ რუსეთი დასავლეთისა და მათ შორის საქართველოსათვის უფრო ლოიალური პოლიტიკის გამტარებელი გახდება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×