"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა სირიის მთავრობის რუსული "სუ-22"-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სირიის საკითხზე რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს.
აშშ-ის ცნობით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავმა, "სუპერ ჰორნეტი" (ა/ფ-18ა), "სუ-22" მას მერე ჩამოაგდო, რაც მან იერიში იმ ძალებზე მიიტანა, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათივე განცხადებით, ეს ფაქტი "კოლექტიური თავდაცვის" შეთანხმების შესაბამისად მოხდა.
"სირიის "სუ-22"-ის ტიპის თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა "სირიის დემოკრატიულ ძალებად" წოდებული ოპოზიციური გაერთიანების რაზმების პოზიციებზე, რომლებიც ექსტრემისტულ "ისლამურ სახელმწიფოს" და სირიის მთავრობის არმიას ებრძვიან სირიაში და რომლებსაც აშშ უჭერს მხარს", - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.
სირიის არმიის ინფორმაციის თანახმად კი, მათი სამხედრო თვითმფრინავი კოალიციამ მაშინ ჩამოაგდო, როდესაც ის "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ამის გამო სირიაში მიაჩნიათ, რომ "კოალიციის ასეთი ქმედებები ტერორიზმს უჭერს მხარს."
"თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ და "ისლამური სახელმწიფო" ერთმანეთთან თანამშრომლობენ", - წერია სირიის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამის შემდეგ რუსეთმა აშშ-ს მოუწოდა, რომ პატივი სცეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავოს ცალმხრივი ქმედებისგან ამ ქვეყანაში.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სირიის საკითხზე რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხდება, რაც ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს.
"როგორც ამერიკის მხარის მიერ ცხადდება, თვითმფრინავის განადგურება თავდაცვის მიზნით მოხდა, რადგან ის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა ქალაქ რაქას მახლობლად.
"ცეცხლის გახსნამდე ამერიკის მხარემ რუსეთის ინფორმირება მოახდინა სპეციალური კავშირის მეშვეობით, რუსეთმა კი აშშ-ს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიის ტერიტორიაზე მსგავსი ქმედებებისგან.
"როგორც ცნობილია, კრემლი მხოლოდ საკუთარი ჯარების კანონიერებას აღიარებს სირიის მიწაზე. ფაქტს ასე შევაფასებ: სირიაში, ზოგადად, რუსეთსა და დასავლეთს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და პოზიციები მკვეთრად განსხვავდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ კონფლიქტს ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება მოსალოდნელ გართულებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქამდე აშშ არ მიმართავდა მსგავს ქმედებებს და არც სირიის, არც რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუხსნია. შესაბამისად, შესაძლოა, შემდგომში ვითარება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კონფლიქტების სცენარით განვითარდეს.
"თუ ასეთი ფაქტი აშშ-ის მხრიდან განმეორდება, მაშინ შესაძლოა, სირიის ინტერესები მხოლოდ რუსულმა ავიაციამ დაიცვას.
"ამ შემთხვევაში ამერიკა უშუალოდ რუსეთის თვითმფრინავების საწინააღმდეგოდ ცეცხლს არ გახსნის, ამიტომ ფორმალურად ალბათ ოპოზიციას შეაიარაღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და რუსული თუ სირიული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ ოპოზიციური დაჯგუფებები გახსნიან საზენიტო კომპლექსებიდან ცეცხლს.
"მე მხოლოდ სამხედრო, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის კუთხით ვსაუბრობ. ეს გარემოება კი პოლიტიკურ დარეგულირებაზეც მოახდენს ზეგავლენას", - ამბობს ამირან სალუქვაძე.