(რეზონანსი) საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით, ილია მეორის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.
დეპუტატი გია ვოლსკი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო მონარქიის ამოქმედება ამ ეტაპზე რეალურად არ ესახება:
"რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება", - აცხადებს ვოლსკი.
ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით კი ამ თემაზე პატრიარქის დამოკიდებულება „პატივისცემას იმსახურებს".
„პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს პატრიარქმა ქვეყანაში კონსტიტუციო მონარქიის აღდგენის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შემოაქვს.