როგორ აღმოჩნდა ალექსანდრე ამილახვარის აკრძალული წიგნი სანკტ-პეტერბურგისთვის აქტუალური
მამუკა ნაცვალაძე
17.06.2017

 1799 წელი ერთ-ერთი უმძიმესი და გარდამტეხია საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. მას შემდეგ, რაც 1798 წელს გარდაიცვალნენ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე და რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე, ასპარეზზე გამოდიან მათი მემკვიდრეები, რომელთაც ახალ ფაზაში უნდა გადაიყვანონ ორი ქრისტიანული სახელმწიფოს არცთუ იოლი ურთიერთობა.

სწორედ ამ რეალობაში, 1799 წელს, ჩნდება სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბიბლიოთეკაში 20 წლის წინ დაბეჭდილი წიგნის ხელახალი გამოცემა, არადა, ეს ის წიგნია, რომელიც 20 წლის წინ ერეკლე მეორის თხოვნით რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ აკრძალა.

რა პოლიტიკური გზავნილი ახლდა "გეორგიანული ისტორიის" 1799 წლის

გამოცემას

ეს ალექსანდრე ამილახვრის თხზულება "გეორგიანული ისტორიაა", სადაც ისეთი სიმწვავითა და უარყოფითი ფერებითაა წარმოდგენილი ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე, რომ უკეთესს ვერ ინატრებს საქართველოს დაპყრობისათვის შემართული სანკტ-პეტერბურგი.

ეს ყველაფერი უკვე მნიშვნელოვანი გზავნილია ახალი იმპერატორის, პავლე პირველის, მხრიდან - რუსეთი გადამწყვეტ შეტევაზე უნდა გადავიდეს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში და კომპლექსურად უნდა განახორციელოს წერტილოვანი დარტყმები ქართულ სახელმწიფოებრიობაზე. სანკტ-პეტერბურგი, ფაქტობრივად, აკონტროლებს სიტუაციას, მან უკვე მოახერხა, რუსული დაზვერვისა და ემისრების საშუალებით ჩამოეგდო შუღლი ბაგრატიონთა სამეფო კარზე, ერთმანეთს დაუპირისპირა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მიიღო ის, რასაც ესწრაფვოდა - ახლა ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მეთორმეტეს ნამეტნავად სჯერა რუსეთის თანადგომის, სჯერა, რომ რუსეთი მისი შვილის მეფობის ერთადერთი გარანტი იქნება და ამიტომაც ენდობა სანკტ-პეტერბურგს.

რატომ სჭირდებოდა სანკტ-პეტერბურგს საქართველოს ოკუპაციის შელამაზება

რუსეთის დაკვეთით 1785 წელს საეჭვო სიტუაციაში მოწამლული მეფე გიორგი სრულ იზოლაციაშია, ფაქტობრივად, ძმებიდან თითქმის აღარავის აქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ რუსი უფრო მეტს ითხოვს, მას განათლებულ აბსოლუტიზმზე აქვს პრეტენზია და მისი მონარქი ეკატერინე ვოლტერთან მიმოწერაში რომ იქარვებს ქალურ ვნებებს, თავს იწონებენ ევროპული აზროვნებითა და განათლებით. სწორედ ამ პრიზმაში ჩანს საკმაოდ ცუდ ტონად ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა, ამიტომაც ცდილობენ სანკტ-პეტერბურგის ემისრები, რომ ყველაფერი ისე მოაწყონ, საქართველოს დაპყრობას ლეგიტიმური სახე მისცენ და რეალობისგან განსხვავებულად შეფუთონ. ისე, სასხვათაშორისოდ, სალაპარაკო რომ ჰქონდეთ, თორემ ეს ის დროა, სანკტ-პეტერბურგის კარზე ჩირად არ უღირთ ნებისმიერი დოკუმენტი თუ შეთანხმება, ისევე, როგორც მანამდე იყო.

ამიტომაც იწყებენ სრულიად აშკარა კომპანიას, რათა გიორგი მეთორმეტეს თავისი ნებით ხელი მოაწერინონ ქართლ-კახეთის გაუქმების თხოვნაზე. აქ კი ჰყოფნის გიორგის სათანადო აზროვნებაცა და ანალიზიც, იცის, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება, არადა, რუსი სწორედ ამას ესწრაფვის. გიორგი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, მეტს აღარ უთმობს რუსეთს, რადგანაც ხვდება, ეს დასტური ის კოზირი იქნება, რომელსაც რუსეთი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ რომ გამოიყენებს.

ყველაფერს მიაღწია რუსეთის იმპერიამ 1799 წლისთვის, თუმცა აქ ქართლ-კახეთის სამეფო კარი შეუვალი აღმოჩნდა, საკუთარი ნებით დაეთმო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

ხვდება პავლე პირველი, რომ არაფერი გამოვა, ვერ შეძლებს სასურველი მიზნის მიღწევას და ვერ ათქმევინებს ბაგრატიონებს საკუთარი ნებით მეფობაზე უარს, ამიტომაც სხვა კომპლექსურ სტრატეგიას რთავს და სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს - სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება ალექსანდრე ამილახვრის აკრძალული წიგნის ხელახალი გამოცემა.

ამბავი ალექსანდრე ამილახვრის ბაგრატიონებთან დაპირისპირებისა

მაინც ვინ არის ალექსანდრე ამილახვარი, რომლის წიგნმაც დიდი ფასი დაიდო რუსეთში? რატომ უპირისპირდება ამილახვარი ერეკლე მეორეს? რატომ წერს ის ასეთი ღვარძლით მეფეზე, რომელიც მის სამშობლოს განაგებს?

ერეკლესა და ამილახვართა კონფლიქტს გარდა პოლიტიკურისა, აშკარა პიროვნული მიზეზები აქვს. საქმე ისაა, რომ ერეკლეს და ელისაბედი ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ამილახვრის ძმა გიორგის. ეს ქორწინება დაირღვა, მიზეზად სახელდება ამილახვრის მამაკაცური უძლურება, ქორწინების დარღვევის ინიციატორია ერეკლე, ქორწინებას კანონიკური თვალსაზრისით კათალიკოსმა ანტონ პირველმა დაუსვა წერტილი, სწორედ მან აღასრულა საეკლესიო რიტუალი და გააშორა გიორგი თავის მეუღლეს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მეთვრამეტე საუკუნეა, არ არის იოლი ამ ყველაფრის გადახარშვა ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა. ამიტომაც ამილახვრები შეურაცხყოფილნი არიან და, ბუნებრივია, მათ, როგორც დიდი საფეოდალო საგვარეულოს წარმომადგენლებს, აქვთ თავიანთი ამბიციები, რაც ხშირად მეფის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს სისტემური დაპირისპირებაა, რაც ნებისმიერი ქვეყნის ფეოდალური საზოგადოებისთვისაა ნიშანდობლივი, თუმცა ახლა ეს წინააღმდეგობა უფრო ღრმა საფუძველს იძენს პიროვნული ფაქტორების წყალობით.

ეს ყველაფერი 1765 წელს ხდება. ბუნებრივია ამილახვართა განწყობა, ისინი ელიან შესაფერის ჟამს, რომ შური იძიონ ერეკლეზე. და სწორედ ამ დროს ჩნდება ასპარეზზე პაატა ბატონიშვილი, რომელსაც აშკარადად უჭერს რუსეთი მხარს და რომლის ერთადერთი მიზანია ერეკლეს მკვლელობა. პაატა ბატონიშვილის გამოსვლა იმ პოლიტიკური დაპირისპირების შედეგია, ვახტანგ მეექვსის მხრიდან ქართლის დატოვებას რომ მოჰყვა. რუსეთს შესანიშნავი კოზირი აქვს - ვახტანგის შთამომავლობის მხარდაჭერით საკუთარ ნებაზე ათამაშოს ერეკლე და მამამისი თეიმურაზი. პაატა ბატონიშვილის რუსეთიდან ინსპირირებული ამბოხიც სწორედ ამ საერთო ანტიქართული კონცეფციის ფრაგმენტია.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამილახვრებს, რომელნიც, რა გასაკვირია, რომ ორგანულად ვერ იტანენ ბაგრატიონთა სამეფო გვარს, ასეთი შანსი ხელიდან გაეშვათ და თავიანთი განწყობა და ღვარძლი ერეკლეს წინააღმდეგ არ მიემართათ.

რატომ გამოუტანეს უპრეცედენტო განაჩენი "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრებს

ერეკლეს ოპოზიციონერები "მარკოზაშვილის დარბაზში" იკრიბებიან, შეთქმულები დათუნა ფეიქარმა გასცა. ეს ის დროა, ქართლ-კახეთის სამეფომ რომ მოიპოვა კავკასიაში კუთვნილი ლიდერის ადგილი, საერთაშორისო თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა ისახება. ამიტომაც ნებისმიერი წინააღმდეგობა ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლას ნიშნავს, დინასტიური დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთის საქმე კეთდება. რუსეთს, ბუნებრივია, სულ არ ადარდებს ვახტანგის შთამომავლების მეფობა და ამას სიტუაციის არევისათვის აკეთებს მხოლოდ.

15 წლის ერეკლემ შეძლო ის, რომ თითქმის ნულიდან ააღორძინა სამეფო, დაუმკვიდრა მას ყველა ატრიბუტი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვისაა საჭირო. ეს არ იყო იოლად გასაკეთებელი საქმე, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ერეკლე განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდის მის მიერ მკვდრეთით აღორძინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლას.

სწორედ ამ რეალობით უნდა აიხსნას, რომ ერეკლე "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრთა დასჯისას შეუვალია და ისეთ სისასტიკეს იჩენს, რომელიც არც მანამდე და არც მის შემდეგ არავის ახსოვს საქართველოში.

ამბავი ამილახვრისა და რუსეთის საიმპერატორო კარის ინტერესთა თანხვედრისა

მიუხედავად იმისა, რომ ამილახვრები სასტიკად უარობენ რაიმე კავშირს პაატა ბატონიშვილის აჯანყებასთან, განაჩენი უსასტიკესია - 15 წლის ალექსანდრე სასტიკად დაამახინჯეს, ცხვირი მოაჭრეს და მყესები გადაუჭრეს. მამამისი დიმიტრი კი ვირზე შესვეს და ასე შერცხვენილი ატარეს ქალაქში.

ალექსანდრემ მოახერხა რუსეთში გაქცევა, სადაც დიდი პატივით მიიღეს რუსეთის საიმპერატორო კარზე. სწორედ აქ გაჩნდა იდეა "გეორგიანული ისტორიის" დაწერისა, რომლითაც ერთმანეთს გადაეჯაჭვა საიმპერატორო კარისა და ამილახვრის ინტერესები.

წიგნის დაწერის იდეა ალექსანდრესთვის გრიგორი პოტიომკინს უნდა ჩაეგონებინა, სწორედ მას მიუძღვნა ამილახვარმა ეს თხზულება, როგორც თავად ამბობს, "ძველი ტრადიციის თანახმად". პოტიომკინი იმპერატორის არაოფიციალური ქმარია, ფაქტობრივად, ის განაგებს სამეფოს, ამდენად, ბუნებრივია, რომ ამილახვრის თხზულება საკმაოდ პოლიტიზებულია.

რატომ უნდა იყოს უტყუარი "გეორგიანული ისტორიის" მეორედ გამოცემის ცნობა

ამილახვრის "გეორგიანული ისტორიის" 1799 წლის გამოცემა სამეცნიერო წრეებში უცნობი ფაქტია. საქმე ისაა, რომ წიგნის ეს გამოცემა ჯერჯერობით მიუკვლეველია რუსეთისა და საქართველოს წიგნთსაცავებში, არადა, ის ნამდვილად არსებობს.

ჩვენ მეტად ორიგინალურ ცნობას წავაწყდით პროფესორ დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის ჩამონათვალში. საქმე ეხება იმას, რომ 274-ე ნომრით აქ მოცემულია 1779 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული ამილახვრის "გეორგიანული ისტორია". უნდა აღინიშნოს, რომ სათაური მოტანილია სრულად და ზუსტად იმეორებს წიგნის ვარიანტს.

275-ე ნომრით კი მინიშნებულია იგივე წიგნი - ამილახვრის "გეორგიანული ისტორია", სანკტ-პეტერბურში რომ გამოუციათ ხელმეორედ ოცი წლის შემდგომ, 1799 წელს.

1799 წლის ანუ მეორე გამოცემის თარიღი, შესაძლოა, მიგვეჩნია სტამბურ შეცდომად, რადგანაც პირველი, ჩვენს ხელთ არსებული გამოცემა, დაიბეჭდა ოცი წლით ადრე, 1779 წელს. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა ამგვარი უზუსტობა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ერთი ციფრის შეცვლას, მაგრამ ვფიქრობთ, ეს გამორიცხულია, რადგანაც ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის აღწერისას, რაც თემატურადაა დალაგებული, ორივე გამოცემა სხვადასხვა ნომრით, ამასთანავე, გვერდიგვერდაა მითითებული (#274 და #275);თანაც წიგნების დასახელება განსხვავებულადაა წარმოდგენილი. პირველი 274-ე ნომრით არსებული 1779 წლის გამოცემა სრული სათაურით (აქ მინიშნებულია არა მარტო სათაური, არამედ ის, რომ პირველგვერდზე მოცემულია ამილახვრის პორტრეტი, მისი დაბადების თარიღი), ხოლო 275-ე ნომრით არსებული 1799 წლის გამოცემა - მოკლე სათაურით, აბსოლუტურად ზედმეტი ცნობებისა და ინფორმაციის გარეშე.

რამ გაახსენა საიმპერატორო კარს ამილახვრის აკრძალული თხზულება

და აქ კიდევ ერთი კითხვა იბადება - მაინც რამ გაახსენა რუსეთის საიმპერატორო კარს ოცი წლის წინ დაწერილი თხზულება, რომლის ავტორიც თავადვე გამოკეტა ვიბორგის ციხეში?

საქმე ისაა, რომ 1799 წელს მეტად საინტერესო წერილს წერს ალექსანდრე ამილახვარი, ადრესატი არავინაა, ეს არის იმჟამინდელი პოლიტიკის საკმაოდ საინტერესო შეფასება.

ალექსანდრე ამილახვარი არ გახლდათ ის ადამიანი, ვინმეს საკუთარ დაკრულზე ეტარებინა, ამიტომაც საიმპერატორო კარის მესვეურნი დადარაჯებულები არიან მის ყოველ ნაფიქრსა და ნააზრევს.

სწორედ ამილახვრის ნააზრევმა ობმოკიდებული კიდობნიდან კიდევ ერთხელ ამოატივტივა ის თხზულება, თავის დროზე ბაგრატიონთა დისკრედიტაციას რომ ისახავდა მიზნად. 1799 წელს ყველაზე მეტად სწორედ ბაგრატიონთა დისკრედიტაცია სჭირდება რუსეთს. არადა, ერთმორწმუნე იმ დინასტიას ერჩის, მსოფლიოში ერთადერთს, საკუთარი ხალხი რომ არ აჯანყებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×