მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ყოველწლიურად იხსნებოდა ახალი ფოტოსტუდიები და იმ დროის პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფები იღებდნენ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდებოდა.
აყველა ამ ფოტოს თავისი ისტორია აქვს და დღევანდელ სტატიაში სწორედ რამდენიმე უნიკალური ფოტო, გვინდა, გავიხსენოთ.
საქართველოს ეროვნულ არქივში უამრავი საინტერესო ფოტომასალაა დაცული. მათ შორის მიხაილოვ-საღარაძის ფოტოკოლექცია, სადაც ინახება ორი თითქმის ერთნაირი და უცნაური ნამუშევარი. ერთ ფოტოზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოშია ჩასვენებული და თავთან სანთელი უნთია; მეორეზე კი მიცვალებული ჩასასვენებელში წამომჯდარა და იღიმება.
ამ უცნაური ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძეა, გადაღების სცენარი კი თავად შალვა დადიანს შეუთხზავს. დრამატურგს ასეთი "სპექტაკლის" დადგმა ერთი მევალისთვის თვალის ასახვევად განუზრახავს. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ვიღაც შეძლებული კაცისგან ფული უსესხია და თამასუქზეც მოუწერია ხელი. დათქმულ ვადაში ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, ფული არ ჰქონდა, არადა, ვალდებულების შესრულება მას უწევდა.
თავად ფოტოგრაფს ეს ამბავი ასე მოუყოლია: ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, ანუ შალვა დადიანის მოულოდნელ "გარდაცვალებას", საზოგადოების დიდი მწუხარება მოჰყოლია და მევალესაც, დარწმუნებულს, რომ ვალს ვერ დაიბრუნებდა, თამასუქი დაუხევია. მაგრამ მეორე დღესვე ცუდ დღეში ჩავარდნილა, რადგან "მკვდრეთით აღმდგარი" შალვა დადიანი ქუჩაში ცოცხალი და უვნებელი უნახავს.
მევალე ისე შეშინებულა, რომ სულ "ფუი ეშმაკის" ძახილით გაქცეულა. შალვა დადიანი გამოჰკიდებია და გულწრფელად უნდოდა ვითარება აეხსნა. გვარიანად შეშინებულ მევალეს სული რომ მოუთქვამს, შალვა დადიანი საყვედურებით აუვსია, ისედაც დაგაცდიდი ვალს, ამის გამო თავს რად იკლავდი, ან კუბოში როგორ ჩაწექიო.
მიხაილოვ-საღარაძის კოლექციაში ასევე ინახება მე-19-20 საუკუნეების ცნობილი ადამიანების ფოტოები, მათ შორის იმერეთის ესპიკოპოს გაბრიელის (ქიქოძე), აკაკი წერეთლის, კონსტანტინე ფოცხვერაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და სხვათა.
ცნობილი ფოტოგრაფის - ედუარდ კლარის ფოტოარქივში კი ინახება უნიკალური ფოტო, რომელზეც გადაღებულია ნიკო ფიროსმანი. ეს არის დიდი ხელოვანის ერთადერთი ფოტოპორტრეტი. "ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში" ყოფნისას ნიკო ფიროსმანი მხატვრებმა გოლოვინის პროსპექტზე, #8 სახლში, ედუარდ კლარის ფოტოატელიეში მიიყვანეს და სამახსოვრო სურათი გადაუღეს. ეს სურათი 1916 წლის 19 ივნისს გაზეთ "სახალხო ფურცლის" სურათების დამატებაში დაიბეჭდა.
დამოუკიდებლობის წლებში, როგორც ფოტოხელოვანები ამბობენ, ქართული ფოტოგრაფია შეიცვლა. სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა.
1918-21 წლებში პროფესიონალი ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ ედუარდ კლარი, ბორის კოზაკი, გრინევიჩი, სამუელ მიჩნიკი, ისააკ შირხმანი, იღებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს. მათი თქმით, იმ პერიოდის შემორჩენილი ფოტოების ნაწილი, მართალია, გადაღებულია ინტერიერში, მაგრამ ფოტოქრონიკის უმეტესობა ღია სივრცეს მოიცავს.
კამერის წინ პოზიორობენ დამფუძნებელი კრების წევრები (ცნობილი ფოტო საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რომელიც გადაიღეს დამფუძნებელი კრების წევრებმა მეფისნაცვლის სასახლეში, ედუარდ კლარის გადაღებულია), სამხედრო მაღალჩინოსნები, სახალხო გვარდიელები, უცხოელი დელეგაციები.
ოფიციალური ხასიათის ფოტოები მშრალია, მაგრამ გაცილებით ცოცხალი და დინამიკურია ფოტოების სესია, რომელზეც მიტინგები, შეკრებები, სპორტული დემონსტრაციები და სამხედრო აღლუმები ჩანს.
დამოუკიდებლობის წლებში ქვეყნის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენების ამსახველ ფოტოებს იღებდნენ ასევე ფოტომოყვარული ფოტოგრაფები. პროფესიით ექიმს, საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძეს, გარდა სამხედრო აღლუმებისა და საზეიმო დემონსტრაციებისა, გადაღებული აქვს თურქეთში გამგზავრებული სამთავრობო დელეგაციები.
მის იშვიათ ფოტოებზე ასახულია მატარებელი, რომლითაც თბილისიდან ბათუმამდე იმგზავრა ტრაპიზონის კონფერენციაზე მიმავალმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპულიკის დელეგაციამ 1918 წელს; ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში, იმერეთის მეფე სოლომონ მეორის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება; საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი; სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები; 1920 წელს ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმში, გიორგი მაჩაბელი გემბანზე; ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ მე-6 ვაჰდეთინი და ენვერფაშა; საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულთა დაკრძალვა; 1920 წელს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის თბილისში ჩამოსვლა და პოლიტიკური ხასიათის სხვა მნიშვნელოვანი ამბები.
საზოგადოებრივ მოვლენებს შორის, რომელთაც ვახტანგ ღამბაშიძის ფოტოები გადმოგვცემენ, აღსანიშნავია არჩილ ჯორჯაძისა და კოტე მესხის დაკრძალვა თბილისში; საფრანგეთში ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა; 1931 წელს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის აღნიშვნა (გვირილობის დღესასწაული) თბილისის ქუჩებში; სპორტული საზოგადოება "შევარდენის" მიერ გამართული ღონისძიებები; მათი გამოსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაკეში და სხვა.
როგორც ფოტოხელოვანები ამბობენ, ეს იყო ახალი სიტყვა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში, რადგან ამ კადრებს იღებდა დემონსტრაციებს შორის მდგარი, როგორც უშუალო თანამონაწილე და არა შეკვეთის შემსრულებელი, ფოტოგრაფი. საბედნიეროდ, ვახტანგ ღამბაშიძის ამ უნიკალური ფოტოების უდიდესი ნაწილი დღეს საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.