(რეზონანსი) ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. ტრაგედიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა სამართალდამცველები ჯერჯერობით მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ სამაშველო ოპერაციის პარალელურად, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში ხანძრის შედეგად 40-მდე დაშავებული რჩება, მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
120-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, ღამის პირველ საათზე გაჩნდა. თვითმხილველების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დაბალ სართულებს მოედო, შემდეგ კი მთელ კორპუსში სწრაფად გავრცელდა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ბინაში მაცივრის აფეთქებამ გამოიწვია.
სახლის ევაკუირებული მცხოვრებლები, უახლოეს საზოგადოებრივ ცენტრებში, მეჩეთებში და ეკლესიებში განათავსეს. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა „Twitter"-ზე გავრცელდა.