(რეზონანსი) მომდევნო წლიდან, სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა მოკლე ვადებში გამოცდის გადაბარების უფლება ჰქონდეთ. ამის შესახებ ინიციატივა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს ეკუთვნის. დეპუტატმა თავისი იდეის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
„ჩემი ინიციატივა ეხება სკოლის დამთავრების პერიოდს. განსაკუთრებით, 7 წარმატებული და ერთი წარუმატებელი გამოცდის შემთხვევაში, შემოკლებულ ვადაში მიეცეთ მოსწავლეებს გადაბარების შესაძლებლობა.ცვლილებები არ განიხილება მიმდინარე წელს" , - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ინიციატივას მხარს განათლების მინისტრი არ უჭერს და ის ეცდება,რომ ალექსანდრე ჯეჯელავას პოზიცია შეაცვლევინოს.
„მთავარია პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიოთ განათლების სამინისტროსთან. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდი მინდა მთლიანად დავუთმო ამ მხრივ მსოფლიოს გამოცდილების ანალიზს. ბევრ ქვეყანაში არსებობს გადაბარების სხვადასხვა მოდელები" , - განაცხადა მარიამ ჯაშმა.