მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, დანიელ ჭონქაძე ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ. ხალხს კი თავისი საყვარელი ფალავნები ჰყავდათ - დათა ხიზანიშვილი, იაკობ ეგნატაშვილი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, ვანო აბულაძე, სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე კახნიაშვილი, მიხა ქურხული და სხვები.
ამ ადამიანებს დიდი წვლილი რომ მიუძღვით ქართული ჭიდაობის ისტორიაში, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე კოლა ქავრიანი, რომელმაც ქართულ ჭიდაობას შორეულ ამერიკაში გაუთქვა სახელი.
წარმოშობით ლეჩხუმელი კოლა ქვარიანი 1900 წელს დაიბადა ქუთაისში, ცნობილი ვექილის, ნესტორ ქვარიანის ოჯახში. ჭიდაობა გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დაიწყო. იყო ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება "შევარდენის" წევრი.
პირველმა გადაცურა რიონის ყველაზე რთული უბანი, რომლსაც შემდგომში მის პატივსაცემად "ქვარიანის ჩქერები" უწოდეს. 1917 წელს კი აქტიურად დაიწყო მომზადება ცნობილ მწვრნელ სერგო ქუთათელაძესთან, რომელმაც თბილისში წამოიყვანა და ფრანგ ჯო მორას გააცნო. ის დაოსტატდა კლასიკურ ჭიდაობაში და სახელიც გაითქვა.
1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეფუთულ და უცხოეთში გასაგზავნ ქართულ განძს ქუთაისში კონა ბადრიძესთან ერთად კოლა ქვარიანიც დარაჯობდა, მაგრამ საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა და სამშობლოში დარჩა.
1922 წელს წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირში, სადაც დაამარცხა ცნობილი ფალავნები ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი და სხვები.
მონაწილეობა მიიღო ქუთაისში პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის თაოსნობით გამართულ ქართველი ფალავნის, ნესტორ ესებუასადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოში, რომელიც მოჭიდავეთა შერკინებით დასრულდა. ამ ორთაბრძოლებში კოლა ქვარიანმა დაამარცხა ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც იყვნენ: იუსუპოვი, კლიმენტი ბული, ბაშკიროვი და სხვები.
კარიერა ამერიკაში
1928 წელს კოლა ქვარიანი მოსკოვში გაემგზავრა და ცნობილმა რუსმა ფალავანმა ივან პადდუბნიმ ქართველი ფალავანი ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა. აქედან იწყება მისი სპორტული კარიერა ამერიკაში.
მალევე გაითქვა სახელი, იმავე წელს დაამარცხა ამერიკელთა კერპი ჟოზეფ ტოტსმინდი, ბეროვიკი, ცოტა მოგვიანებით კი, როგორც მოჭიდავეები ამბობენ, სუფთად დაამარცხა მსოლიოში "მახრჩობელად" ცნობილი ედ ლუისი, რომელთან გამარჯვებისთვისაც მან ჰონორარის სახით 200 ათასი დოლარი მიიღო.
იმასაც ამბობდნენ, კოლა ქვარიანს ისეთი ძალა აქვს, ერთხელ სპილოსაც დაეჭიდა და წააქციაო. 1931 წელს ამერიკელ ფალავანთან ჯონ კლიკსტორთან ორთაბრძოლა კი ისეთი უპირატესობით მოიგო, რომ წარმატებას მიჩვეულ ამერიკელ მოჭიდავეს მატჩის შემდეგ კოლასთვის მოულოდნელად თვალში თითები გაუყარა. დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა, ქართველ ფალავანს თვალი სამუდამოდ დაუზიანდა.
1932 წელს კოლა ქვარიანმა აშშ დატოვა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთში გახსნა ქართული რესტორანი, სადაც თავს იყრიდნენ არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტები, არამედ 30-იანი წლების სახელოვანი სპორტსმენები.
სპორტისთვის თავი არ დაუნებებია, საჭიდაოდ იწვევდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. იასპარეზა გერმანიაში, პოლონეთში, შვედეთში, საბერძნეთში. მისი გამოსვლები კი ყველგან ტრიუმფით მთავრდებოდა. 1939 წელს წარმატებით გამოვიდა ინგლისში გამართულ ფალავანთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე.
"ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა", - უთქვამს ტურნირის შემდეგ ინგლისში მცხოვრებ ქართველი ფალვანის მეგობარ მერაბ კვიტაშვილს.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ კოლა ქვარიანმა ევროპა დატოვა და ისევ ამერიკაში გაემგზავრა. სპორტის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში.
სპორტიდან ნაშოვნი ფულით დახმარებას უწევდა ქართულ-ამერიკულ ლიგას. ყველა ღონისძიებზე კი, სადაც არა მხოლოდ ქართველები, არამედ კავკასიელები და ამერიკელები იყრიდნენ თავს, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მიდიოდა და ჯერ კიდევ სამშობლოში ჩრდილოკავკასიელი მეგობრების ნაჩუქარ ქამარ-ხანჯალს იკეთებდა. ამერიკაში საგასტროლოდ ჩასულ თანამემაულეებს ის მუდამ გვერდში ედგა.
ერთხელაც ამერიკაში ვლადიმერ მაიაკოვსკი პოეზიის საღამოებს მართავს. პირველი შეხვედრა ნიუ-იორკში გამართულა. დარბაზი სავსე იყო ამერიკელებითა და რუსი ემიგრანტებით.
მაიკოვსკის რევოლუციური პათოსით დაუწყია ლექსების კითხვა, მაგრამ ამერიკულ პუბლიკას არ მიუღია ბოლშევიკურ რუსეთში პირველ პოეტად აღიარებული მაიკოვსკის შემოქმედება და სტვენა დაუწყია. მაიკოვსკიმ თურმე ლექსების კითხვა შეწყვიტა და გაბრაზებულს ქართულად, ოდნავ იმერული კილოთი დაუწყია დედის გინება.
მოულოდნელად ვიღაცამ დარბაზიდან დაიძახა ქართულად "სადაური ხარ? ქუთაისელი ხარ შენ, ბიჭო?! - რეპლიკის ავტორი კოლა ქვარიანი ყოფილა. როგორც ამბობენ, მაიკოვსკისთან მისულა, ხელი გადაუხვევია და აღელვებული ხალხიც დაუშოშმინებია.
1950 წელს გაიმართა ცნობილი ორთაბრძოლა ამირიკელ პროფესიონალ მოჭიდავე ჯინ სტენლისა და კოლა ქვარიანს შორის, რომელთა შერკინებაც ამერიკის ჭიდაობის ისტორიაში 10 საუკეთესო მატჩს შორის ერთ-ერთი იყო. იმავე წელს დაასრულა ქართველმა ფალავანმა სპორტული კარიერა. მაგრამ წლების მანძილზე იყო ცნობილი ამერიკელი მოჭიდავის, ანტონიო როკის მენეჯერი.
კოლა ქვარიანი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელსაც თანრიგი ჰქონდა ჭადრაკში და ნიუ-იორკში თავის საჭადრაკო კლუბიც გახსნა. ღამეებს ათენებდა ჭადრაკის თამაშში. ხშირად ეთამაშებოდა მის მეგობრას, სახელგანთქმულ ამერიკელ რეჟისორსა და პროდუსერ სტენლი კუბრიკს.
1956 წელს გადღებულ ჰენრი კუბრიკის ფილმში "მკვლელობა" ერთ-ერთი სცენა ქვარიანის საჭადრაკო კლუბშია გადაღებული. ფილმში კი მორის ობუხოვის როლი კოლა ქვარიანმა შეასრულა. ფილმმა მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ამერიკული კინოს კრიტიკოსები განსაკუთრებით მოხიბლულან არაპროფესიონალი ქართველი მსახიობის თამაშით. 1956 წლის მარტში კი ჟურნალ "რევიუს" გარეკანზე სტენლი კუბრიკისა და კოლა ქვარიანის სურათები გამოჩნდა.
კოლა ქვარიანი 1980 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს ნიუ-იორკში. როგორც მისი მეგობარი, ამერიკაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრე სულხანიშვილი იხსენებდა: "სახე უბრწყინდებოდა, როცა ქუთაისზე ვლაპარკობდით. უნდოდა, მისი ფერფლი ქუთაისის ქუჩებში მიმოებნიათ. ქუთაისისთვის ძვირფასი ბიბლიოთეკისა და მხატვრული ტილოების შესანიშნავი კოლექციის გადაცემა უნდოდა".
მისი ბავშვობის მეგობრები, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ პიპინაშვილი კი 1960 წელს ამერიკაში კოლა ქვარიანთან შეხვედრას ასე იხსენებენ. მაშინ ქართველი ფალავანი ნიუ- იორკში სასტუმრო "შოტლანდში" ცხოვრობდა მეუღლე არიადნა ნოვაკთან ერთად.
აკაკი ბელიაშვილსა და ნიკოლოზ პიპინაშვილს უთქვამთ, რომ ძალიან უნდოდათ ენახათ ამერიკაში მცხოვრები სახელგანთქმული მწერალი და ბელეტრისტი გიორგი პაპაშვილი (გიორგი პაპაშვილი ავტორია ცნობილი წიგნისა "ყველაფერი შეიძლება მოხდეს", რომელიც ჰოლივუდში ფილმად გადაიღეს).
კოლა ქვარიანის მოწვევით გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ ჩამოსულა პენსილვანიიდან. ბავშვობის მეგობრები ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ ემოციას ვერ მალავდნენ. განსაკუთრებული ემოცია კი ქართველ სტუმრებს კოლა ქვარიანისა და გიორგი პაპაშვილის მეუღლეების ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე გამოუხატავთ. "აბა რა ვქნათ, ქმრები ვერ გავაამერიკელეთ და ისევ ჩვენ გავქართველდით", - უთქვამთ არიადნასა და ელენეს.