(რეზონანსი) გონიოში მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან გამართეს. ისინი წლებია მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.
შეკრებილებმა ქალაქის მერიისგან მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყველილებები.
გავრცელებული ცნობით, ოთხ ოჯახის საქმე მერიას უკვე გასაჩივრებული აქვს, თუმცა გაურკვეველია გაასაჩივრებს თუ არა უწყება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ 50 მოქალაქის სასარგებლოდ მიიღო.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მერისგან სარჩელის უკან გამოთხოვის შესახებ დაპირება მიიღეს. გონიოელები მერიას დროს 18 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
6 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მათთვის 2007 წელს საკუთრებაში გადაცემულ და 3 წლის შემდეგ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.