ერთჯერადი გადასახადი თითქოს ძვირი არ არის, მაგრამ მთელი დღის გატარებას უკვე სოლიდური თანხა სჭირდება
თეო გუდავაძე
14.06.2017

 ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისის საცურაო აუზებზე მოთხოვნა იზრდება. სიცხისგან შეწუხებული ხალხი გასაგრილებლად და გასართობად სხვადასხვა საცურაო კომპლექსს სტუმრობს. ამ მხრივ არჩევანი მწირი ნამდვილად არ არის, მაგრამ, როდესაც ფასსა და ხარისხზე მიდგება საქმე, აქ ვითარებაში გარკვევა, ცოტა არ იყოს, ჭირს.

აუზებზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა. თბილისელთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, ვერც წელს მოახერხებს ქალაქის დიდი ხნით დატოვებას, ამიტომ მათ ადგილზე მოუწევთ შესაფერისი გარემოს გამოძებნა განტვირთვისათვის. დედაქალაქში საკმაოდ ბევრი აუზია და სხვადასხვა აქციას სთავაზობენ კლიენტებს.

ვაკის საცურაო აუზი, კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზი, ნატახტარის აუზი, თბილისის ზღვის კლუბი და "ჯინო ფერედაისი". ეს არის აუზების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ლიდერობენ და საზოგადოების უმეტესობამ იცის. დღიური ფასები იწყება 15 ლარიდან და მერყეობს 60 ლარამდე.

კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე ერთჯერადად შესვლის ღირებულება კვირის დღეების მიხედვით განსხვავდება. შუა კვირაში აუზზე შესვლის ღირებულება 30 ლარია, შაბათ-კვირას კი შედარებით მაღალი - 40 ლარი. აუზის ერთთვიანი აბონემენტი შაბათ-კვირას 240 ლარი ღირს, სხვა დღეებში - 250 ლარი, 14 ნებისმიერი დღე კი 290 ლარი დაგიჯდებათ. მომსახურებაში შედის 2 პირსახოცი, შეზლონგი და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობა.

კვირის დღეების მიხედვით აუზზე ერთჯერადად შესვლის ღირებულება განსხვავებულია გასართობ კომპლექს "ევროპარკშიც": შაბათი-კვირა - 40 ლარი, სხვა დღეებში კი - 30 ლარი. "ვიპ" კლიენტებისთვის აუზზე შესვლის ღირებულება 50 ლარია. "ევროპარკში" სააბონემენტო სისტემა არ მოქმედებს.

გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ აუზების მომსახურება ძვირია და თუ ნორმალურ ადგილზე გსურს დღის გატარება, ეს არცთუ ისე იაფი ჯდება. აუზზე სამჯერ მისასვლელი თანხით ქალაქგარეთაც შეიძლება წასვლა. მაია იმედაძე 29 წლის იურისტია და აუზებს სეზონზე ხშირად სტუმრობს:

"შარშან ვერ მოვახერხე ქალაქიდან გასვლა და სწორედ ამ პერიოდში მომიწია აუზების ტარიფებში გარკვევა. მეგობარმა კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზზე მიამბო, ფოტოებიც ვნახე და ძალიან მომეწონა. კვრის დღეებში, თუ ზუსტად მახსოვს, 20-25 ლარი ღირდა. გარემო ძალიან კარგია: მუსიკა, სატრენაჟორო დარბაზი, სუფთა აუზი... მაგრამ მთელი დღის განმავლობაში იქ რომ ხარ, ძალიან ძნელია, ამ სიცხეში არაფერი ჭამო ან არ დალიო. აი, ეს კი უკვე სოლიდური თანხა დაგიჯდება, რადგან იქ რაც იყიდება, ყველაფრის ფასი გასამმაგებულია.

ამიტომ ასეთ ადგილებში თავისებური აქციები უნდა მოქმედებდეს. მაგალითად, უფასო იყოს ჩვეულებრივი წყალი ან 1 ჭიქა მინერალური სასმელი. ასე უფრო მიიზიდავენ კლიენტებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია იმედაძემ.

აუზზე ჰიგიენური ნორმები რამდენად არის დაცული, ამაზე ლაპარაკი ცალსახად ძალიან რთულია. აქაც ორად იყოფა ხალხის აზრი. ნაწილი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ძვირი ღირდეს აუზის მომსახურება, მაინც არის ჰიგიენური ნორმების დარღვევის საშიშროება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუკი აუზი პრესტიჟულია, სანიტარიული კუთხითაც ყველაფერი დაცული იქნება.

"ვფიქრობ, ვაკის, კრწანისის, მცხეთის, ჯიქიასა და სხვა მსგავს აუზებში ჰიგიენის პრობლემება არ იქნება. რადგან ფასი მაღალია, მათი პასუხისმგებლბაც იმატებს. ვყოფილვარ დაბალფასიან აუზებზეც და იქ სიბინძურე შემიმჩნევია. როდესაც შესვლაზე 10-15 ლარს იხდი, იდეალურობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. მე პირადად მირჩევნია, ოდნავ მეტი გადავიხადო ვიყო უკეთეს გარემოში და მშვიდად.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი დღის გატარება მინიმუმ 60 ლარი მიჯდება. კვირაში სამჯერ მაინც რომ წახვიდე, ეს უკვე 200 ლარამდე ადის. ამ ფასად ქალაქგარეთაც გახვალ და უამრავ ლამაზ ადგილს მოინახულებ. ცოტა ფასს თუ დააგდებენ, მომხმარებელიც მეტი ეყოლებათ", - განუცხადა "რეზონანსს" 19 წლის სტუდენტმა თათა ჯაშმა.

როგორც აღმოჩნდა, ყველა აუზზე წყალი 24 საათის განმავლობაში იფილტრება და რამდენჯერმე იწმინდება. თითოეული საცურაო აუზის ადმინისტრაცია მოსახლეობას არწმუნებს, რომ შეუძლიათ, თავი მშვიდად იგრძნონ, რადგან მათთან ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცულია.

საცურაო აუზებზე მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით ივლისის თვეში იზრდება. როგორც აუზის მენეჯერები ამბობენ, ტარიფები, შარშანდელთან შედარებით, უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა. რამდენიმე მათგანმა ფასდაკლების ვაუჩერები უკვე განათავსა შესაბამის ონლაინ საიტებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×