"მას შეეძლო შენ თვალწინ სასწაულის მოხდენა" - როგორ იქცა გიორგი ბალანჩივაძე ჯორჯ ბალანჩინად
ია აბულაშვილი
14.06.2017

 "გსმენიათ რაიმე ბალანჩინზე? თუ არა, მოგახსენებთ. საუბარია ქართველ გიორგი ბალანჩივაძეზე. ის გახლავთ საოცრად მომხიბვლელი, შავგვრემანი ახალგაზრდა.

"ყველაზე დახვეწილი ბალეტმეისტერი, რომელიც სიცოცხლეში შემხვედრია... მას შეეძლო შენ თვალწინ სასწაულის მოხდენა", - ასე შეაფასა გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საბალეტო დასის ხელმძღვანელმა ლინკოლნ კერსტაინმა ჯორჯ ბალანჩინი, ადამიანი, რომელმაც საფუძველი დაუდო ამერიკის კლასიკურ ბალეტს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დე გოლმა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა, როკფელერმა ზღაპრული სასახლე აჩუქა, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, ცნობილი ადამიანების ქანდაკებების გვერდით დღესაც დგას მისი სკულპტურა.

ამერიკულმა პრესამ მას "ბალეტის შექსპირი უწოდა".

"ბალანჩინმა ბალეტის საოცარი, უნიკალური, ნეოკლასიკური სტილი თავად გამოძებნა, ის ექსპერტიმენტს ყველა ჟანრში ატარებდა. მას დაუდგამს რუსული კლასიკა და უახლესი ნიმუშები. მან ხელი შეახო ყველაფერს - ავანგარდის აბსტრაქციულობიდან დაწყებული, იაპონური სამეჯლისო ცეკვებით დამთავრებული.

მემკვიდრეობად ზღაპრული მდიდარი ცეკვები დაგვიტოვა, ცეკვები, რომლებიც მომავლის საბალეტო რეპერტუარის ნიშნებს შეიცავს. ბალანჩინის შემოქმედებითი მასშტაბების განსაზღვრისას უნებლიეთ ჩნდება შედარება, რომელიც მისი ერთ-ერთი ნაწარმოების სახელთანაა დაკავშირებული - "ზაფხულის ღამის სიზმართან", რომლის ქორეოგრაფიული ვერსია მანვე შექმნა - ჯორჯ ბალანჩინი ბალეტის შექსპირია" - ასე მთავრდება სტატია, რომელიც შევიდა ჟურნალ "თაიმსის" კრებულში "მე-20 საუკუნის გამოჩენილი ადამიანები".

გზა მწვერვალამდე

გიორგი ბალანჩივაძე 1904 წელს პეტერბურგში ქართველი კომპოზიტორის, პირველი ქართული ოპერის შემქმნელის, მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში დაიბადა. სულ ყმაწვილი იყო, როცა თავის დას, რომელიც ბალერინობაზე ოცნებობდა, პეტერბურგის მარინის საბალატო სკოლაში გამოცდების ჩასაბარებლად გაჰყვა, მაგრამ ბედისწერით სასწავლებელში გიორგი მოხვდა. აქედან იწყება მისი საბალეტო კარიერა.

"მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი ან საწებელა სხვა რაიმე კერძისთვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა" - ასე ესმოდა ჯორჯ ბალანჩინს ბალეტი, რომელმაც მსოფლიო ქორეოგრაფიას მემკვიდრეობად 425 საბალეტო დადგმა დაუტოვა.

14 წლის ასაკში, მისი ოჯახი თბილისში დაბრუნდა, ის კი ბალეტის სიყვარულმა პეტერბურგში დატოვა. დიდი მონდომებით სწავლობდა საბალეტო სასწავლებელში, ლუკმა პურის საშოვნელად საღამოობით კაბარეებსა და კინოთეატრებში ფორტეპიანოს უკრავდა.

1921 წელს დაამთავრა პეტერბურგის მარინის თეატრთან არსებული სასწავლებელი პედაგოგ გერდტისა და ანდრიანოვის კლასი. სრულიად ახალგაზრდამ კი რებინშტეინის მუსიკაზე პირველი ცეკვა დადგა, რასაც მალევე მოჰყვა რიმსკი-კორსაკოვის "ოქროს მამალი".

1923 წელს სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს", სადაც მოღვაწეობდნენ შემდგომში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: დავროვსკი, გუსევი, სლონიმსკი და სხვები. თუმცა ახლად ფეხადგმულმა საბჭოთა რეჟიმმა ბალანჩივაძის შემოქმედება არ მიიღო.

გაქცევა გერმანიაში

თავადაც მიხვდა, რომ საბჭოეთში აღარ დაედგომებოდა და 1924 წელს თავის დასთან ერთად საგასტროლოდ გერმანიაში გაემგზავრა, საიდანაც ოთხი წევრი: თამარა ჯივა, ალექსანდრა დანილოვა, ნიკოლს ეფიმოვი და გიორგი ბალანჩივაძე საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულან.

მოსკოვიდან კი უდეპეშეს "სასწრაფოდ დაბრუნდით, თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა". ცხადი იყო, თუ დაბრუნდებოდა, უსათუოდ დააპატიმრებდნენ, შეიძლება, დაეხვრიტათ კიდეც.

ასე აღმოჩნდა გიორგი ბალანჩივაძე ემიგრაციაში. მალევე მიიღო შეთავაზება დიაგილევის "რუსული საბალეტო დასისგან" და მისი მთავარი ბელეტმეისტერი გახდა. სწორედ დიაგილევს შეურჩევია მისთვის ფსევდონიმი 1924 წლის ერთ დეკემბრის საღამოს.

ამბობენ, დიაგილევს ძალიან უყვარდა სახელების გადაკეთება თავისი დასის წევრებისთვის, მით უმეტეს, როცა დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარის პატრონი სახელს გაითქვამდა. ასე იქცა ქართველი ხელოვანი გიორგი ბალანჩივაძე ჯორჯ ბალანჩინად.

1932 წელს ფრანგული საბალეტო დასის "ბალე რიუს დე მონტე - კარლოს" ბელეტმეისტერია. დიაგილევის დასში ჯორჯ ბალანჩინმა 9-ზე მეტი ბალეტი დადგა. დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ ბრიტანეთის საზოგადო მოღვაწე ედვარდ ჯეიმსის დახმარებით საკუთარი საბალეტო დასი "ბალე-33" შექმნა, რომელმაც სულ ერთი სეზონი იარსება, მაგრამ ჯორჯ ბალანჩინმა 6 სპექტაკლის დადგმა მოასწრო. ამ პერიოდში იგი თანამშრომლობდა ბერტოლდ ბრეხტსა და კულტ ვეიტთან.

ლონდონში გასტროლების დროს კი ჯორჯ ბალანჩინის ერთ-ერთ სპექტაკლს დაესწრო ლინკოლნ ქირსტეინი, რომელსაც ამერიკაში საბალეტო დასის შექმნა სურდა და იგი ამერიკაში მიიწვია. ასე დაიწყო ბალანჩინის ამერიკული "ოცნება".

პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა ამერიკული საბალეტო სკოლა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა "ნიუ-იორკ სიტი ბალე". რამდენიმე წელში ის ბროდვეის საუკეთესო ქორეოგრაფი და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი გახდა. მისი საუკეთესო სპექტაკლები დიდი წარმატებით იდგემბოდა ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში.

ქართულ ქორეგრაფიას კი პირველად ამერიკაში შეხვდა, როცა საგასტროლოდ ჩასულ სუხიშვილების ანსამლის კონცერტს დაესწრო. მალევე ამერიკას საგასტროლოდ ეწვია საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით.

კონცერტის შემდეგ გიორგი ბალანჩინს 300-კაციანი ბანკეტი გაუმართავს და ანსამბლის მომღერლებთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებს მღეროდა.

თავად კი სამშობლოს 40 წლის შემდეგ ესტუმრა, პირველად 1962 წელს, შემდეგ 1973 წელს. ორჯერვე გამართა სპექტაკლები თბილისში. მთელი საქართველო მოიარა და აღფრთოვანებულს უთქვამს, "სად არ ვყოფილვარ, სადა არ მიცხოვრია, მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყანა არასად მინახავს".

ჯორჯ ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვლა. დაკრძალულია ნიუ-იორკში. ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება საბალეტო დასის ქალბატონებს გაუნაწილდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×