რეზონანსი
13.06.2017

 (რეზონანსი) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რაშიდ კანჯიოღლისთვის ბრალის მოხსნის ფაქტს ეხმაურება. ოფიციალური განცხადების მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლის.

„2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის, ხურჩა-ნაბაკევის გადაკვეთის პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, სამოქალაქო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის მოხსნა ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას" , - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს,რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება უგულებელყოფს ინტენსიურ შრომას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე. უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ და სხვა საქმეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული" , - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და საქართველოს მოთხოვნით, წითელი ცირკულარით იძებნება.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ის ე.წ შინა პატიმრობაში აღარ არის. ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხს საერთაშორისო შეხვედრებზე კიდევ დააყენებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×