დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობა წყლის მაღალ გადასახადს მხოლოდ იმის გამო იხდის, რომ არ აქვს ინდივიდუალური მრიცხველი. სულადობრივი გადასახადი ასობით ათას თბილისელს მძიმე ტვირთად აწევს. გარდა იმისა, რომ მომხმარებლები მატერიალურადაც ზარალდებიან, წყლის რესურსი არამიზნობრივად იხარჯება. მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტია, საქართველოში კი უკონტროლოდ იღვრება.
ეს ხდება იმის გამო, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სახელმწიფოს წინაშე გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ აქვს. როგორც აღმოჩნდა, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების დაჩქარებას კომპანიას არც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ავალდებულებს.
როგორც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, წლის ბოლოს დამტკიცებული იქნება სატარიფო მეთოდოლოგია და, შესაბამისად, გაიწერება კონკრეტული გრაფიკი კომპანიისთვის, თუ რა ვადაში უნდა დაასრულოს გამრიცხველიანება. პროცესი დასრულდება წლის ბოლოსთვის, როცა ტარიფებისა და დანაკარგების მეთოდოლოგია ძალაში შევა.
"კონკრეტული ვადა, როდის შეიძლება დასრულდეს გამრიცხველიანების პროცესი, უცნობია. მანამდე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს კომპანიას, რომელიც ვალდებულია, 1 თვის განმავლობაში დაუმონტაჟოს მრიცხველი. აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური სადღეისოდ დამოკიდებულია წყლის მრიცხველის დიამეტრზე.
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად უფასოა. წლის ბოლოს დამტკიცდება მეთოდოლოგია და, შესაბამისად, გაიწერება კონკრეტული ვადა კომპანიისთვის, თუ რა პერიოდში შეძლებს გამრიცხველიანების დასრულებას", - აცხადებს გრიგოლ მანდარია.
წლების განმავლობაში რას ელოდებოდა სემეკი, აბსოლუტრად გაუგებარია. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უკვე მრავალი წელია, საქართველოში საქმიანობს და მარეგულირებელ კომისიას თავში აზრად არ მოსვლია, რომ კომპანიისთვის სააღრიცხვო კვანძების მოწესრიგება დაევალდებულებინა.
სპეციალისტების მხრიდან ხშირად ისმის საუბარი, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" აქვს კომერციული ინტერესი, რის გამოც გამრიცხველიანების პროცესის დასრულებას არ ჩქარობს. ცხადია, გამრიცხველიანებული მრავალსულიანი ოჯახი, როგორც უნდა ხარჯავდეს წყალს, იმხელა გადასახადზე ვერაფრით ავა, რასაც სულადობრივი გადასახადის პირობებში იხდის.
ცალკე საკითხია ისიც, რომ სულადობრივი გადახდა თანამედროვე სისტემა არ არის და ყველა ნორმალურ ქვეყანაში მომხმარებელი გადასახადს იხდის საკუთარი დანახარჯის მიხედვით. თბილისში დღემდე ვერ მოგვარდა ეს პრობლემა მაშინ, როცა რეგიონებში გამრიცხველიანების პროცესი თითქმის მასობრივად არის დასრულებული. თანაც რეგიონებში სააღრიცხვო კვანძებს სახელმწიფო ორგანიზაცია ("გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია") აწესრიგებს, ხოლო დედაქალაქში კერძო კომპანია რატომღაც ფეხს ითრევს.
შევეცადეთ გარკვევას, თუ რამდენი აბონენტია უკვე გამრიცხველიანებული და წლის ბოლომდე მათ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენი შეემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, რამდენიმე დღის წინ კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა "ჯიბისის" განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპანიის აბონენტთა 2/3-ს ჯერ კიდევ არ აქვს მრიცხველი.
მისი თქმით, წელს კომპანია კერძო დასახლებების ნაწილის გამრიცხველიანებას აპირებს, რაც დაახლოებით 30 000 ოჯახია - მთელი ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 8%.
კიკალიშვილის ცნობით, ამ დროისთვის მათი აბონენტების ერთი მესამედია გამრიცხველიანებული და პროცესი გაგრძელდება შემდეგ წლებშიც. კომპანია წელს, ჯამში, 85 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
ამ ტემპით თუ გაგრძელდება გამრიცხველიანების პროცესი, გამოდის, რომ მის დასრულებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განუმარტეს, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო ძველ კორპუსებსა და სახლებში გამრიცხველიანების პროცესი რთულად მიმდინარეობს.
"სისტემურად წყალმომარაგების აღრიცხვის კვანძი ძალიან განსხვავდება გაზის ან ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძისგან. რთულია ძველ აშენებულ სახლებში - იქ, სადაც სისტემა მოძველებულია, მრიცხველისა და აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად აუცილებელი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება. სწორედ ამიტომ ხშირად შეხვდებით როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ევროპაში ისეთ ქალაქებს, სადაც მოსახლეობა გამრიცხველიანებული არ არის და წყლის საფასურის დარიცხვა სხვა პარამეტრებით ხორციელდება.
გამომდინარე არსებული რეალობიდან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოქმედებს შემდეგნაირად: ჩვენ ვამონტაჟებთ აღრიცხვის კვანძს ყველა ახალაშენებულ კორპუსში, ასევე ყველა კერძო სახლში და კომერციულ ობიექტზე. რაც შეეხება ძველ კორპუსებს, აქ ვმოქმედებთ გამომდინარე იქიდან, რის საშუალებასაც გვაძლევს კორპუსში არსებული შიდა ინფრასტრუქტურა", - აცხადებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".
წყლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება საერთაშორისო და კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესისადმი ლოიალური დამოკიდებულებით სახელმწიფო მფარველობს წყლის ბიზნესს და არა მოქალაქეებს, რომელთაც მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" გამრიცხველიანების ვადების არარსებობა, ისევე როგორც გამწმენდი ნაგებობების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემაა. გამრიცხველიანების პროცესში მას არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან არის მფარველობითი მიდგომა წყალმომარაგების კომპანიის მიმართ.
როგორც წინა, ასევე არსებული ხელისუფლება მსხვილ ბიზნესთან მიმართებით ზედმეტად ლოიალურია და გამოდის, რომ მფარველობს წყლის ბიზნესს და არა მოქალაქეებს. არ არის გამორიცხული, კომერციული ინტერესი ამოძრავებდეთ და ამით აიხსნას ის, რომ ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი არ წესდება. ეს ნება არ ჩანს და ამიტომ მოსახლეობის ინტერესი არის დაუცველი. რა თქმა უნდა, თამამად შეიძლება საუბარი მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზეც, რადგან მოსახლეობა სულადობრივი გადასახდის პირობებში გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე მრიცხველის შემთხვევაში გადაიხდიდა. მრავალსულიანი ოჯახები საერთოდაც რთულ მდგომარეობაში არიან", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლაშა ჩხარტიშვილმა.