(რეზონანსი) ბრალდებული რეპერების, მიშა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას ადვოკატების თქმით, საქმეში როგორც გიორგი ქებურიას, ისე მიშა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენებები დევს, თუმცა ამ ჩვენებებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.
„გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, ვინაიდან ბატონმა გიოირგი ქებურიამ ისაუბრა იმ ძალადობის ფაქტებზე რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა. გიორგი ქებურიას დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ჰქონია და დოკუმენტი არის გამომძიებლების მიერ დაწერილი. ის ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ამ დოკუმენტს, რადგან არ ჰქონდა სათვალე, რომელსაც ის იყენებს " , - განაცხადა გიორგი ქებურიას უფლებადამცველმა.
ადვოკატების თქმით, პროკურატურამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლდებით უნდა დაიწყოს.
„ბირჟა მაფიას" წევრების დაკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა.
გამომძიებელი და ადვოკატები, ბრალდებულ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს იმ განცხადების საფუძველზე შეხვდნენ, რომლის მიხედვითაც მათთვის, ნარკოდანაშაულისთვის ბრალის დადება კონკრეტული კლიპის გადაღებას და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ჯგუფ „ბირჟა მაფია"-ს წევრები 9 ივნისს დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.