(რეზონანსი) ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველ სპორტსმენ ლევან მაყაშვილს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაათავისუფლებენ. ადვოკატ ნაზო გაფრინდაშვილის განცხადებით, ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს.
მოკრივე ავთანდილ ხურციძეს კი ნიუ-იორკის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მათ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვთ.
სპორტსმენების დაკავების ფაქტს კრივის ფედერაციის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხურციძისა და მაყაშვილის დაკავება გაუგებრობაა.
„ვიმედოვნებთ, რომ იქნებოდა გაურკვევლობა. თვითონ ავთანდილ ხურციძეს ახლოს ვიცნობ, ჩვენი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავით საქართველოს ნაკრებში და მას მთელი ცხოვრება დათმობილი აქვს სპორტისთვის.ნაცნობობა, მეგობრობა და ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ ყველა კრიმინალია" , - განაცხადა დავით წიკლაურმა.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს. ქართველ სპორტსმენებს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვთ წაყენებული, რომელთაგან ზოგი 20, 40- წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.