(რეზონანსი) ევროპარლამენტარები რეზოლუციის პროექტის ტექსტზე მუშაობას იწყებენ, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს შეეხება.
ევროპარლამენტში საქართველოს ელჩი, ნატალი საბანაძე იმყოფებოდა, რომელმაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან პირისპირ შეხვედრა გამართა. დევიდ მაკკალისტერმა რეზოლუციის შესახებ „კურიერთან" ისაუბრა.
„პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თემა მომდევნო პლენარული სესიის დღის წესრიგში შეეტანათ. ახლა მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს: „სოციალ-დემოკრატებს", „ლიბერალებს" და „მწვანეებს" აინტერესებთ, რეალურად რა მოხდა" , - განაცხადა დევიდ მაკკალისტერმა.
აფგან მუხთარლის საქმეს ევროპარლამენტის დეპუტატი, ანა გომეშიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საკითხი საქართველოს უშიშროების სამსახურის სანდოობაზე კითხვებს აჩენს.
„ევროპარლამენტისთვის ეს სერიოზული შეშფოთების საგანია. დავიწყეთ რეზოლუციის მომზადება და დებატების ჩატარება. ეს გააკეთეს ქართული უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა. ეს მთავრობის მოთხოვნაც კი არ ყოფილა, რაც ისედაც სრულიად უკანონო და მიუღებელი იქნებოდა, უფრო მეტიც, გააკეთეს საქართველოს, ან აზერბაიჯანის მოქალაქის პირადი ინიციატივით" , - განაცხადა ანა გომეშმა.