(რეზონანსი) საარჩევნო კოდექსში ცვლილება იგეგმება. საკრებულოს წევრად, გამგებლის და მერის თანამდებობებზე ასარჩევად, საქართველოში ცხოვრების ორწლიანი ცენზის დაკმაყოფილება საჭირო აღარ იქნება.
ინიციატივა „ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა თქმით, მოქმედი რეგულაცია ბუნდოვანი და არაეფექტიანია. ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა,არჩევნებამდე 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი.
„საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის მერობის/გამგებლობის კანდიდატებისათვის, არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის სავალდებულოობა ბუნდოვანი და არაეფექტურია" , - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი და გიორგი კახიანი.