უცხოეთში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებსა და მათ წარმატებულ კარიერაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აშშ-ისა და კანადის სამრეწველო ინდუსტრიაში.
ქართველი მფრინავი და ავიაკონსტრუქტორი მიხეილ გრიგორაშვილი ავიაციის ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი ბიპლანის ავტორი.
ქართველი ავიაკონსტრუქტორი - მიხეილ გრიგორაშვილი
მისი წარმატებული კარიერა კი ასე დაიწყო: 1906 წელს სანკტ-პეტრებურგის გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლობდა ალექსანდრე პირველის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტში, სადაც ავიაციის საფუძვლებს დაეუფლა. მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო პირველი აეროკლუბისა და რუსული სერიული ბიპლანის "როსსია-ბ" შექმნაში.
1911 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება პარიზში და წარმატებით ასრულებს პიშოფის სასაფრენო სკოლას. მოაწყო რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა და შემდეგ კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა.
მალევე მუშაობას იწყებს "მელცერის" ქარხნაში, სადაც მის გამოგონებას "გ" სისტემის საჰარეო ხრახნი, დიდი წარმატება ხვდა. ეს სისტემა გამოსცადეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ფლოტში. აღმოჩნდა, რომ იგი უცხოურ წარმოებაზე უკეთესი იყო და მაშინვე რუსულმა ავიაციამ წარმოებაში ჩაუშვა და შეირაღებაში გამოიყენა.
1917 წელს მიხეილ გრიგორაშვილი საქართველოში ბრუნდება. მუშაობას იწყებს კომუნიკაციების სამინისტროში. სურს, რომ მის სამშობლოშიც განვითარდეს საავიაციო მრეწველობა, თუმცა ფინანსებისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, იგი ემიგრაციაში მიდის.
ამერიკაში ჩასვლისთნავე ავიაკონსტრუქტორად იწყებს მუშაობას როდ-ალიენდის შტატის "გელენდეტ ერკ-რაფტის" საავიაციო ქარხანაში. 1923 წლიდან კონსტრუქტორად მუშაობს ამერიკის უმსხვილეს "კერტის-რაიტის" ქარხანაში, სადაც საბრძოლო თვითმფრინავების შექმნაში იღებს მონაწილეობას.
მაიკლ გრეგორი, ასე იცნობდნენ მას ოკეანის გაღმა, 1928 წლიდან "ბედ ერკ რაფტის" მთავარი კონსტრუქტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ხდება.
1932 წელს შეთავაზება მიიღო ცნობილი ავიაკომპანიის მფლობელის სევერსკიგან და გადადის სამუშაოდ "სევერსკი ერ კრაფტში" მთავარ კონსტრუქტორად. სწორედ იმ პერიოდში, მისი მონაწილეობით იქმნება თვითმფრინავები "სევ-1", "სევ-2" და "სევ- 3". რამდენიმე ხნის შემდეგ საკუთარი კომპანიაც დააარსა "გრეგორი აიერი", სადაც მისი პროექტით შეიქმნა მსუბუქი თვითმფრინავი "გრ-1".
1936 წლიდან საცხოვრებლად გადადის კანადაში და საავიაციო წარმოების ერთ-ერთი პიონერი ხდება. საავიაციო ფირმა "კარ ერდ ფაუნდში" მიხეილ გრიგორაშვილი თვითმფრინავების რამდენიმე საბრძოლო და სასწავლო მოდელს ქმნის. 1938 წელს მისი შექმნილი გამანადგურებელი ბიპლანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.
1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაეშვა მისი კონსტრუქციით შექმნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმრინავი "ს-123".
ქართველი ოქროს მაძიებელი - დიმიტრი მეტრეველი
კანადაში ოქროსა და ალმასის მოპოვების პიონერთა შორის ერთ-ერთი იყო ქართველი დიმიტრი მეტრეველი - მაიკლ მიტო. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რაჭის სოფლიდან, უწერიდან პირდაპირ შორეულ კანადაში ჩასული სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი ოქროს მოპოვებაში ასეთ წარმატებას მიაღწევდა და ალიასკაზე ოქროს მაღაროებს ააშენებდა.
1913 წელს იგი თანასოფლელებს გაჰყვა კანადაში, ჯერ სიეტლსა და ვანკუვერში ცხოვრობდა, შემდეგ კი კვებეკის ახლოს, პატარა ქალაქ ვალდორში დასახლდა. ბევრი ხელობა მოსინჯა, მაგრამ წარმატებას ოქროს მოპოვებაში მიაღწია.
მალევე აღმოაჩინა ოქრო, ჯერ ერთი, შემდეგ რამდენიმე მაღარო აამუშავა. იქვე თავის მუშებთან ერთად დააარსა დაბა, რომელსაც მისი სახელი "მეტრეველი" ეწოდა. საკმაოდ შეძლებულიც გახდა, რამდენჯერმე მოხვდა ამერიკელ მილიონერთა სიაში.
"იგი იყო პირველი დამაარსებელი და ბინადარი "ოქროს ხეობისა", რომელიც დღეს ითვლება ცენტრად იმ პირველი იმპულსის აღძვრისა, რომელიც მოჰყვა ოქროთი მდიდარი კვებეკის განვითარებასა და გაფართოებას", - წერდა დიმიტრი მეტრეველზე იმდროინდელი კანადური პრესა, რომელსაც არ ჩამორჩა ამერიკაში გამომავალი გაზეთებიც, სადაც ქართველი მეწარმის წარმატებაზე ოქროს მოპოვებასა და გადამუშავების საქმეში ბევრი იწერებოდა.
30-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მისი საწარმო გაკოტრდა და მთელი ქონება დაკარგა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და ამერიკელ პარტნიორ რაშენ კიდთან ერთად ალიასკაზე ალმასის საბადოები აღმოაჩინა, სალმატოს ტბის მიდამოებში კი ალმასის საბადო აამუშავა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კანადის სამრეწველო ინდუსტრიაში.
დიმიტრი მეტრეველის გარდაცვალების შემდეგ, მამის დაწყებული საქმე მისმა ვაჟმა გააგრძელა.
საქართველოში, კანადაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეწარმის შესახებ ცნობილი გახდა გასული საუკუნის 90-იან წლებში.
1990 წელს გაზეთ "თბილისში" გურამ შარაძემ გამოაქვეყნა ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი პუბლიცისტის გივი კობახიძის წერილი - "ქართველები კანადაში", სადაც მოთხრობილი იყო კანადაში ქართველ ოქროს მაძიებელთა შესახებ, მათ შორის - დიმიტრი მეტრეველის წარმატებულ კარიერაზე.