(რეზონანსი) განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის სკოლები საშუალო ევროპულ დონეზე არიან, ხოლო მთავარი საზრუნავი და გამოწვევა, სოფლის სკოლები და ეთნიკური უმცირესობების სკოლებია. ამ პრობლემაზე მსჯელობენ მიმდინარე კონფერენციაზე სახელწოდებით „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები".
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სოფლის სკოლები ქალაქისას მნისვნელოვნად ჩამორჩებიან.
„როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოიკვეთა ორი ძალიან დიდი განსხვავება - ქალაქის საჯარო სკოლები არიან საკმაოდ მაღალ დონეზე და ახლოს არიან ევროპის საშუალო სკოლებთან, თუმცა, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ეს არის პირველი ნაპრალი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ. მეორე ნაპრალი არის ის, რომ სოფლის ქართულენოვან სკოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეთნიკური უმცირესობების სკოლები", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.