(რეზონანსი) ირლანდიის მმართველმა პარტიამ, „ფაინ გაელმა" ქვეყნის ლიდერად ლეო ვარადკარი დანიშნა. ქვეყანას ისტორიაში პირველად, გეი პრემიერმინისტრი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი" ავრცელებს.
ლეო ვარადკარი წინამორბედ ენდა კენის ჩაანაცვლებს. ის ქვეყნის მთავარი პარტიის ლიდერად აირჩიეს და ცოტა ხანში მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს.38 წლის ვარადკარმა მმართველი პარტიის ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობა, 60 % მიიღო და საგარეო საქმეთა მინისტრს, საიმონ კოვენეს აჯობა.
„ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ვიცი,რომ ეს თანამდებობა საშუალებას მომცემს ცხოვრების დონე გავაუმჯობესო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო საიმონ კოვენეს, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გამიწია" , - განაცხადა ვარადკარმა.
ლეო ვარადკარმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად, 2015 წელს განაცხადა, როდესაც ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ის ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი პრემიერი იქნება, რომელსაც ინდური წარმოშობა აქვს.