ია აბულაშვილი
03.06.2017

 თბილისის ძველ უბნებში სეირნობისას ბევრ ისეთ სახლს შეხვდები, აბრა რომ აქვს გამოკრული - ამ სახლში ამა და ამ დროს ცხოვრობდა ესა და ეს გამოჩენილი ადამიანი, სახლებს, რომლებიც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებას ვერ იტევს და მთელი ეპოქის ამბავს მოგითხრობს.

ერთ-ერთი ასეთი სახლი დღესაც ამშვენებს ქიაჩელის ქუჩას, სადაც ორი საუკუნის წინ ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველმა გახსნა რენტგენის კაბინეტი.

მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მსოფლიო გერმანელი მეცნიერის - ვილგელმ კონრად რენტგენის აღმოჩენამ გააოცა.

"თუ განმმუხტავ მილსა და ეკრანს შორის მოვათავსებთ ხელს, ხელის ჩრდილის სუსტ კონტურებში ჩანს ძვლების მუქი ჩრდილები", - ასე აღწერდა თავის ცდას გერმანელი პროფესორი რენტგენი, რომელიც ალბათ იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი აღმოჩენა - ადამიანის თვალისთვის უხილავი სხივები მეცნიერებაში გადატრიალებას მოახდენდა.

ამ გამოგონებიდან ერთი წლის თავზე, 1897 წელს, თბილისში რენტგენის აპარატი ჩამოაქვთ, უნიკალური დანადგარი, რომელიც რუსეთის იმპერიაში მხოლოდ საქართველოში ჰქონდათ. ამ ამბის მთავარი გმირი იყო ცნობილი ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გედევანიშვილი.

ცნობილი ქართველი რენტგენოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი და ფიზიოთერაპევტი მიხეილ გედევანიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მალევე სწავლის გასაგრძელებლად ჯერ ვარშავაში გაემგზავრა, შემდეგ კი მოღვაწეობა პარიზში, მარკოს კლინიკაში, განაგრძო ცნობილი ექიმის - დეჟენის ხელმძღვანელობით.

იქვე შეისწავლა ელექტროთერაპია. სწორედ ამ დროს გამოიგონეს რენტგენის აპარატი.

მიხეილ გედევანიშვილს უთხოვია თბილისის მერიისთვის დახმარება, თანხა გამოეყოთ ამ აპარატის შესაძენად, მაგრამ უარი მიუღია.

"უარი მივიღე დაფინანსებაზე, მაგრამ ყველა ღონეს ვიხმარ, რომ შევიძინო და საქართველოში ჩამოვიტანო", - წერდა მეუღლეს - ანასტასია გედევანიშვილს.

1897 წელს თავისი სახსრებით შეუძენია ორი ძვირადღირებული აპარატი, ერთი ელექტროთერაპიული პროცედურებისთვის და მეორე კომბინირებული აპარატი, რომელიც ხაზოვან სხივებს იძლეოდა და პარიზიდან თბილისში ჩამოუტანია.

ეს იყო პატარა კომოდის მსგავსი ხის ყუთი, რომელიც რთული კონსტრუქციისაგან შედგებოდა. შუშის ნეგატივებზე იღებდა რენტგენის სურათებს (რენტგენის პირველი აპარტი პირვანდელი სახით ინახება გედევანიშვილის სახლ-მუზეუმში).

ორივე აპარატი საკუთარ სახლში დაამონტაჟა და საქართველოსა და მთელ კავკასიაში გახსნა პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტი, ასევე უფასო საავადმყოფო, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ პაციენტებს.

გაზეთი "ივერია" წერდა: "აქ მისულ ადამიანს არა მხოლოდ პირველადი დახმარება, არამედ სხვადასხვა ოპერაცია უტარდება". გაზეთის თავფურცელის ქვეშ კი საგანგებო განცხადება იყო განთავსებული - ესა და ეს ექიმი, ამა და ამ მისამართზე იღებდა ავადმყოფებს.

ამ სახლში დღესაც ინახება დიდი ხის კარადა წამლებისთვის. საავადმყოფოს მაშინდელი აბრები წარწერებით: "შესახვევი", "საოპერაციო".

მიხეილ გედევანიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა მიხეილის საავადმყოფოში. შემდეგ დაინიშნა კოჯრის ქუჩაზე ახლად გახსნილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორად. ეს იყო პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელიც ევროპულ დონეზე მოაწყო და ევროპული მეთოდებით მკურნალობდა.

მიხეილ გედევანიშვილი ასევე იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, მისი დაარსებულია ქართველ ექიმთა კოლექტივის პირველი სამკურნალო დაწესებულება. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, მისი ავტორობით გამოიცა ნაშრომები ფსიქოლოგიის, კერძოდ ბავშვთა ფსიქოლოგიის საკითხებზე.

1906 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად აირჩიეს თბილისის გუბერნიიდან რუსეთის დუმაში. ილიას გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს, საკუთარი სახსრებით პირველმა გამოსცა ილიას თხზულებები. ეს იყო პირველი ფერადი, ილუსტრირებული აკადემიური გამოცემა, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, მხოლოდ ხელმოწერით გავრცელდა იმ დროს და არ გაყიდულა.

მიხეილ გედევანიშვილის სახლ-მუზეუმში დღესაც ინახება ილიას ფაქსიმილე.

გედევანიშვილების ორსართულიან სახლში ასევე გახსნილი იყო პირველი ქართული საბავშვო ბაღი. ცნობილ ექიმს ეს ადგილი იმიტომ შეურჩევია, რომ მტკვარსაც გადაჰყურებს და კოჯრის ჰაერიც მოდისო.

ბაღის გახსნის ინიციატორი იყო მისი მეუღლე ანასტასია გედევანიშვილი. საბავშვო ბაღი უფასო იყო, სადაც მოღვაწეობდნენ აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი. გოგებაშვილი ხელმოკლე ოჯახის აღსაზრდელებს საკუთარი სახსრებით სტიპენდიასაც უნიშნავდა.

სამწუხაროდ, 1928 წელს ბოლშევიკებმა გედევანიშვილებს სახლი ჩამოართვეს და კერძო საავადმყოფოც დახურეს, ოჯახს კი მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×