(რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მგლებზე სანადიროდ მონადირეები მოძებნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, მონადირე მამუკა ბერიკაშვილს და მის გუნდს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის მოკვლის ნებართვა მიეცა.
„ხელშეკრულება უკვე მზად გვაქვს,რომლის მიხედვითაც, მონადირეს მხოლოდ 10 მგლის მოკვლის უფლება აქვს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება" , - განაცხადეს გორი რაიონის გამგეობაში.
ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ბარში მგლების გამოჩენა არა მგლების ბიოლოგიურ გამრავლებას, არამედ ტყეში იმ ცხოველების გადაშენებას უკავშირდება, რომლებიც მგლების გამოსაკვებადაა საჭირო.
„უმჯობესია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყეებში ცხოველების მასიურ ხოცვა-ჟლეტას მიაქციოს ყურადღება. როცა ტყეში არაა საკვები, მგელი ბარში ჩამოდის" , - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მწყემსებმა მგლის მოკვლის უფლების მინიჭება მოითხოვეს. მათი თქმით, მგლები ე.წ. საპატარასა და მლაშეთხევის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობენ.
ადგილობრვ მედიასთან საუბრისას ხვიჩა სადაღაშვილმა განაცხადა,რომ ფური ნახევრად შეჭმული დახვდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე მგელი ფერმაში შევიდა და საქონელი გაანადგურა.