(რეზონანსი) შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმებიდან გასვლას, მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან. პოლიტიკოსების განცხადებებს სააგენტო „reuters"-ი ავრცელებს.სახელმწიფოების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის გადაწყვეტილება სახიფათო და სამწუხაროა.
„პარიზის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ქვაკუთხედად რჩება, კლიმატის ცვლილებასთან ეფექტიანი და დროული ბრძოლისთვის და 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების გამოწვევების დღის წესრიგის რეალიზაციის მიმართულებით" , - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „twitter"-ის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა დონალ ტრამპის წინასაარჩევნო სლოგანის მსგავსად, სიმბოლურად დაწერა სლოგანი „ჩვენი პლანეტა ისევ დიდებული გავხადოთ".
„მე პატივს ვცემ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა.კლიმატთან მიმართებით გეგმა „B" არ არსებობს, რადგან არ არსებობს პლანეტა „B". ჩვენ ვხოვრობთ იქ,სადაც ყველანი ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი პლანეტა ისევ დიდებული გავხადოთ" , - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
აშშ-ში მთავრობის ნაბიჯს უკვე გამოეხმაურნენ. „The Walt Disney Company"-ის ხელმძღვანელმა, რობერტ იგერმა პროტესტის ნიშნად პრეზიდენტთან არსებული საბჭო დატოვა. გადაწყვეტილებას „მომავალზე უარის თქმა" უწოდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. გადაწყვეტილებას თეთრ სახლთან ასობით ადამიანი აპროტესტებს.
„პარიზის შეთანხმებაში დარჩნენ ის ქვეყნები,რომლებიც სტაბილურად ქმნიან სამუშაო ადგილებს და ავითარებენ მრეწველობას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეუერთდა იმ ერების უმცირესობას, რომლებიც არ ფიქრობენ მომავალზე, მაინც მჯერა,რომ ჩვენი სახელმწიფო, ქალაქები და ამერიკული ბიზნესი გაძლიერდება" , - განაცხადა ბარაკ ობამამ.
„reuters"-ის ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდოც. იტალიის გარემოს დაცვის მინისტრმა, ჯან ლუკა გალეტიმ აშშ-ის ნაბიჯს სახიფათო, ავსტრიის ეკოლოგიის მინისტრმა კი წინდაუხედავი უწოდა. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი შეუერთდება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, რადგან მისი გასვლა შეთანხმებიდან გარემოს დაცვის საქმეს დააზიანებს.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ვაშინგტონი გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთგული რჩება. მისი თქმით, პარიზის შეთანხმება ამერიკას ე.წ. დრაკონულ ვალდებულებებს აკისრებს და 2025 წლისთვის 2 მილიონ 700 ათას სამუშაო ადგილის გაუქმებით ემუქრება მაშინ, როდესაც სხვა ხელმომწერი ქვეყნები ამერიკის ხარჯზე პრივილეგიებს იღებენ.
პარიზის კლიმატის შეთანხმება პირველი გლობალური კლიმატური შეთანხმებაა, რომელსაც 2015 წელს პარიზში 194-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დოკუმენტი გლობალური დათბობის შეკავების სამოქმედო გეგმაა.