ძალის დემონსტრირება თუ საომარი მოქმედებების სამზადისი - რუსეთმა საომარი მზადყოფნის შემოწმების მიზნით სამხრეთ სამხედრო ოლქში ბოლო 5 თვეში 40-მდე სასწავლო განგაში გამოაცხადა. რას შეიძლება ნიშნავდეს ჩრდილოელი მეზობლის აქტივობა, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ პოლიტოლოგებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სამხედრო კონფლიქტის გაღვივების ალბათობას ვერ ხედავენ.
ბოლო ასეთი განგაში საქართველოს საზღვრებთან და ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლის - გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ დვორნიკოვის ბრძანებით, ოლქის სამხედრო დანაყოფების ნაწილი, მათი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
გამთენიისას, დილის 4 საათზე, განგაში გამოცხადდა ჩეჩნეთში, დაღესტანში, კრასნოდარის ოლქში და ასევე ცხინვალის რეგიონში მობილიზებულ ნაწილებში. სულ შემოწმებაში მონაწილეობდა 6,5 ათასი სამხედრო და სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 1,5 ათასი ერთეული.
რას შეიძლება ნიშნავდეს ჩრდილოელი მეზობლის აქტივობა, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია აქვთ პოლიტოლოგებს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სამხედრო კონფლიქტის ალბათობას ვერ ხედავენ.
კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, მეზობელი ქვეყნის გააქტიურება ამ მიმართულებით მხოლოდ ძალის დემონსტრირებას უკავშირდება. რაც უფრო აქტიურია ნატოს ინიციატივები სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, მით უფრო მეტს ცდილობს რუსეთი, რომ გამოაჩინოს თავისი სამხედრო პოტენციალი.
"ეს ძალის დემონსტრირების გარდა არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ ისეთი გეოპოლიტიკური სურათი არ იხატება, რომელიც რუსეთის სავარაუდო აგრესიის მიზანს გვაჩვენებს. ვერ ვხედავ ისეთ აუცილებლობას, რომ რუსეთმა სადმე საომარი მოქმედებები წამოიწყოს, რა თქმა უნდა, სირიის გარდა.
"ამ შემოწმებაში ფართოდ არის ჩართული სამხრეთის სამხედრო ოლქის მთელი საჯარისო ფორმირებები, რომლებიც განლაგებულნი არიან ჩრდილო კავკასიის ყველა რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, პლუს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
"რაც უფრო აქტიურია ნატოს ინიციატივები სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში, მით უფრო მეტს ცდილობს რუსეთი, რომ გამოაჩინოს თავისი სამხედრო პოტენციალი", - უთხრა "რეზონანსს" არეშიძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი რეგიონი კავკასიაში, სადაც, გარკვეული ალბათობით, სამხედრო კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხე არსებობს, ეს არის ყარაბაღი.
"სირიაში უკვე მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები, რომელშიც რუსეთი ძალიან აქტიურად მონაწილეობს, ისე როგორც თურქეთი და აშშ. აქ ყველა მსხვილი მოთამაშის მოქმედების არეალი შეზღუდულია. თუ რომელიმე დაარღვევს ამ მდგომარეობას, მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება წარმოიქმნება, ეს კი არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს.
"ერთადერთი, რა საშიშროებაც ახლა არსებობს, არის ყარაბაღის კონფლიქტის განახლება. ამის ალბათობა მეტ-ნაკლებად არსებობს.
"საქართველოსა და აზერბაიჯანის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე განსხვავებულია. საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა დეკლარაციას არ გასცილებია, მიუხედავად იმისა, რომ აქ საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა და დაახლოების სერიოზული მესიჯები გაისმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და არც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვლება. რუსეთი ამას უკვე მიეჩვია და ამაში განსაკუთრებულ ხიფათს არ ხედავს.
"რაც შეეხება აზერბაიჯანს, ოფიციალური ბაქო შეუერთდა ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კოალიციას, რომელიც საუდის არაბეთის გარშემო იქმნება და რომელსაც სხვანაირად არაბული ნატო ჰქვია. აქედან გამომდინარე, ეს რუსეთისთვის სერიოზული მესიჯია. ეს არის ანტიირანული კოალიცია და ნიშნავს ახლო აღმოსავლეთ რეგიონში ძალთა გადანაწილებას.
"იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში წამოიწყებს ახალ სამხედრო აგრესიას, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ისე აღარ მოიქცეს, როგორც გასული წლის ზაფხულს მოიქცა. ამის ალბათობა მაღალი არ არის, მაგრამ მაინც არსებობს", - ამბობს არეშიძე.
რუსეთში სამხედრო ძალის დემონსტრირებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია.
"თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ბოლოდროინდელ რეფორმებს, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელდა, ეს აქტივობა გასაკვირიც არ უნდა იყოს. რუსეთის თავდაცვის პოლიტიკა გახდა უფრო აგრესიული. თანაც რუსეთი მეზობლებთან კონფლიქტშია ჩართული და ეს ძალის დემონსტრირება გასაკვირი არც უნდა იყოს. ამის ერთ-ერთი მიზანია ასევე იმ თანხების ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ამ რეფორმაში დაიხარჯა.
"პრაქტიკაში ამ ძალას სად გამოიყენებს რუსეთი, ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ფაქტია, ამის გამოყენების ძირითადი სამიზნე არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ქვეყნებს ისევ მისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. მათ შორის ჩვენს რეგიონს და ყარაბაღს.
"რუსეთმა გამოთქვა სურვილი, რომ ყარაბაღში ჰყავდეს თავისი სამხედრო წარმომადგენლობა. ბუნებრივია, სომხეთი და აზერბაიჯანი ამაზე თანახმანი არ არიან, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებით გადადგას ნაბიჯები.
"ყარაბაღის გარდა, ასევე შეიძლება სამხედრო ძალა უკრაინაში გამოიყენოს. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეიძლება გამიზნული იყოს შიდა მოხმარებისთვის. მომავალ წელს არჩევნებია რუსეთში, ამიტომ ხელისუფლებას გარკვეულწილად სჭირდება, რომ საზოგადოებას აჩვენოს, როგორი ძლიერია რუსეთი და როგორ იბრუნებს განსაკუთრებულობას მსოფლიო პოლიტიკაში", - უთხრა "რეზონანსს" კაკაჩიამ.