(რეზონანსი) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. ევროპის მოედანზე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ეს არის ადამიანის თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ჟურნალისტის დაკავება და აზერბაიჯანის საზღვარზე გადაყვანა უკანონოდ მოხდა და საქართველოს მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიეცა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თავზე პოლიეთილენის პარკები შემოიხვიეს, რაც გატაცების ფაქტს განასახიერებდა.
ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.