(რეზონანსი) მთავრობის ადმინისტრაციის წინ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები ამბობენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საზღვარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კუთვნილი პასპორტის გარეშე.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თავზე პოლიეთილენის პარკები შემოიხვიეს, რაც გატაცების ფაქტს განასახიერებდა, რადგან სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე, თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს.
ჟურნალისტი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. აფგან მუხთარლი ერთ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა. აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.
როგორც ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი, დაშგინ აღალარლი ამბობს, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს.