(რეზონანსი) 2011 წლის 26 მაისის ინციდენტის შესახებ, ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთმა მძღოლმა, შაქრო ზურაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა როგორ მოიტანეს ცხედარი და გადმოაგდეს მანქანიდან. მოვა დრო,როდესაც ის მოწმე ღიად ილაპარაკებს. ის არის ნეიტრალური მხარე. პროკურატურას არ დაუკითხავს,მაგრამ რომც დაკითხონ, ამ საქმეს არ გამოიძიებენ. აღმოჩნდება, რომ ჩვენ ყველანი გავმართლდით" , - განაცხადა შაქრო ზურაშვილმა.
ნინო ბურჯანაძის ესკორტის მძღოლის განცხადებით, მასზე სამართალდამცველები ზეწოლას ახდენდნენ, რომ ხელი ნინო ბურჯანაძის შვილისთვის დაედო.
"ჩემი წამება მიმდინარეობდა იმიტომ,რომ მეთქვა თითქოს ნინო ბურჯანაძემ მიბრძანა გადამევლო ყევლასთვის. ბოლოს გამოძიება ჩემგან მოითხოვდა დამედო ხელი ანზორ ბიწაძეზე, ბურჯანაძის უფროს შვილზე, თითქოს ის იჯდა საჭესთან. ამ დროს ის ჩემს მანქანაში საერთოდ არ მჯდარა" , - განაცხადა შაქრო ზურაშვილმა.