(რეზონანსი) გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში.
კვირიკაშვილის თქმით,კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც გამკაცრდება.
„ჩვენ გვაქვს პრეტენზია გავხდეთ მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა და ვართ კიდეც. ყოვლად მიუღებელია გარემოს დაბინძურების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს.განსაკუთრებით ავტომაგისტრალების მიმდებარე მიდამოებში არის ძალიან მძიმე სურათი. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს" , - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მძღოლები და მგზავრები, რომლებიც ავტომობილებიდან ნაგავს ქუჩაში დაყრიან, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.