(რეზონანსი) თურქეთის პრემიერმინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილ 4 დოკუმენტს ხელი მოეწერა.
ეს დოკუმენტებია: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება"; დეკლარაცია „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის დაფუძნების შესახებ" ; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა" „მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ".
„ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი" , -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.
სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.