(გვანცა ღვედაშვილი) თბილისის მერიას მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის კომპანიების შესარჩევი კონკურსი ჯერ ისევ არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იგი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
მერიის დაკვეთით კომპანია “ფრაისვოთერჰაუსკუპერსმა” დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი უკვე შეირჩა: რკინიგზის სადგურის, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.
კომპანიის განცხადებით, სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები, ამასთან ავტოსადგომები ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება, რადგან შერჩეული ათი ადგილიდან 9-ზე მიწისქვეშა პარკინგი აშენდება.
როგორც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, ავტოსადგომები დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა აშენდეს.
ბოლო მონაცემებით ყოველდღიურად თბილისში 550 000-მდე ავტომობილი მოძრაობს.