”ნუ დადგები ძალადობის მხარეს” ამ ლოზუნგით ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.
აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფოად სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი ჰქონდათ. ტერიტორიაზე შესვლის უფლებას კი მხოლოდ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს აძლევდნენ.
აქციაში მონაწილეობას ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იღებდნენ. რომელთა განცხადებით, ლგბტ ადამიანების მიმართ ზიზღსა და აგრესიას ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიტიკოსები აღვივებენ, რასაც ხელისყფლების უმოქმედობაც ემატება.
”ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგაზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის რიცხვი საქართველოში სულ უფრო მატულობს. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს ხელისუფლების უმოქმედობაც, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიტიკოსები აღვივებენ ზიზღს და აგრესიას ლგბტ ადამიანების მიმართ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტები და მეგობრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გავაპროტესტებთ სისტემურ ჩაგვრას და დისკრიმინაციას”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აღნიშნულ პერფორმანსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება. შეიკრიბონ და თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, თუმცა საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისგან.
„გულდასაწყვეტია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე უწევს ერთი მოქალაქის მეორე მოქალაქისგან დაცვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისაგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი მოქალაქე ერთნაირი უფლებებით სარგებლობს ამ ქვეყანაში,“- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისს “ოჯახის სიწმინის” დღეც აღინიშნება, აქციამ ექესესების გარეშე ჩაიარა. მართალია, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა და საპატრულო პოლიციის მიერ გაკეთებულ კორდონთან მივიდნენ, რათა ლგბტ თემის მხარდამჭერებისთვის აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზირებულნი, რომლებმაც აქციის ჩაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნული ქმედების გამო აქციის დასრულების შემდგომ, პოლიციელების მიერ ადგილის დატოვებისას ისინი, სტვენითა და შეძახილებით გააცილეს.