პოლიციამ წარსულში ნასამართლევი თორნიკე კაჭარავა გუშინ თბილისში დააკავა. იგი პრეზიდენტის შვილისა და სიძის უახლოესი მეგობარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაჭარავას 2010 წლის მარტში სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობისთვის 24 წელი ჰქონდა მისჯილი. მან მაშინ საქართველოს დატოვება მოახერხა და იძებნებოდა.
ბრალდების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ზურა ტარყაშვილთან. საქმის მასალების მიხედვით, გოგბერაშვილმა ტარყაშვილს თავზე იარაღი დაადო. ტარყაშვილის მეგობარმა მას იარაღიანი ხელი ძირს, ასფალტის მიმართულებით დააწევინა. გოგბერაშვილმა ორჯერ გაისროლა. ტყვია ასფალტს მოხვდა.
გასროლის შემდეგ ადგილზე მივიდა გოგბერაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა. მან ხელსა და ფეხში დაჭრა ზურა ტარყაშვილი. გულში ტარყაშვილის ერთი მეგობარი, ხოლო ფეხში მისი მეორე მეგობარი. საქმის მასალების მიხედვით, კაჭარავას გასროლილი ტყვია შემთხვევით თავში მოხვდა მისივე მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს, რომელიც გარდაიცვალა.
შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა და ამნისტიის შედეგად, თორნიკე კაჭარავას 24 წლის ნაცვლად, 16 წლით პატიმრობა შეეფარდა. 2015 წელს კი კაჭარავა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.